" მრავალს მოუსმენია ვანო სარაჯიშვილი, მაგრამ ბევრს არ ჰქონია ბედნიერება მოესმინა იმ წუთებში, როცა თითონ მას ემღერებოდა, იმ წუთებში, როცა მას არ შეეძლო არ ემღერა, როცა ის თავის ღმერთთან ურთიერთობაში იყო. მე ერთხელ მქონდა შემთხვევა ასეთ წუთში მომესმინა მისთვის. ეს მოხდა სიღნაღში. გაზაფხული იყო, აივანზე ვისხედით ძველი ციხე–გალავნის ახლო. ნათელი, მთვარიანი ღამე იყო. ქვევით ალაზნის ველი გადაშლილიყო. დღით მე დავინახე, თუ როგორ ჰყვავოდნენ იქ, ქვევით, ალუბლის და ვაშლის ხეები და ახლაც, ამ ნათელ ღამეში, მეჩვენებოდა, თითქო ვხედავდი მათ და ვყნოსავდი დამათრობელ სურნელს. მთვარით განათებული კავკასიონის თოვლიანი ქედი თეთრად ბრწყინავდა. სიჩუმეში ვიდექით და გავცქეროდით ყველანი ამ მომხიბლავ ჩვენებას. და აი, თითქოს მოულოდნელად კი არა, არამედ თითქო ჩვენი გულიდან ამოსულიყო, მოისმა ჯერ ჩუმი ჰანგი, ისეთივე ჩუმი, როგორადაც ლოცვა იწყება.
ეს ვანო სარაჯიშვილი მღეროდა მშობლიურ ურმულს ჩუმად დაიწყო, შემდეგ მისი ხმა თანდათან გაძლიერდა, გადაეფინა გაყუჩებულ ალაზნის ველს და შორეულ მთებს გადაწვდა. მისი ხმა, მისი არსება შეერთებული იყო ამ წუთში იმ მომხიბლავ ჩვენებასთან, რომელიც შორ მანძილზე გადაშლილიყო. მომღერალი თითქო უბრუნდება გარემოს იმ ჰანგს და ხმას, რომელიც მისგანვე მიეღო. ეს ხმები დაბადებული ამ ველზე, მის მწვანეში, ალაზნის ტალღებში, გლეხის კერის ღუღუნში, – იქნებ ესმოდათ ყველა ამათ ისევე, როგორც ჩვენ, ადამიანებს.
ის მღეროდა დიდხანს და ყველაფერი მას უსმენდა მის ხმაში მისი მშობელი ხალხის ხმა ისმოდა.
ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა ეს ღამე.
სრული ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა ვანო სარაჯიშვილი.
ის თითქოს მითიურ ორფეოსად იქცა ჩვენთვის და მისი სიმღერის ძალა უკვდავ ლეგენდასავით დარჩა ხალხში. "
ვაჩნაძე ნატო, “მოგონებები და შეხვედრები”, თბილისი, “ხელოვნება, 1950
