სიღნაღი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ზონაში, მდინარე ალაზნის და იორს შორის. მეცნიერთა აზრით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი. მუნიციპალიტეტის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ.
ქიზიყი საქართველოს ერთერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა, სადაც გადიოდა აბრეშუმის გზა. რომლიც მოიცავს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს. გეოგრაფი და სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი ქიზიყის საზღვრებს შემდეგნაირად შემოსაზღვრავს: შირაქის ველი ალაზნამდე; სამხრეთით უფადარი და წინამინდორი ხორანთა -იორამდე; ჩრდილოეთით მთა ჰერეთისა ანუ ცივისა. მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით, ლაკბეს წყალი. ყარაიის ველის ქვემოთიდან მოკიდებული, მდინარეების ივრისა და ალაზნის ქვემო წელის აუზი (ახლანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორია). თავდაპირველად იგი ჰერეთის მხრეში შედიოდა. ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი მას ,,კამბისენეს” უწოდებდა. იბერიიდან ალბანეთში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბისენეზე გადისო – წერდა იგი. ბერძენ ისტორიკოსს დიონ კასიოსს მდინარე იორიც ,, კამბისად“ აქვს დასახელებული.სტრაბონის ცნობით გეოგრაფიული კამბეჩოვანი ესაზღვრება ალბანებს, სომხებს და იბერებს. წყაროებიდან ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ხნით ადრე დამკვიდრებული იყო იბერიული მოსახლეობა.
ქიზიყში სამი მიკროქვეყანა გამოიყოფა: წინა მხარი, უკანა მხარი და შირაქის ველი. ეს დაყოფა გაპირობებულია მათი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით. წინა მხარი მდ.ალაზნის მარჯვენა ნაპირსა და გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე განლაგებული, რომელიც მეურნეობის თვალსაზრისით საგრძნობლად გამოირჩევა მთელ ქიზიყში და ამიტომაც ძველთაგანვე ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული და ათვისებული. წინა მხარის ანუ ალაზნის ველი, მთათაშუა აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის კავკასიონსა, გომბორის ქედსა და ივრის ზეგანს შორისაა მოქცეული. ზღვის დონიდან 200–470 მ. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. ვაკე დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული ცხელი. ხშირია სეტყვა. ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის ტყით, სადაც უმთავრესად მუხა, იფანი, ნეკერჩხალი, ალვის ხე. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა. მას მთელ სიგრძეზე კვეთს მდინარე ალაზანი.
ხოლო უკანა მხარი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდზე და ივრის ზეგანზეა განლაგებული; ხასიათდება ნაყოფიერი, მაგრამ ურწყავი მიწებით. ზღვის დონიდან 900-1100 მ. შირაქის ველი მდ.იორსა და მდ.ალაზანს შორის, მათს ქვემო დინებაში მოქცეული ფართო ვაკეა, რომელიც მთელი კახეთის მთავარ საზამთრო საძოვრებად გამოიყენებოდა ფეოდალურ ხანაში და ამდენად დიდ როლს თამაშობდა მის მეურნეობაში.
ამ პატარა ეთნოგრაფიული კუთხის ასეთი ფიზიკურ -გეოგრაფიული კონტრასტი ძალზე საინტერესოდ აისახება აგროკულტურულ საქმიანობაში: მაგალითად რთველი უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში აგვისტოში იწყება და სრულდება უკიდურეს დასავლეთ ნაწილში ოქტომბრის შუა რიცხვებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მანძილი 20-25 კილომეტრია.