საქართველოში ქრისტიანობის ნათლის დამკვიდრება წმ. ნინოს სახელს უკავშირდება. როგორც სარგის კაკაბაძე წერს, ქართველების უმეტესობამ არ იცოდა წმინდა ნინოს ნამდვილი სახელი - თეოგნისტე, რომელიც მოხსენიებულია ერთ უძველეს ეთიოპურ წყაროში და ბერძნული საზოგადო სახელი ნონნა (ნიშნავს მონაზონს), საკუთარ სახელად მიიჩნიეს.
წმინდა ნინო დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანთა ოჯახში. ის იერუსალიმის პატრიარქის ნათესავი იყო. მისი დედა სოსანა და მამა ზაბულონი, რომელიც სამხედრო პირი იყო, მონაზვნობის გზას დაადგნენ და იერუსალიმში გადასახლდნენ. 12 წლის ნინო აღსაზრდელად მიაბარეს მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიაფორს, რომელიც ხშირად უამბობდა ნინოს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ამბავს. მისგანვე გაიგო ნინომ, თუ როგორ მოხვდა წარმართულ საქართველოში ქრისტეს კვართი.
წმინდა ნინო დღედაღამ ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდა. ერთ დღეს ლოცვისას გამოეცხადა ყოვლისშემძლე ქალწული და უთხრა, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში, წასულიყო საქადაგებლად. ნინომ ჰკითხა, უსწავლელი ქალწული როგორ შეძლებდა ამას. დედოფალმა ნინოს ვაზის ჯვარი მიაწოდა და უთხრა, რომ ამით დაძლევდა ყველა მზაკვრობას. ხილვა რომ დასრულდა, ნინოს ხელში სასწაულებრივი ვაზის ჯვარი ეჭირა.
„წმინდა ნინოს ცხოვრების“ მცხეთური რედაქციის მიხედვით, ჯვარი წმინდანს ღვთისმშობელმა იერუსალიმში გადასცა.
არსებობს სხვა რედაქციაც, რომელიც ვაზის რქის რტოთაგან შეკრულ ჯვარს თვითონ წმ. ნინოს მიაწერს. წმინდანს იგი თავისი თმებით მცხეთაში მოსვლის შემდეგ, მაყვლოვანში დამკვიდრებისას, შეუკრავს. ჯვრის ვაზისაგან შექმნა მოასწავებდა ვაზის გასიმბოლოებას ქრისტიანული შინაარსით. ვაზი იყო სიცოცხლის ხე. ქართული ჩუქურთმა ვაზის მოძრაობას ასახავდა, ამიერიდან კი ვაზი ხდებოდა სიმბოლო ღვთისა და ღვთისმშობლისა.
,,სხვების ჯვარი: ან ქვისაა, ან რკინის, ან უბრალო ხის. ყოველთვის მშრალი და წუთხე. აქ კი: ჯვარი-ვაზის. ვაზი ხომ სახეა მიწის-ნიადაგის-სიცოცხლის. სხვაგან ჯვარი წამების და დასჯის ნიშანია. ჩვენში ჯვარი ლხინია თვითონ...“ (გრ. რობაქიძე)
მცხეთაში ჩამოსვლის შემდეგ ნინომ ვაზის ჯვარი მაყვლოვანში აღმართა. მაყვლოვანში ნინოს ყოფნა სიმბოლურად ეხმიანება საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას (ღვთისმშობლის წინასახე მოსე წინასწარმეტყველმა იხილა მაყვალში, რომელიც ენთო და არ იწვოდა).
ნინოს ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო. 541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში იყო. ამ ჯვრით მეფე მირიანმა სიკვდილის წინ მეფედ თავისი შვილი ბაქარი აკურთხა.
ჯვარი ქვეყნიდან ბევრჯერ ყოფილა გატანილი და გადატეხილა მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც ჯვრის ფრთები დაშვებულია.
ეს ჯვარი V საუკუნეში საქართველოს აღმოსავლეთ პროვინციის- რანის მმართველის მეუღლესთან, წმინდა შუშანიკთან, აღმოჩნდა. მან სიკვდილის წინ ჯვარი თავის მოძღვარს ანდრიას საქართველოში წამოსაღებად გადასცა, მაგრამ ის იძულებული გახდა ჯვრიანად სომხეთში დაბრუნებულიყო.
დავით აღმაშენებელმა ანისის გათავისუფლების შემდეგ ნინოს ჯვარი მცხეთას დაუბრუნა.
XII-XIII საუკუნეებში მტრების შემოსევის დროს ჯვარი მთებში გაიტანეს, ყაზბეგის წმინდა სამების ეკლესიაში, შემდეგ კი ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. 1749 წელს თბილისის მიტროპოლიტმა, რომანოზმა, ჯვარი რუსეთში წაიღო და თავის დას (ვახტანგ VI-ის ძის -ბაქარის მეუღლეს) მიართვა. მოსკოვში. 1801 წელს ვახტანგ VI-ის შთამომავალს, გიორგის, ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთვის მიურთმევია. მას კი რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ საქართველოსთვის დაუბრუნებია.
დღეს ნინოს ჯვარი სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ის სპეციალურად მისთვის დამზადებულ ვერცხლის ჭედურ ჩასასვენებელშია მოთავსებული, რომელიც მეფე ვახტანგ III-მ დაამზადებინა. ჯვარი კანკელის გასწვრივ, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯზე არსებულ ნიშაშია დაბრძანებული.
წმინდა ნინოს ჯვრის ჩასასვენებელი მართკუთხაა, შუაში ჯვრისსახა ჩაღრმავებით. ჩასასვენებლის ზედაპირზე წმინდა ნინოს ცხოვრების ციკლია გამოსახული. ექვსი სცენაა, სამ-სამი ჯვრის ორივე მხარეს. ისინი მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ იკითხება. პირველი წმინდა ნინოსადმი ღვთისმშობლის გამოცხადებაა, მეორე წმინდა ნინოს სასწაულებრივი ხსნა. შემდგომი სურათი ფარავნის ტბასთან მიძინებული წმინდა ნინოსადმი ,,ნათლისა კაცის“ გამოცხადებას და მისთვის წიგნის გადაცემას მოგვითხრობს. მეოთხე ამბავია არმაზის დღესასწაულზე წმინდა ნინოს მიერ კერპების დამხობის ამბავი. მეხუთე არის წმინდა ნანა დედოფლის და მეექვსე - უფლისწულ რევის განკურნება.
ჯვარს თავისი საბრძანებლიდან წელიწადში ორჯერ, ყოველ ნინოობას, გამოაბრძანებენ -27 იანვარს და 1 ივნისს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ს. კაკაბაძე ,,წმინდა ნინო და მისი მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში“
- რ. სირაძე ,,წმინდა ნინოს ცხოვრების სახის მეტყველება“
- გრიგოლ რობაქიძე ,,გველის პერანგი“ „ჯვარი ვაზისა“
- თამარ ხოსროშვილი ,,წმიდა ნინოს ჯვრის ჩასასვენებელი“
ცნობის ფურცელი, სურათებიანი დამატება, 1902 N23-3
ბლოგის ავტორი: ლიზი შელია
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი, N1 საჯარო სკოლა
ბლოგის კონკურისის „საინტერესო ფაქტები წმინდა ნინოს ცხოვრებიდან“ გამარჯვებული.