
მდებარეობა - კახეთი, სიღნაღის რაიონი.
დაარსების თარიღი - V საუკუნე.
მანძილი თბილისიდან - 113 კმ
მანძილი სიღნაღიდან - 3. კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 750 მ.
ღია:
• მონასტერი: 10:00 სთ. - 18:00 სთ.
• წმ ნინოს წყარო: 10:00 სთ. - 17:00 სთ.
ბოდბის მონასტერი ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს განსასვენებლის ადგილზეა აგებული. სწორედ ამის გამო მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბოდბის საეპისკოპოსო, რომელიც ში უნდა იყოს დაარსებული, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამეფოს ისტორიაში.

ისტორია
თავდაპირველი მცირე ეკლესია წმ. ნინოს საფლავზე აიგო წმ. მეფე მირიანის დროს, მოგვიანებით გააფართოვა და გაამშვენა წმ. მეფე ვახტანგ I-მა გორგასალმა. სამნავიანი ბაზილიკის სახე ბოდბის ტაძარმა მიიღო IX ს. ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი წარმოადგენდა მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც, გარდა საღვთისმეტყველო დარგებისა, ისწავლებოდა საერო საგნებიც. ცნობილი იყო თავისი უმდიდრესი წიგნსაცავით. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი სასულიერო პირები და მწიგნობრები: ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ზაქარია ანდრონიკაშვილი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვ.
ბოდბელ ეპისკოპოზს კახეთის სამეფოში პირველი სადროშოს - ქიზიყის წინამძღოლობა ჰქონდა მინდობილი. მას „სასპასპეტო დროშაცა აქუს... და არს ბრძოლასა მეწინავე“... ომისა და მშვიდობისა საკითხი მათი მონაწილეობით და თანხმობით წყდებოდა. ბოდბელი ეპისკოპოსები ომის დროს თავისი სამწყსოს „ქისიყით კონდოლამდე და მანავამდე“ ჯარს მეთაურობდნენ და საომარი მოქმედებებისას ჯვრის მტვირთველის თანხლებით სრული სამღვდელმთავრო შემომოსლით შედიოდნენ ბრძოლაში. სამშობლოსა და დედა ეკლესიის დაცვისას ბოდბელ მღვდელმთავართა თავდადება საყოველთაოდ იყო ცნობილი. ბოლო დროს კი, XVIII საუკუნის მიწურულს, 1792 წელს ლეკებთან ბრძოლაში, ბრძოლის ველზე მოკლეს ბოდბელი მიტროპოლიტი კირილე.
XVIII ს. I მეოთხედში მონასტერი იავარჰყო შაჰ აბას I-ის ლაშქარმა, მაგრამ მალე ის აღდგენილ იქნა მეფე თეიმურაზ I-ის მიერ, რომელიც ბოდბეში ეკურთხა. ბოდბეში კახეთის მეფეების კურთხევა ტრადიციად იქცა, აქვე 3 კილომეტრის დაშორებით, დღევანდელი ციხითვიანის ტერიტორიაზე იყო მათი საზაფხულო რეზიდენცია, რასაც ტოპონიმიც ადასტურებს. XVIII ს. II ნახ-იდან ბოდბეში მოქმედებდა მამათა მრავალრიცხოვანი მონასტერი. 1837 წ. ბოდბის ეპარქია გაუქმდა, მონასტრის წმ. გიორგის მთავარმა ტაძარმა საეპისკოპოსო კათედრალის ფუნქცია დაკარგა და სამონასტრო ცხოვრებაც თითქმის მოიშალა. ამ დროიდან ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერს განაგებდნენ რუსი ეგზარქოსების მიერ დანიშნული არქიმანდრიტები, რომელთა შორის გამორჩეულები იყვნენ არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) და მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (მიქელაძე). არქიმანდრიტმა მაკარიმ 1862 წ. აქ დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა (დასრულდა 1885 წ. მღვდელმონაზონ ნიკოლოზის წინამძღვრობისას), მანვე შექმნა ბოდბეში გალობის სკოლა, რისთვისაც საგანგებოდ მოიწვია მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი. მონასტერს დიდი ამაგი დასდო მიხეილ (გობრონ) საბინინმა, რომელმაც წმ. ნინოს განსასვენებლის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა.
1889 წ. ბოდბეში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით შეიქმნა დედათა მონასტერი და მასთან დაარსდა ქალთა სასწავლებელი. 1902-1906 წწ. მონასტრის წინამძღვარი იყო იღუმენია იუბენალია (სქემაში ფამარი, თამარ მარჯანიშვილი). საეგზარქოსოს რუსიფიკატორული პოლიტიკის ურთულეს პერიოდში იუბენალიას ძალისხმევით ქალთა სასწავლებელში პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე სავალდებულო გახდა ქართული ენის სწავლება. მისი წინამძღვრობისას წირვა-ლოცვაც და გალობაც ქართულად მიმდინარეობდა. 1906 წ. ბოდბე I კლასის მონასტერი გახდა (რუსეთის იმპერიაში მონასტრებს კლასებს ანიჭებდნენ). 1924 წ. კომუნისტური რეჟიმის გადაწყვეტილებით მონასტერი გაუქმდა. მისი ბოლო წინამძღვარი იყო იღუმენია ნინო (ვაჩნაძე).
სამონასტრო ცხოვრება ბოდბეში კვლავ აღდგა 1991 წ. ბოლო წლებში ხდება უძველესი სავანის აღორძინება – სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა ტაძარს, განახლდა მონაზვნების სენაკები და მოიხატა მონასტრის სატრაპეზო. წმ. ნინოს წყაროზე მოეწყო განსაბანი და აიგო წმინდანის მშობლების, წმ. ზაბულონისა და სოსანას მცირე ტაძარი. 2010 წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II–ის, ლოცვა-კურთხევით მონასტრის ტერიტორიაზე დაიწყო წმ. ნინოს ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა. 2012 წ.
ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის მთავარი ტაძარი წმ. გიორგის სახელზეა აგებული (წმ. ნინოს ტრაპეზი მის განსასვენებელთან, სამხრეთ ეკვდერში მდებარეობს). საუკუნეების განმავლობაში ის ბოდბე. წმ. ნინოს მონასტრის სატრაპეზო რამდენჯერმე აღადგინეს – გადააკეთეს, რის გამოც მან დიდი ცვლილებები განიცადა. ბოლო სარესტავრაციო სამუშაოების დროს რამდენადმე აღდგა ტაძრის პირვანდელი (IX ს.) სახე.
კომპლექსში შემავალი ობიქტები:
- წმ. გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა,
- წმ. ნინოს სახელობის ტაძარი, მონაზონთა სენაკები.
- სამრეკლო
- გალავანი
- წმ. ნინოს წყარო და სამლოცველო
მონასტრის ცხოვრება
მონასტერთან მოქმედებს სატრაპეზო „პილიგრიმი“, რომელშიც კერძები მონაზვნების რეცეპტებითაა დამზადებული. სატრაპეზოდან შემოსული თანხები ხმარდება მონასტრის აღორძინება-გამშვენებას. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონასტრის დები უძველეს ქართული ხელნაწერთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს. უკვე გამოიცა წმ. გიორგი მთაწმინდლის „თუენის“ ნაწილი (საქართველოში პირველად). განზრახულია „თუენის“ 12 წიგნად გამოცემა.
მონასტერში ირიცხებოდა 30 მონაზონი და მორჩილი. მონასტრის წინამძღვარია იღუმენია თეოდორა (მახვილაძე).
პროდუქტების მაღაზია
აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ხილი, ბოსტნეული, ნატურალური რძის ნაწარმი, ჩურჩხელები, კომპოტები, პური, ფქვილი, ზეთი, ტყემალი, აჯიკა, ჯემი და უამრავი სხვა პროდუქტი. იმ პროდუქტების უმრავლესობა, რაც მაღაზიაში იყიდება, არის ეკოლოგიურად სუფთა, მოყვანილი და დამზადებულია მონასტერში მონაზვნების მიერ.
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 საათამდე.
საეკლესიო მაღაზია
მონასტრის ვიზიტორებს სთავაზობს მონასტერში დამზადებულ სხვადასხვა პროდუქციას: ხატებს, სანთლებს, სკვნილებს, საკმეველს, მონასტრის გამოცემულ წიგნებს, სხვადასხვა სუვენირს. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ხელნაკეთი ტიხრული მინანქრის უნიკალური საკმაულები.
სამრეკლო
1862 წელს არქიმანდრიტი მაკარის (მატათაშვილი) ხელმძღვანელობით ბოდბის მონასტერში სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონი ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა. სამრეკლოს არქიტექტურაში ერთმანეთთანაა შერწყმული ნეოგოთიკური და ქართული საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტები. წვეტიანი გადახურვა და ვერტიკალური ხაზები ნეოგოთიკის კლასიკური ნიშნებია, აგურისა და ღია ფერის დეკორის მონაცვლეობა — დასავლური გავლენის ელემენტი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს გავრცელდა საქართველოში; ხოლო თაღოვანი სარკმლები და გეომეტრიული დეკორი, ფასადზე მოთავსებული ჯვრები და ორნამენტები ტრადიციული ქართული არქიტექტურისათვისაა დამახასიათებელი.|
XXI ს. დასაწყისში კონსტანტინე როგავასა და ლერი მირაშვილის ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა სამრეკლოს რესტავრაცია.
წმინდა გიორგის ტაძარი
წმ. გიორგის ტაძარი უძველესია მონასტერში არსებული შენობებიდან და აგებულია IV ს-ის I ნახევარში. იგი ააშენა მეფე მირიანმა წმ. ნინოს გარდაცვალებისთანავე მის საფლავზე. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გააფართოვა ეკლესია. სამნავიანი ბაზილკის სახე ტაძარს IX სუკუნეში უნდა მიეღო.
ეკლესია ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის შედეგად XIV ს. ამ დროს ტაძრის დასავლეთი ფასადი მოჭიქული აგურით მოაპირკეთეს.
XVII ს-ში ტაძარს დიდი ზიანი მიაყენა შაჰ-აბასის შემოსევებმა, რის შემდეგაც ტაძარი მეფე თეიმურაზ I-მა აღადგინა.
XVII ს. შემდგომ პერიოდში ტაძრის კედელი გამაგრების მიზნით გაუსქელებიათ.
1823 წელს ბოდბელი ეპისკოპოსის იოანე მაყაშვილის კურთხევით ეკლესია მოიხატა და გაკეთდა ახალი კანკელი. მხარტვრობა შუა საუკუნეებიდან ახალ დროზე გარდამავალი ხანის ნიშნებით ხასიათდება და შესრულებული უნდა იყოს ქართველი მხატვრის მიერ ზეთის საღებავებით. კანკელი კი დავით-გარეჯის მონასტრის სახელოსნოშია დამზადებული. სამხრეთი და ჩრდილოეთი შესასვლელების წინ ტაძარს კარიბჭეები მიაშენეს. ბაზილიკის ცენტრალურ ნავზე კი ცრუ გუმბათი აღმართეს.
XX საუკუნეში ტაძარს მნიშვნელოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა ძეგლთა დაცვის სამმართველოს სპეციალისტების მიერ. ამ დროს მოიხსნა კარიბჭეები და ცრუ გუმბათი, ფერადოვანი ჭიქური ფენა. ტაძარი განთავისუფლდა გვიანდელი მინაშენებისაგან, გამოიკვეთა მისი თავდაპირველი ხუროთმოძღვრული ფორმები. ტაძარში დაცული ხატების უმრავლესობა მე-19 საუკუნისაა.
წმინდა ნინოს ტაძარი

წმ. ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს დაიწყო, დასრულდა 2019 წელს. ტაძრის არიქიტექტორია თ. ბერიძე, მხატვარი მ. მიქელაძე, მოზაიკოსი ა. ბაკურაძე. ტაძარი მოპირკეთებულია შირიმის ქვითა და ნიჩბისის ტუფით, გადახურულია ლორფინით. იატაკზე დაგებულია ირანიდან სპეციალურად ჩამოტანილი ონიქსის ქვა. კანკელი, ასევე, ონიქსისგანაა გამოკვეთილი. კანკელის ხატები მ. მიქელაძის დახატულია, პერანგის ავტორია დ. კაკაბაძე. საკურთხეველის კედლები და აფსიდა მოზაიკითაა დაფარული. ამჟამად მოზაიკა გუმბათში კეთდება.
მონასტრის ახალი ეკლესიები
მონასტრის აღმოსავლეთ ფერდობზე 2025 წელს დამთავრდა ორი მცირე ტაძრის მშენებლობა: მარჯვნივ წმ. გაბრიელ სალოსის სახელობისაა, ხოლო მარცხნივ წმ. იღუმენია თამარ მარჯანიშვილის, რომელიც გამოირჩევა თავისი არქიტეტორული მაღალმხატვრულობით.
წმინდა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის სახელობის ტაძარი აშენდა 2023-25 წლებში.
წმინდა გაბრიელ სალოსი არის XX საუკუნის გამორჩეული მოღვაწე და სასწაუთლმოქმედი. მამა გაბრიელი უამრავი მორწმუნისათვის იყო და რჩება მეტად ახლობელ ადამიანად და შემწედ ღვთის წინაშე, მათ შორის ბოდბის იღუმენია დედა თეოდორასათვის, რომელიც სწორედ იმ წლებში გადიოდა მორჩილებას სამთავროს დედათა მონასტერში, როცა იქ მოღვაწეობდა მამა გაბრიელი.
მინდა თამარ აღმსარებლის სახელობის ტაძარი აშენდა 2023-25 წლებში.
წმ. თამარ აღმსარებელი, ერში თამარ მარჯანიშვილი (1868 - 1936), კოტე მარჯანიშვილის და გახლდათ. იგი ძალიან ახალგაზრდა მოვიდა ბოდბის მონასტერში და აღიკვეცა მონაზვნად. აქვე იყო იგი დადგენილი იღუმენიად 1902-07 წლებში, რის შემდეგაც იგი რუსეთში გადაიყვანეს ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად. მან დევნა და მრავალი ტანჯვა დაითმინა კომუნისტური რეჟიმისაგან, იყო გადასახლებული ციმბირში. ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა მოსკოვის შემოგარენში. მისი წმინდა ნაწილები დაკრძალულია მისმიერვე დაარსებულ სერაფიმე-ზნამენსკი სკიტში. მისი წმინდა ნაწილი ინახება ბოდბის მონასტერში.
წმინდა ნინოს წყარო
ბოდბის მონასტრის ეზოში უძველესი დროიდან წყარო მოედინებოდა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს ლოცვით იყო აღმოცენებული. კომუნისტური რეჟიმის დროს წყარო ეზოდან დაიკარგა და ღრმად ხევში აღმოცენდა. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში წმინდა ნინოს წყაროზე განსაბანი და მისი მშობლების, ზაბილონისა და სოსანას, სახელობის ტაძარი აიგო. ამ წყაროში დღესაც უამრავი ადამიანი განიბანება და სულიერ და ხორციელ კურნებას იღებს.
წმ. ნინოს წყაროს წყალი არ მრავლდება.
წყაროში მომლოცველებს განბანა შეუძლიათ ყოველდღე 10:00 – 17:00 საათამდე.
წყარომდე მიდის როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანო გზა.
წყაროზე ჩასვლის წესები:
- თუკი წყაროზე ბევრი ხალხია, მორიგე მონაზონთან ჩაეწერეთ და დაიკავეთ რიგი.
- რიგში დგომისას არ იხმაურრთ, არამედ ილოცეთ.
- ემბაზში ჩასვლის წინ ფეხსაცმელი გაიხადეთ და ჩაიცვით ფლოსტები (რომელიც გარეთ დაგხვდებათ)
- ემბაზში ჩასვლისას თანზე გაიხადეთ და ცაიცვით კვართი. კვართის შეძენა იქვე შეგიძლიათ (საშუალო ზომა10 ლ, დიდი 15ლ, ბავშვის 6ლ), თუ შეძენა არ გსურთ, შეგიძლიათ ისარგებლოდ საერთო კვართით, რომელიც შიგნით ემბაზში დაგხვდებათ.
- წყალში ჩასვლის წინ ფლოსტი გაიხადეთ და კიბეებით ჩადით ემბაზში საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, სმჯერ ჩაყვინთეთ და ისევ კიბეებით ამოდით.
- გაიხადეთ სველი კვართი და ჩაიცვით თქვენი ტანსაცმელი. თუ კვართი შეძენილი გაქვთ, შეგიძლიათ თან წაიღოთ და განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაიცვათ, ხოლო თუ საერთოა იქვე დატოვეთ
- გარეთ ტანსაცმლის გამოცვლა დაუშვებელია.
- სნეულები და სასულიერო პირები ემბაზში რიგის გარეშე დაიშვებიან.






