სიღნაღის შადრევანი

Sighnaghi-Fountain.webp

აგაბის თარიღი - 2007 წ.
ავტორი - გია ჯაფარიძე
მისამართი - ქ. სიღნაღი, ცენტრალური მოედანი
მანძილი თბილისიდან   - 115 კმ. 

სიღნაღში ერეკლე მეორეს მოედანზე წარმოდგენილი შადრევანი გაკეთდა ქალაქის რეაბილიტაციის დროს 2007 წელს. მისი ავტორი გახლავთ გამოჩენილი მოქანდაკე, გრაფიკოსი, თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი გია ჯაფარიძე. მისი ნამუშევრები დაცულია გერმანიის, შვეიცარიის, აშშ-ის, საბერძნეთის კერძო კოლექციებში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში.
სიღნაღის შადრევანი შექმნილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური არტეფაქტების მიხედვით. ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე ქართველთა წინაპარმა ტომებმა ისწავლეს ბრინჯაოს გამოდნობა. ბრინჯაოს ღებულობდნენ ცეცხლზე გამდნარ სპილენძში 10% კალის მინარევით. ადრე ბრინჯაოს ხანაში, ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოდან და III ათასწლეულის პირველ ნახევარში საქართველოში გვარცელებულია მტკვარ-არაქსის კულტურა. ამ კულტურის არეალი მოიცავდა არა მარტო სამხრეთ კავკასიას, არამედ წინა აზიასაც. ამ სივრცეში მოიაზრება ალაზნის ველიც.
ადრე ბრინჯაოს ხანაში განვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთუნეობა.
შუა ბრინჯაოს ხანა იწყება ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოდან, რომელიც გაგრძელდა დაახლოვებით ძვ. წ II ათასწლეულის შუა ხანებამდე. ამ პერიოდში კიდევ უფრო ვითარდება: მეტალურგია, ხელოსნობა და შემოდის დაკრძალვის ახალი წესი _ ჩნდება ყორღანული სამარხები. მიცვალებულს თან ატანდნენ ძვირფას ნივთებს მაგალითად: ასეთია ყორღანში აღოჩენილი ოქროს თასი. ძალიან საინტერესოა ვერცხლის სასმისები, რომელზედაც რიტუალური სცენაა აღბეჭდილი და სხვა მრავალი. კულტურული აღმავლობა მაინც ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ძირითადი სამეურნეო და კულტურული ტრადიციები, რამაც განაპირობა ამ კულტურის თავისებური ხასიათი მისი გავრცელების ფართო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში.
შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღ-სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები, ტიგელები და სხვა). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს.
მტკვარ-არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა და რომლებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომისნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ფართო განფენებას.
შადრევანზე წარმოდგენილი საგნები იმდრინდელი კულტურისთვისაა დამახასიათებელი, ზოგი წარმოადგენს საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებსა და სცენებს, ზოგი სარიტუალო. მაგალითად ქვევრი ან ქვევრის ტიპის თიხის ჭურჭელს მარცვეულის შესანახად და ღვინის წარმოებისთვის იყენებდნენ, რაც დასტურდება შიდა ქართლში აღმოჩენილ წიპწიანი ქვევრის მაგალითზე, რომელმაც განსაზღვრა ეს არეალი ღვინის სამშობოდ. ასეთი ანალოგიები ალაზნის ველზეც გვხვდება. რიტუალურიც და საყოფაცხოვრებოა ნადირობის სცენა. ტახი თავისი სისასტიკის გამო ეს ცხოველი წმინდად ითვლებოდა და ომთან ასოცირდებოდა.
ტახს ხშირად გამოსახავდნენ საშინელი ეშვებით, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ ცხოველი მზად იყო თავდასხმისთვის. ტახი, ირმის მსგავსად ნადირობასთან იყო დაკავშირებული თუმცა ზოგჯერ მას დღესასწაულთან და ნადიმთანაც აიგივებდნენ. როგორც შინაური ისე გარეული ღორის ხორცი ნადიმის აუცილებელი დეტალი იყო, როგორც ადამიანების ისე ღმერთების, როგორც ცოცხლების ისე მკვდრების სამყაროში. იგი ძველ წარმართულ პანთეონში მამრულ საწყის და მთვარის ტოტემს გამოსახავდა. ძველ მითოლოგიაში ირემი ასოცირდებოდა ნაყოფიერებასთან, ბევრ ზღაპარსა და მითში ირემის რძით იკვებება გმირი.
ირემი სიძლიერის, გამძლეობისა და გამბედაობის ძლიერი სიმბოლოა. მისი არსებობა ბუნებასა და ხელოვნებაში ხშირად განიხილება, როგორც წარმატებისა და ნაყოფიერების ნიშანი. კოლხურ და კელტურ კულტურაში ირემი განიხილება, როგორც დაცვისა და ხელმძღვანელობის სიმბოლო