მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

არქიტექტორული ძეგლი დგას სოფელ ანაგის სამხრეთით 1,5 კილომეტრზე. მშრალი ხევის მარჯვნა ნაპირზე ოთხმოციოდე მეტრის მანძილზე. ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს. ოდითგანვე ყოველი წლის 21 ნოემბერს აქ სოფელთან ერთად თავს იყრიდა სრულიად ქიზიყის მოსახლეობა. ტაძრის გარშემო არსებობდა ღამის გასათევი სათავსოები, თონეები და სხვა ნაგებობები. ძეგლი სხვადასხვა პერიოდის, დაახლოებით თანაბარი სიდიდის ორ ნაწილს შეიცავს, რომლებიც  გეგმით ერთმანეთზე მიდგმულ ორ სწორკუთხედს ქმნის. თავდაპირველად აქ მდგარა მცირე დარბაზული ეკლესია, რომლისთვისაც  აღმოსავლეთის მხრიდან მოგვიანებით მიუდგამთ თითქმის იგივე ზომის ახალი ნაწილი. შენობის თავდაპირველი ნაწილი XVIII საუკუნით თარიღდება. მოგვიანებით მიშენებული XIX საუკუნისაა. საბჭოთა პერიოდში ეკლესიის მთელ სიგრძეზე მიუშენებიათ შეუსაბამო შენობა. 2010-2011 წლებში ეკლესიასთან  ერთად ამ შენობის რეაბილიტაციაც მოხდა.