სტეფანწმინდის ეკლესია

წმინდა პირველ მოწამე სტეფანეს ეკლესია აშენებულია 1762 წელს, ციხე-გალავნის ტერიტორიაზე, სიღნაღში, ყველაზე დიდ, ,,მეფის ანუ ჯუღაანის“ ბურჯშია ჩაშენებული.

დასავლეთ ნაწილი ბურჯის ფარგლებშია მოქცეული. ტაძრის კორპუსი სხვადასხვა პერიოდის სამი ძირითადი ფენისგან შედგება, რომელთა შორის თავდაპირველი, სავარაუდიდ, XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. როგორც ჩანს ერეკლესეულ ციხე-გალავნის აგებამდე აქ იდგა, იმხანად ძლიერ დაზიანებული, პატარა დარბაზული ტიპის ეკლესია. ციხის მშენებლობისას იგი აღუდგენიათ და გალავნის ფარგლებში მოუქცევიათ. ამ დროს ეკლესიისათვის დასავლეთიდან მიუშენებიათ იმავე სიგანის, მოგრძო ნაწილი, რომელიც თითქმის მთლიანად, მშენებარე კოშკის ფარგლებში მოუქცევიათ. შენობის ნაწილთა ქრონოლოგია არა მარტო მათი საშენი მასალის სხვადასხვაგვარობით დასტურდება, არამედ ამ ნაწილებს შორის სიმაღლეთა სხვაობითაც. მომდევნო ხანებში, ლეკიანობის’’ შეწყვეტის შემდეგ, სავარაუდოდ XIX საუკუნის დასაწყისში, ეკლესიაში მრევლის იოლად მოსახვედრად მის წინ არსებული გალავნის სამხრეთ კედლის მცირე მონაკვეთი დაუშლიათ და ეკლესიასა და გალავნს შორის აუგიათ. ამავე პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს სამრეკლო (დაუნგრევიათ 1929 წელს), რაც კარიბჭის თავზე არსებულ ბაქანზე იყო დადგმული. XIX საუკუნის მიწურულის ფოტოს (დიმიტრი ერმაკოვი) მიხედვით, განახლდა სამრეკლო. 2001 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტერდა სარესტავრაციო სამუშაოები. (არქიტექტორი: ზ. ქუფარაშვილი) გაიწმინდა ეკლესიის კედლები. ეკლესიის შიგნით მოიხსნა გვიანდელი ჩანაშენები. აღდგა კედლების, კამარის, პილასტრების და საბჯენი თაღების დაზიანებული ნაწილები.

წმ. სტეფანეს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლია სიღნაღში საიდანაც  იშლება ულამაზესი ხედი ქალაქ სიღნაღის, ალაზნის ველის და კავკასიონის.



#ეწვიესიღნაღი
#სიყვარულისქალაქი

#არტქალაქი

#ხელოვნებისქალაქი