დავიბადე და გავიზარდე ქალაქ სიღნაღში, დიდ და მრავალრიცხოვან ოჯახში. ბავშვობიდანვე ვხედავდი მოფუსფუსე და მუდამ შრომაში ჩაბმულ ოჯახის წევრებს. მამა და პაპა ყასბები იყვნენ, ასევე პაპა დაკავებული იყო შეფ-მზარეულობის პროფესიით და მთელ მუნიციპალიტეტში სახელი ჰქონდა განთქმული, უგემრიელესი კერძების მომზადებით.
ჩემს ოჯახში სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ყოველდღიურად იშლებოდა ტრადიციული სუფრები, სადაც ყველას მოუხაროდა მოსვლა და სასიამოვნო დროის გატარება.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, დედაჩემის წვლილი და დამსახურება ჩემი მომავლი პროფესიის განსაზღვრის საქმეში. იგი იყო არაჩვეულებრივი კულინარი, რომელმაც გადმომცა უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, კულინარიის და საერთოდ, სუფრის კულტურასთან დაკავშირებით. გადიოდა წლები და სულ უფრო მაინტერესებდა მზარეულის პროფესია, განსაკუთრებით კი კონდიტერია, ამიტომ გარკვეული პერიოდი, ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო საკონდიტრო ნაწარმის დამზადება იყო.
მას შემდეგ, რაც სიღნაღი ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი გახდა, აქტიურად ჩავერთე ტურიზმის ინდუსტრიაში, კერძოდ, სარესტორნო ბიზნესის მიმართულებით. სფეროში თავის დამკვიდრების ეტაპზე, განსაკუთრებით დამეხმარა და წამადგა ქართულ სამზარეულოს სფეროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
დღესდღეობით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ვატარებ ქართული ტრადიციული კერძების და დესერტების მასტერკლასებს, ვამზადებ ქართული სამზარეულოს აბსოლუტურად ყველა კერძს, რაც სტუმრების, განსაკუთრებულ აღფრთოვანებასა და მოწონებას იწვევს.
მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი სიღნაღი. ერთი რამ ზუსტად ვიცი, სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრებ აქ და ძალებს არ დავიშურებ ჩემი საქმიანობა გავხადო მეტად პროდუქტიული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული.