ზოგჯერ ადამიანს შეგიძლია შენი ტკივილი, დიდ სიხარულად აქციო. ჩემი და „თუთას“ ისტორიაც ასე დაიწყო. როდესაც ჩემმა უსაყვარლესმა, გამზრდელმა ბებიამ დაგვტოვა, აღარ შემეძლო მის სახლში შესვლა... არ შემეძლო სახლი, სადაც ბავშვობა და უთვალავი ბედნიერი დღე გავატარე ყრუ და ცარიელი მენახა. და აი, მაშინ გადავწყვიტე, რადაც არუნდა დამჯდომოდა ამ სიცარიელისთვის დამეპირისპირებინა ძალიან ნათელი, კაშკაშა, მხიარული და ბედნიერი წუთები, აქ ამ ადგილას, რომელსაც მეთვითონ შექვმნიდი! გადავწყვიტე, რომ სახლს ვაქცევდი განსაკუთრებულად მიმზიდველ, განტვირთვისა და დასვენების ადგილად, სადაც ადამიანები შეძლებდნენ თავი ბედნიერად ეგრძნოთ...ეტაპობრივად დავიწყე ბებია-პაპისეული სახლის, საოჯახო სასტუმროდ რესტავრირება.
რომ არა ჩემი მშობლები და უკარგესი მეუღლე, რომლებიც ყოველთვის გვერდით მიდგანან, ამას მარტო ვერასდროს შევძლებდი. ჩემი ოცნებების ასრულების გზაზე, ბევრი სირთულე შეგვხვდა, არ მქონდა საკმარისი ფინანსები... თუმცა თუ ადრე ახალ კაბას ვიყიდდი, ახლა უკანასკნელ თეთრებსაც „თუთა ჰაუსი სიღნაღის“ დეკორაციისთვის ვდებდი, შეპყრობილი ვიყავი მისი განვითარებისა და დახვეწის იდეით. თუ რამე გულით გინდა, ის აუცილებლად აგისრულდება. დატვირთული სამსახურებრივი გრაფიკის მიუხედავად, არ დავნებდი და მონაწილეობა მივიღე პროექტ „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსში. მონაწილეობის პერიოდი დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ჰგავდა, სამსახურიდან დაბრუნებული, ოჯახის საქმეებით დაღლილი, მთელი ღამე ვწერდი ბიზნეს გეგმას, არ მყოფნიდა ძილი და ენერგია... მაგრამ გავიმარჯვე და მოვიპოვე დაფინანსება.
ეს ყოველ გათენებულ ღამედ ღირდა! ამაზე დიდი სიხარული იშვიათად გამომიცდია!.. და დღეს, კახეთის გულში, ღვინის სამშობლოში, „თუთა ჰაუსი სიღნაღში“, ვმასპინძლობთ სტუმრებს, სადაც ყველა დეტალი ჩვენი ხელითა და გემოვნებითაა შექმნილი. ეს არის ძველი ქალაქური ტიპის სახლი, სადაც შენარჩუნებულია პირვანდელი იერსახე და იგრძნობა წინა ეპოქის სული.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების მქონე სტუმრებს ვაცნობთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას და დიდებულ ტრადიციებს!
ჩვენს საკუთარ ვენახებში დაწურული ნატურალური ღვინით, სტუმრებთან ერთად შესრულებული მუსიკის ჰანგებითა ( სახლი აღჭურვილი გვაქვს ყველანაირი მუსიკალური ინსტრუმენტით) და საინტერესო საუბრებით გაჯერებული საღამოები, შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნის, რაც დაუვიწყარია როგორც სტუმრებისთვის, ასევე ჩვენთვის.
სივრცეში, ტურისტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებსაც ვმასპინძლობთ. ექსკურსიების დროს ხშირად სჭირდებათ დაცული და კეთილმოწყობილი გარემო, სადაც წაიხემსებენ და დაისვენებენ. ამ შემთხვევაში ჩვენი გამწვანებული, ჰამაკებით დახუნძლული ეზო, საუკეთესო პირობაა მათი განტვირთვის და საუკეთესო დროის გასატარებლად.
საოჯახო სასტუმროს სახელიც სიმბოლური აქვს. „თუთა ჰაუსი სიღნაღი“ - ეზოში დიდი თუთის ხე დგას, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ, ბებიამ და პაპამ დარგეს... ისინი ამ ქვეყნად აღარ არიან...ჩვენც მივდივართ და მოვდივართ ამ სახლში, თუთის ხე კი მუდმივად იქ დგას, მუდმივად სახლშია, ჩვენი ოჯახის ოთხ თაობას იცნობს და გვმასპინძლობს, ჩვენს სტუმრებთან ერთად.
სიღნაღი ჩემთვის ნიშნავს სახლს, თავშესაფარს, სადაც შემიძლია ყოველდღიურობის უჩქარესი რიტმით, ამაოებით თუ საქმით გადაღლილი, უბრალოდ ჩამოვჯდე დავტკბე ცხოვრების მისტერიით. აივნიდან თვალი ვადევნო რა მსუბუქად დაფრინავენ შებინდებისას მერცხლები გუნდებად, სიღნაღის გამჭვირვალე ცაზე, ვუსმინო მათი სიხარულის ყიჟინას.. ღრმად შევისუნთქო სუფთა ჰაერი... მზის ამოსვლისას ყური მივუგდო წმინდა ნინოს მონასტრის ზარებს, როგორ ეხმიანება ექოთი ხეობა.. ეს ლოცვას ჰგავს, თუ უკვე ლოცვაა.
ვცდილობ, სტუმრებსაც იგივე განწყობა შევუქმნა და თავი სახლში ვაგრძნობინო... და ასეც ხდება! თითქმის ყველა ადამიანი, ჩამოსული შორეული ქვეყნიდან, თუ აქვე, საქართველოს რომელიმე კუთხიდან, სასიამოვნოდ გაოცებული აღნიშნავს, რომ ჰგონია ძველ მეგობრებს ესაუბრება და თავს სახლში გრძნობს! ამაზე სასიამოვნო განცდა არ არსებობს!...
ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრობას, გვირეკავენ, კითხულობენ ჩვენს ამბებს და ბრუნდებიან ჩვენთან! ...
ყველა ასეთი უკუკავშირი კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ! თუმცა, წინ კიდევ დიდი გეგმები და მიზნები გვაქვს.
ჩემი წარმატების საიდუმლო ადამიანების სიყვარული, უდიდესი პასუხისმგებლობა და ის უშუალო ურთიერთობებია, რაც დამახასიათებელია ჩემი ოჯახისთვის. ადამიანობას ეროვნება არ გააჩნია, ის ყველგან ბრილიანტივით ბრწყინავს და ფასობს, რაც კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა ტურიზმის სფერომ მე და ჩემს ოჯახს.