მე ვარ მარიკა მამისაშვილი, 4 შვილის დედა და დიასახლისი. 12 წელია ვცხოვრობ ნუკრიანში, პროფესიით ვარ აგრონომი და წლებია ვეწევი სოფლის მეურნეობას.
2019 წლიდან შემოვუერთდი ლოსთ რიჯის გუნდს - ტურისტული მასპინძლობის მიმართულებით.
ჩვენთან მოსულ სტუმარს ვუზიარებ ინფორმაციას ველური მცენარეების შესახებ; ვუყვები ისტორიებს ყველა იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რითიც ძველად ჩვენი წინაპრები იკვებებოდნენ; ვათვარიელებინებ ქიზიყის მინდვრებსა და მდელოებს, სადაც იზრდება საკვებად გამოსადეგი მცენარეები; ვატარებ კულინარიულ გაკვეთილებს. მთლიანობაში, ვიზიტორებთან მაქვს ყოველდღიური შემხებლობა, როგორც მზარეულს, მეურნესა და მენტორს.
პირადად ჩემთვის, დიდი პასუხისმგებლობაა ადამიანებთან ურთიერთობა, ვცდილობ თითოეულ სტუმარს შევუქმნა დადებითი განწყობა და შთაბეჭდილებებით სავსე მომენტები.
წარმატების მომტანია, ჩვენს მიერ მოყვანილი ბიოპროდუქტის ავთენტურობა და პირვანდელი სახით შეთავაზება. პროდუქციას არ ვფუთავთ სხვადასხვა სახელით, ვაცნობთ იგივე სახით, რა ფორმითაც წინაპრებისგან გვაქვს შემორჩენილი, შესაბამისად, სტუმრებს ხვდებათ ოჯახური, ბუნებრივი და უშუალო გარემო.