2018 წელს გადავწყვიტე, ჩემი დიდი ბებიის, სოფიკო ვაჩნაძის სახელი გამეცოცხლებინა. რთული აღმოჩნდა გურჯაანში არსებული საგვარეულო მიწის დაბრუნების პროცესი, ამიტომ დავიწყე ფიქრი, კახეთში პატარა ადგილი მეყიდა. მალევე შედგა თანამშრომლობა საბანკო სექტორთან, ბანკის დახმარებით (დიდი მადლობა „ხალიკ ბანკს“) შევძელი ქალაქ სიღნაღში ჯერ ერთი პატარა სახლის, მოგვიანებით კი მეორე ობიექტის შეძენა.
პირადად ჩემთვის, მძიმე სანახავია ნასახლარის და საერთოდ, ადამიანებისგან დაცლილი ადგილების ნახვა. ყოველთვის უდიდესი სურვილი მქონდა მეყიდა მიტოვებული კარ-მიდამო და სივრცისთვის ახალი ენერგია, ახალი სიცოცხლე მიმეცა... მინდა გითხრათ, რომ ორივე ობიექტი სწორად ასეთ მდგომარეობაში ჩავიბარე.
თავიდან, საქმის კეთება ექვსი ნომრით დავიწყე, დღესაც ექვსი ნომრით ვმუშაობ, მეტი ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, დავამატე აუზი, საუნა, კაფე, მცირე ინფრასტრუქტურა, დავასაქმე თხუთმეტი ადგილობრივიც. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ - ნაბიჯ მივიწევთ წინ და ვვითარდებით.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, მუნიციპალური ხელისუფლების მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ძალიან მაგარია, როდესაც ქალაქი მომენტალურად პასუხობს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს. ბევრი რამ გაკეთდა, დადებით ცვლილებებს კი დანახვა უნდა. გზა, რომელიც წლების განმავლობაში წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში იყო, დღეს უკვე კეთილმოწყობილია, ის, რომ შეიცვალა გარე ფასადები და გამოიცვალა სახლის სახურავები ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდი საჩუქარია. რაღაც მომენტში ობიექტის დახურვაზე და აქედან წასვლაზეც კი ვფიქრობდი, რადგან ჩემი ძალებით ნამდვილად ვერ შევძლებდი პრობლემის მოგვარებას.
ტურისტულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება და კონკურენტუნარიან ობიექტად ჩამოყალიბება არ არის მარტივი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენს საქმიანობაში მაქსიმალურად იყო ჩართული და ბოლომდე დაიხარჯო. ხშირად, მეთვითონ ვალაგებ, ვწმენდ და ვუვლი გარემოს. დიახ, ეს ჩემი სივრცეა, ჩემი საქმე. ვისაც მცირე ბიზნესი აქვს, ის ყველაზე უკეთ მიხვდება ჩემს სათქმელს, ფიზიკურად შეუძლებელია, ბევრი თანამშრომელი აიყვანო, მინიმალური რესურსებით გიწევს ყველაფრის კეთება.
ვფიქრობ, სადაც მიდიხარ პირველ რიგში იმ ადამიანებმა უნდა მიგიღონ და შეგიყვარონ, თუ გავითალისწინებთ იმას, რომ 2018 წლიდან შესისხლხორცებული ვარ სიღნაღს, ვთვლი, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა ნამდვილად შედგა.
ჩემი იდეა იყო ქალაქში ჯაზ-ფესტივალისა და ზაფხულის ღამის ფესტივალის ორგანიზება, ღონისძიებამ უკვე მიიღო ტრადიციული ხასიათი და ყოველწლიურად როგორც შიდა აგრეთვე საერთაშორისო ვიზიტორები, სიამოვნებით ესწრებიან. გაგიზიარებთ ერთ მაგარ ამბავსაც, წელს სიურპრიზს ვუკეთებთ ქალაქს... გერმანულმა კომპანიამ (ეს არის ავტომობილების ნაწილების მწარმოებელი ქარხნების წარმომადგენლობა) თავის კორპორატიული შეკრების ადგილად სიღნაღი შეარჩია და 22 ივნისს არაჩვეულებრივ საკონცერტო საღამოს გვჩუქნიან.
როგორც ხედავთ, ასე ნელ-ნელა, პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ....მახსოვს ობიექტის გახსნა პოსტპანდემიურ სიტუაციაში მომიწია, ბევრი სირთულე გამოვიარე, განსაკუთრებით კი საბანკო ვალდებულებების პარალელურად...თუმცაღა მთავარი მომენტი არის ის, რომ ყოველ წელს ხდება რაღაც კარგი და მთლიანობაში, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.
ტურისტულ ინდუსტრიაში შრომა, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. ჩემთვის არ არსებობს სიტყვები „დავიღალე“, „ მეზარება“, „ხვალ“ მე მაქვს ყველაფერი „გუშინ“. მუშაობა ბედნიერებასაც უნდა განიჭებდეს, სულ ვიმეორებ, როცა ვარ სიღნაღში, ვარ ბედნიერი. ბედნიერება გაკეთებინებს ყველაფერს. თუ არ გიყვარს ის ადგილი სადაც ხარ და მხოლოდ ფინანსური ინტერესები გამოძრავებს, მაშინ ის ალაგა არასდროს მოგემადლიერება.
ჩემთვის ეს მხარე განსაკუთრებით ძვირფასია, ეს ხომ წმინდა ნინოს განსასვენებელი ადგილია. საერთოდაც, სადაც წმინდა ადგილებია, იქიდან რამდენიმე კილომეტრიც წმინდა და მადლიან ადგილად ითვლება. ახლა, სადაც ვსაუბრობთ, ამ აივანზე ხშირად გამოვსულვარ და კითხვა დამისვამს: წმინდა ნინო, მაძლევ უფლებას ვიყო აქ, გავკადნიერდე და ჩემი პატარა საქმე ვაკეთო?! როგორც ჩანს მაქვს... ყოველ შობის დღესასწაულსაც ბოდბის მონასტერში ვხვდები, შემდეგ კი მცირე ძღვენით მივდივარ სოფლებში, ჩემს თანამშრომლებთან, მეგობრებთან და ერთად ვზეიმობთ.
ჩემი ყველა წინაპარი არის თბილისიდან, რუსეთიდან, ნაწილი უკრაინიდან, მათი მონაგარი ახლა უკვე ევროპაშია წასული საცხოვრებლად. მე მაინც ვთვლი, რომ ჩემი მშობლიური მხარე სიღნაღია, ასე ჩავთვალე ჩემი კახელი ბებიიდან გამომდინარე. სხვათაშორის, მამაჩემი რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, ყოველ შაბათ - კვირას თავის კოლეგებთან ერთად დადიოდა კახეთში და უსასყიდლოდ მკურნალობდა ბავშვებს, დღემდე ბევრს ახსოვს მამაჩემის სიკეთე და ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.