2007 წელი საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ნუკრიანელი ქალების თითქმის 90% -ს დასაქმების არანაირი შესაძლებლობა არ გვქონდა. ჩემი შემოსავლის ერთადერთ წყაროს ზამთარში წინდების ქსოვით გამომუშავებული თანხა წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე ზამთარში გაყიდული წინდების იმედად ვიყავი.
დღეს რომ ტურიზმის ბიზნესში, საკმაოდ შემდგარი და წარმატებული ქალი ვარ - ნაირა გელაშვილისა და ანა მარგველაშვილის უდიდესი დამსახურებაა.
მაშინ როდესაც ნუკრიანელ ქალებს ძალიან გვაწუხებდა უმუშევრობისა და დასაქმების პრობლემა, 2007 წელს მათი ძალისხმევით ჩამოყალიბდა „ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნო“, რომლის მთავარი მიზანი ჩვენს მიერ სხვადასხვა ხელობის შესწავლით ტრადიციების შენარჩუნება და ამავდროულად მისი განვითარება იყო. მე მაგალითად მიმიწვიეს ქვილთის წრეზე, რომელიც არის უძველესი ხელობა.
პატარა ნაჭრის ნაკუწებით ვქმნიდით საბნებს, ბალიშებს, სხვადასხვა აქსესუარებს, მათ შორის ნაჭრის თოჯინებს - ტრადიციული ელემენტებით. დროთა განმავლობაში ვისწავლე არამარტო ქვილთზე და თექაზე მუშაობა, სიმინდის ფუჩეჩით კალათების წვნაც კი.
მე მაღალმთიანი სოფლიდან ვარ, იმ პერიოდში ყველაფერი შემეძლო, საქმე არ მეზარებოდა თუმცაღა სამუშაო ადგილები ჭირდა, პრაქტიკულად არც იყო.. დროთა განმავლობაში ეს ხელობა გახდა ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო.
ამ ეტაპზე ჩემი ყოველი დღე იწყება სიყვარულის ქალაქში ჩასვლით, სტუმრებს ვთავაზობ თექისგან შექმნილ სხვადასხვა სახის პროდუქციას: ჩანთებს, წინდებს, თოჯინებს - როგორც თანამედროვე, აგრეთვე ქართული ტრადიციული ელემენტებით და სხვ. 17 წელია ამ სფეროში ვარ და ერთი დღეც არ მახსენდება ჩემი საქმიანობის გარეშე, მიყვარს ის რასაც ვაკეთებ. მომწონს ისიც, რომ ხელობა ინდივიდუალიზმის, თვითგამოხატვის საშუალებას მაძლევს.
ჩემი ხელობით რა თქმა უნდა უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყაროა. მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამ საქმიანობაში, წლების წინაც და ახლაც ოჯახის რომელიმე წევრი ნაჭერს ჭრის, ვიღაც აწებებს, ვიღაც მასალას ამზადებს..
ზუსტად ვიცი ეს ტრადიცია აღარ დაიკარგება, ჩემ შვილებსაც ვასწავლე თექაზე მუშაობა, აგრეთვე ქსოვა. იმედი მაქვს, ჩემი შვილიშვილებიც ისწავლიან და ასე განვავითარებთ და შევინარჩუნებთ უძველეს ხელსაქმეს.
ჩემი წარმატების საიდუმლო ვფიქრობ შრომისმოყვარეობაა, ღამეებს ვათენებ რომ შეკვეთები დროულად დავამზადო; ასევე აუცილებელია ტურისტის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე ორიენტირებაც. ვიღაცას ტრადიციული ნაწარმი მოსწონს ვიღაცას გათანამედროვებული, ვცდილობ ტურისტის ინტერესები გავითვალისწინო.