ქართულ ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში მეღვინეობაზე უამრავი საინტერესო ისტორია და ცნობა მოგვეპოვება, მე-4 საუკუნეში წმინდა ნინომაც ხომ საკუთარი თმით შეკრული "ჯვარი ვაზისა" წაიმძღვარა საქართველოსკენ მომავალ გზაზე.
ქართულმა ვაზმა ისეთივე სირთულეები გამოიარა, როგორც თვით ქართველმა ხალხმა, თუმცაღა დღემდე ბევრ ოჯახში მტკიცედ და უცვლელად ჟღერს: "ვაზო შვილივით ნაზარდო".
ბებიას ძმა მეთუნე იყო, წლების განმავლობაში მის მიერ დამზადებულ ქვევრებში ვწურავდით ყურძენს. მახსოვს ყველა თაობა აქტიურად ვიყავით ჩაბმული საშემოდგომო სამზადისსა და რთველში რომელიც უდიდესი ზეიმი იყო ჩვენი ოჯახისთვის. მთელი ბავშვობა ვხედავდი სტუმრიანობას, მარნის პარმაღზე აუღებელ სუფრას - გაწყობილს ტრადიციული კერძებით, რომელსაც განსხვავებულ ემოციებს და ელფერს მატებდა პაპაჩემის თამადობა და სადღეგრძელოები.
შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული ჩამომიყალიბდა მეღვინეობასა და ღვინის ისტორიის მიმართ, წლებთან ერთად კი უფრო გამძაფრდა და გაიზარდა ინტერესი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ღვინის კომპანია "კტვ”, სადაც რამდენიმე წელი ვიმუშავე და მივიღე დიდი გამოცდილება ამ სფეროში, დიახ "კტვ" ტრამპლინად იქცა ჩემი შემდგომი პროფესიის განსაზღვრისთვის.
მოგვიანებით, დავვოჯახდი და სიღნაღში გადმოვედი საცხოვრებლად.
სიღნაღის როგორც ტურისტული ქალაქის პოპულარიზაციის პარალელურად, სტუმრების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნილება გამეცნო და მათთვისაც გამეზიარებინა 8000 წლოვანი ქვევრისა და ღვინის ისტორია, ქართული სუფრის ტრადიცია- დამახასიათებელი ადათ - წესებითა და ნიუანსებით. დღესდღეობით დაინტერესებულ მოგზაურებს საოჯახო მარან “მარის მარანში” ვთავაზობ ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაციებს, ღვინის დეგუსტაციას. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რთველის ორგანიზება, აგრეთვე ზაოდობა და ჭაჭის გამოხდის პროცესში ჩართვა.
ვერ ვიტყვი რომ პროფესიული საქმიანობის საწყის ეტაპზე რაიმე დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი, პირიქით, მიმაჩნია, რომ საჭირო დროს აღმოვჩნდი საჭირო ადგილას, აუცილებელი რესურსებით აღჭურვილი, რომელსაც ემატებოდა ჩემი გამოცდილება და საქმისადმი სიყვარული.
ჩემი წარმატება პირდაპირკავშირშია ჩემს პროფესიონალიზმთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია ტრადიციების სიყვარულიც, რომელიც ღრმა ბავშვობიდან მოდის და მასთან ფესვები, გენი მაკავშირებს.
სასიამოვნო სიახლე მაქვს ისიც, რომ კახური ტრადიციული მეღვინეობის შესახებ ცოტახნის წინ მოვრჩი წიგნის წერას და ძალიან მალე ფართო საზოგადოებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
წინ ბევრი გეგმები მაქვს და აუცილებლად მექნება არაერთი სასიამოვნო სიახლე.