ტურიზმის სფეროში 2015 წლიდან ვმოღვაწეობ, ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ სახლი, სადაც მე მთელი ბავშვობა გავატარე, სიღნაღში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია - საუცხოო და საინტერესო ხედებით. ზუსტად ამ ფაქტმა დამაფიქრა მქონოდა საკუთარი სასტუმრო და აქტიურად ჩავრთულიყავი ტურიზმის ბიზნესში.
თავდაპირველად, მახსოვს მუშაობა სამი ოთახით დავიწყე, შევურჩიე სახელიც - „პანორამა“, განვათავსე არაერთ პლატფორმაზე, რამაც მთლიანობაში მნიშვნელოვნად გაზარდა მოგზაურების ინტერესი ჩემი ტურისტული სივრცის მიმართ.
უფრო მოგვიანებით, ვიზიტორების რაოდენობამ და უამრავმა დადებითმა შეფასებამ მომცა მოტივაცია ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვების და განვითარების, ყოველწლიურად ვამატებდი ნომრებს, დღესდღეობით კი უკვე ათი ნომრით შემიძლია დავხვდე სტუმრებს.
აქამდე მოსასვლელად რთული პერიოდებიც გამოვიარე, სასტუმროს მშენებლობას სრულიად მარტო ვუძღვებოდი და საკუთარ ზურგზე გადაიარა ყველა დაბრკოლებამ. განსაკუთრებით მტკივნეულად მახსენდება იანვარში მუხლამდე თოვლში საკუთარი ხელით მოტანილი აგური, რომლის გარეშე ფიზიკურად ვერ ვასწრებდი ობიექტის სეზონზე მომზადებასა და გახსნას. სირთულეს წარმოადგენდა ტურისტულ ბიზნესში თავის დამკვიდრების პროცესიც, მაღალი კონკურენციიის ფონზე უნდა მეპოვნა ჩემი ნიშა, ჩემი ადგილი და რაღაცით ვყოფილიყავი გამორჩეული. დროთა განმავლობაში მოვახერხე და განვაახლე ჩემი ბავშვობისდროინდელი აუზიც, სხვათაშორის პირველი ვიყავი სიღნაღში ვისაც აუზიანი სასტუმრო ჰქონდა.
რა არის ჩემი წარმატების საიდუმლო?! პირველ რიგში რეალისტური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მიზანი, მუდმივი შრომა, რწმენა იმისა რომ შეუძლებელი არაფერია, სიმტკიცე რომელიც ბევრ არასასიამოვნო ფაქტს მარიდებს და მთავარი სიყვარული - თუ საქმეს სიყვარულით აკეთებ ყველაფერი გამოდის.