
ზემო ბოდბის სამხრეთ საზღვარზე - ბოდბე - დედოფლისწყაროსა და ქვემო ბოდბის გზათა შესაყარზე გაშენებულია „დაცულტყე“, რომელიც მოიცავს 23 ჰექტარს. აქ ხარობს ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-მცენარეები. გარდა ბუნებრივად აღმოცენებული მცენარეებისა, საბჭოთა დროს აქ გაუშენებიათ ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშის ხე-მცენარეები. დაცულტყე სპეციპიკური ჰავით ხასიათდება და აქ დასვენება სასარგებლოა ფილტვებისა და თირკმელების დაავადებების მქონე ხალხისათვის.
დაცულტყის მთავარ შესასვლელთან იყო წყარო, რომელიც პაატას სახელს ატარებდა, პაატა ბაღაშვილი ლეკების დაუძინებელი მტერი იყო და ამავე დროს, ქიზიყის სოციალური თავისუფლებისთვის იბრძოდა. ამ საკითხში არ უთმობდა არც მოურავს, არც ეპისკოპოსს და არც მეფე ერეკლეს. კლასობრივ ბრძოლაში იგი დაუნდობელი იყო. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ,,დაცული ტყის“ თავგადასავალი. ალბათ ბევრმა არ იცის - ასეთი სახელი მას იმიტომ შეარქვეს, რომ პაატა ბაღაშვილმა დაიცვა იგი თავადის ხელყოფისაგან: 1766 წელს კათალიკოს ანტონ I-ის რჩევით ერეკლე II-მ რუსეთიდან გამოიწვია არტილერიის სპეციალისტი - მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელდამთავრებული პაატა მზეჭაბუკის ძე ანდრონიკაშვილი, სოფელ ფხოველის მეპატრონის ვაჟი. მეფემ მას კახეთის არტილერიის უფროსობა, ე.ი. თოფჩიბაშობა უბოძა. ერეკლე II-მ ანდრონიკაშვილს ქიზიყში შესაფერი ადგილის მოძებნა და საზარბაზნე ბურჯის აგება დაავალა. ასეთ ბურჯებს მაშინ აშენებდნენ წყაროებთან, სავაჭრო გზების შესაყართან. ერთ-ერთი ასეთი ბურჯის ფრაგმენტები დღესაც შემორჩენია ქ. თელავში, სამეფო სასახლის წინ. ანდრონიკაშვილმა სოფელ ბოდბეს დაადო ხელი. განთქმულ მუხებთან ამოარჩია მაღლობი და დაიწყო საშენი მასალის მოზიდვა. თოფჩებს, ე.ი. არტილერისტებს და ფხოვიდან ჩამოყვანილ ყმებს მოაზიდვინა ურმებით ქვები, ქვიშა; ჩაადგმევინა საკირე. ქიზიყელებს არ მოეწონათ თავადის საქმიანობა მათ მიწაზე. მალე ლაშქრობიდან დაბრუნდა პაატა ბაღაშვილი. მან დაურბინა სოფლებს, შეყარა მოსახლეობა, ანდრონიკაშვილის ხალხი გარეკა. გაშმაგებულ ბოდბელებს თავადიც შემოელახათ. დაინიშნა სამეფო გამოძიება, რომელმაც პაატა ბაღაშვილი სცნო ხალხის წამქეზებლად. საზარბაზანე ბურჯის აშენება ნიშნავდა ქიზიყის არტილერიით შეიარაღებას. ერეკლე II-ს განზრახული ჰქონდა ეს გასამხედროებული მხარე უფრო ორგანიზებული გაეხადა. სახელმწიფო ინტერესებისათვის ეს მომგებიანი იყო, მაგრამ ფეოდალური ურთიერთობისას არტილერიისა და არტილერისტების შენახვა გამოიწვევდა ქიზიყის დაბეგვრას, - ერეკლე II-ს ხაზინა ხომ ცარიელი იყო. ერეკლეს არ შეეძლო რეგულარული არმიის შესანახი თანხის გამოყოფა. არ შეეძლო ციხის გარნიზონის შენახვაც. ამიტომაც სარგოდ რამდენიმე სოფელს მიაწერდნენ ხოლმე. თუ ანდრონიკაშვილი მოახერხებდა ქიზიყში არტილერიის დაბინავებას, ის უნდა შებმულიყო ექსპლოატაციის უღელში. ეს არ ისურვეს ქიზიყელებმა. პაატა ბაღაშვილი შესანიშნავად მიხვდა, რა ემუქრებოდა მის თავისუფალ მხარეს. ხოლო მის დასავლეთითა (ნუკრიანისკალოს მხარეს) და ჩრდლოეთით (მაჩხაანი - ტიბაანის მხარეს) გაშენებულია ტყეთა დიდი მასივები, სადაც ხარობს შემდეგი ჯიშის ხეები: მუხა, წიფელი, რცხილა, იფანი, ცაცხვი, ფიჭვი, ტყემალი, შინდი და ა.შ. ამ ტყეებში ბინადრობენ გარეული ცხოველები მგელი, ტურა, მელა, თახვი, თხუნელა, კურდღელი, ციყვი და ფრინველები: ტყის ქათამი, შაშვი, ქორი და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1970-72 წლებში კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელმა, პროფესორმა კიაზო ფიცხელაურმა ამ ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოაჩინა ძვ. წ. XV ს. II ნახ. – XIV ს. I ნახ. დათარიღებული სამარხები. ,,დაცულტყეს’’ გარდა ისტორიულობისა ტრადიციული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დაცულ ტყეებს სახატე ტყეებს ეძახდნენ, რომელიც ასრულებდა, როგორც რელიგიურ ისე ეკოლოგიურ ფუნქციას. აქ არ შეიძლებოდა ხის მოჭრა ან მისი საყოფაცხოვრებო საქმეში გამოყენება. მიუხედავად მტრის სემოსევებისა და უმოწყალოდ ტყეების გაჩეხვისა, ასე შენარჩუნდა უამრავი ტყის კორუმი ჩვენს ქვეყანაში.