ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2023, ნაწილი IV

2023 წლის 17 ნოემბერს 14:00 საათზე, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2023, ნაწილი IV“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ლალი ზამბახიძის, ავთო მესხის, თამაზ ვარვარიძის, ლევან ჭოღოშვილის, კარლო კაჭარავას, გია ეძგვერაძის, ნინიკო მორბედაძის, შალვა მატუაშვილის, ნიკო ცეცხლაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის, თინა ცხადაძე-რატიანის ნამუშევრები.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და  თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021 წლიდან შეძლო. ეს არის 122 მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც მანამდე მუზეუმში ან არ იყო, ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული ხელოვნების განვითარების შთამბეჭდავ სურათს. აქ არის ე. წ. 50-70-იანელთა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში. კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც. ამის გარდა, უმნიშვნელოვანესი იყო ე. წ. 80-90-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული ნახატების შეძენა. ეს პერიოდი ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება. ამ კოლექციის მეშვეობით წარმოდგენილი ქართული მხატვრობის სპექტრი ინდივიდუალურ არტისტულ არჩევანთა კრებულია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, რომელი გზა აირჩია თითოეულმა მხატვარმა დაწესებული შეზღუდვების გადასალახავად და საკუთარი გამოცდილების თანამედროვე ტენდენციებთან დასაკავშირებლად.
ასევე შეძენილია მოდერნისტი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის - ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახველი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები.
2022 წლიდან მოყოლებული, დღემდე შესაძლებელი გახდა მხატვრების: სერგო ქობულაძის, კირილე ზდანევიჩის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, ირინა შტენბერგის, გაიანე ხაჩატურიანისა და სხვათა ნამუშევრების, მოქანდაკეების: რუსუდან გაჩეჩილაძის, ვაჟა მელიქიშვილის, კარლო გრიგოლიასა და სიმონ გირკელიძის ქანდაკებების შეძენა.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექცია ეტაპობრივად გამოიფინება.
ამჟამად სიღნაღის მუზეუმში ახალი კოლექციის მეოთხე გამოფენა იმართება, რომელიც 2024 წლის 17 თებერვლამდე გასტანს.
fas fa-calendar-alt

დაწყების დრო: 2023 წ. 17 ნოემბერს 14:00 საათი

fas fa-calendar-alt

დასრულების დრო: 2024 წ. 7 თებერვლი

fas fa-map-marker-alt

ადგილმდებერეობა - სიღნაღის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი