1924 წელს ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი კომუნისტებმა დაარბიეს და დახურეს. მონასტრის უკანასკნელი იღუმენია ნინო (ერში ელენე) ვაჩნაძე და რამოდენიმე მონაზონი, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდნენ, თუმცა საბოოლოოდ, წინამძღვარი იძულებული გახდა თბილისს გაეფარებინა თავი. შემორჩენილი თითო-ოროლა რუსი მონაზონი ღვთისნიერმა ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი რისკის ფასად შეიფარა და ფარულად აგრძელებდნენ ლოცვასა და მოღვაწეობას.
მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, იმჟამინდელ კომნისტურმა ხელისუფლებამ საავადმყოფო გახსნა. ამ უღმერთობის ჟამს ბევრი საეკლესიო ნივთები და სიწმინდეები საავდმოყოფოში აღმოჩნდა. ასეთივე ბედი ეწია 1905 წელს ათონის მთაზე დაწერილ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატსაც, რომელსაც რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. სოფელ ქედელს შემორჩენილი რამოდენიმე მონაზონი ხშირად მიდიოდნენ ამ ხატთან და ლოცულობდნენ. ერთ-ერთი მონაზონი დედა მაგდალინა თვალცრემლიანი ევედრებოდა ექიმს, რათა ხატი გამოეტანათ საავადმყოფოდან და შეეწყვიტათ მისი შეურაწყოფა. დედა მაგდალინას, რომელიც შესანიშნავი ხატმწერი იყო, განზრახული ჰქონდა ხატის დაზიანებული ნაწილების აღდგენა. კაბინეტის გამგეს, რომელიც სასტიკ უარს ამბობდა ხატის დაბრუნებაზე, თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ძილში და უთხრა, რომ ხატი უკან დაებრუნებინა. ხატი მართლაც დააბრუნა შეძრწუნებულმა ექიმმა და იგი თავის ადგილზე დააბრძანეს ტაძარში.
სოფელ ქედელში ცხოვრობდა, ერთი უღვთო და ათეისტი კაცი, რომელიც სიწმინდეებს შეურაწყოფდა. მან საგანგებოდ ალესილი დანით დასერა ხატი და თან გავეშებული გაჰკიოდა: ,,თუ ძალა აქვს დამსაჯოსო’’... მართლაც, მონასტრიდან გამოსვლა ვერ მოასწრო, რომ იქვე დაეცა და სული განუტევა. სოფლის მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ, რომ დაისაჯა არა მარტო ის კაცი, არამედ მთელი მისი ოჯახი.
აღსანიშნავია, რომ ამ ხატს 1990-იან წლებში დიდი რაოდენობით სდიოდა მირონი.
გიორგი ჩერქეზიშვილი
ბლოგის ავტორი