ქალები ტურიზმის სფეროSHE  - სალომე მაზიაშვილი

ქალები ტურიზმის სფეროSHE - სალომე მაზიაშვილი

სალომე მაზიაშვილი

ყოველთვის ვამბობდი, რომ ოცნებებს ბოლომდე უნდა გაყვე.
ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად გამოვთქვი სურვილი, ოჯახისთვის დამოუკიდებლად მომემზადებინა ვახშამი.
წლების მატებასთან ერთად, გამძაფრდა სურვილი და გაჩნდა პერსპექტივაც, პანდემიამ კი საბოლოოდ დააჩქარა ყველაფერი.
ერთ დღეს უბრალოდ გადავწყვიტე თბილისიდან წამოსვლა და ჩემს საყვარელ ქალაქში რაიმე ისეთის კეთება, რაც სასიამოვნო ემოციებით ამავსებდა მეც და ჩემს სტუმრებსაც.
ძალიან დიდი შრომა ჩავდე "სალომე'ა"-ს შექმნაში, უპირობოდ მედგნენ გვერდში ჩემი მშობლებიც და მადლობა მათ, რომ მასწავლეს, როგორ ვიბრძოლო ჩემი ოცნებებისთვის.
ეტაპობრივად, გავაცოცხლეთ და აღვადგინეთ უძველესი ტრადიციული კერძები, ასევე ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით უამრავი ახალი და განსხვავებული კერძი.
არასდროს მომწონდა, კახეთი სტუმრებისთვის მხოლოდ ჭამა-სმის ადგილთან რომ ასოცირდებოდა, სწორად ამიტომ, გადავწყვიტე აღვადგინო ძველი, სალონური ჩაის საღამოები, სადაც ჩვენი სტუმრები წარმოდგენილნი იქნებიან ტრადიციული, ქართული სამოსით და მონაწილეობას მიიღებენ, ჩვენს მიერ დაგეგმილ კულტურულ - შემოქმედებით ღონისძიებებში. 

ყოველდღიურად მოტივაციას მმატებს ჩვენით აღფრთოვანებული და კმაყოფილი სტუმრები, რომლებიც ყოველთვის აღნიშნავენ, რომ "სალომე'ა" მათთვის აღმოჩენაა და სურვილი აქვთ, რაც შეიძლება ხშირად დაბრუნდნენ ჩვენთან.
გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ჩვენი ახლადრეაბილიტირებული, ულამაზესი ქუჩა, სადაც 1762 წელს აგებული ტაძარი მდებარეობს, ვიზიტორებისთვის თითქმის შეუმჩნეველი რჩება. ვფიქრობ, ახალგაზრდა მეწარმეებმა და მუნიციპალურმა ორგანომ, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევიმუშავოთ გეგმა, სადაც გაწერილი იქნება, ყველა ის ნაბიჯი თუ როგორ გავხადოთ მოგზაურებისთვის მეტად მიმზიდველი ჩვენი ქალაქის თითოეული კუთხე-კუნჭული.