სურბ სარქისის დღესასწაული  (ფაფობა სიღნაღში)

სურბ სარქისის დღესასწაული (ფაფობა სიღნაღში)

Image

ქალბატონი ლენა ნიკვაშვილი

წმინდა სარქისი (სურბ სარქისი) ადრექრისტიანული მეომარ-წამებული სომხური სამოციქულო ეკლესიის წმინდანია, რომელიც მოღვაწეობდა 362–363 წლებში, ითვლება შეყვარებულთა მფარველად და იყო რომის არმიის მხედართმთავარი.
წმინდა სარქისის დღე გრიგორიანული დღესასწაულია. წმინდა სარქისი (სერგი) - ეს არის მონოფიზიტების ძველი მარხვა, რომელიც გამოირჩევა სიმკაცრით და, როგორც ჩანს, შემოუღიათ ასკეტური მოთხოვნილების გამძაფრების შედეგად. მისი დაწესების ისტორია გაურკვეველია. მოღწეულია ურთიერთგამომრიცხავი ლეგენდები, რომელთაგან დამფუძნებლად ზოგი გრიგოლ განმანათლებელს ასახელებს, ზოგი - პეტროს მკაწვრელს ან წმ. სარქისს. სომხური თქმულებების თანახმად, დღესასწაულს წინ უძღვის 5 დღიანი მარხვა. მარხვის ბოლო ღამეს (თებერვალში) წმინდა სარქისი თავის მიჯნურთან ერთად ყოველი სომეხის სახლს სტუმრობს. მისთვის, სახლის სახურავზე ან კართან ალაგებენ მოხალული ხორბლის ფქვილის ფოხინდს ან ხორბლის ფაფას. დილით, ფქვილზე ან ფაფაში აღმოჩენილი წმინდა სარქისის ცხენის კვალი ბედნიერების ნიშნად ითვლება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომხების ტრადიციები ერთმანეთისგან მცირე განსხვავებითაა წარმოდგენილი. ერეკლე მეფის მიერ სიღნაღში ირანიდან ჩამოსახლებული ეთნიკური სომხების ნარატივში დომინირებს მამალი, რომელიც არცერთ კუთხეში არ ფიქსირდება. ორი ლეგენდა არსებობს: პირველი წყაროს თანახმად, ერთ-ერთი ფაფობის დღესასწაულზე, მტრის შემოსევისას, ტყეში გახიზნულან სიღნაღელები და მამლის ყივილს გაუცია სიღნაღელების ადგილმდებარეეობა, შესაბამისად დღესასწაულზე დაუკლიათ მამალიც.
მეორე ვერსიის თანახმად, სიღნაღის გალავანს მოდგომია მტერი. გამთენიისას ჩასძინებიათ გუშაგებს და მამლის ყივილს გადაურჩენია მოსახლეობა. ორივე ვერსია დაკავშირებულია სურბ სარქისის დღესასწაულთან უნდა აღინიშნოს რომ არც ჯავახეთის არც ქვემო ქართლის სოფლებს სურბ სარქისის ფაფასთან არ ახლავს მამალის ეს ტრადიცია.

სიღნაღის მკვიდრი  უხუცესი ქალბატონი ლენა ნიკვაშვილი გვიყვება ფაფობის ტრადიციაზე:

Image

"მახსოვს ჩემს ბავშვობაში ბებიაჩემს სიღნაღში რომ მოვყავდი, მეტყოდა ხოლმე სომხებს დღეს „მამლაობა“ აქვთო, მაშინ ბავშვი ვიყავი და კარგად ვერ ვაცნობიერებდი რას გულისხმობდა.. უფრო მოგვიანებით,  როდესაც სიღნაღელების რძალი გავხდი უფრო მეტად  გავიაზრე  სურბ სარქისის ტრადიციის არსი და მნიშვნელობა.
როგორც კი თებერვლის თვე დადგებოდა მაშინვე  ვიწყებდით ფაფობის დღესასწაულისთვის საოჯახო სამზადისს, ვყიდულობდით ხორბალს, ვარჩევდით, ვშუშავდით და სპეციალური ხელსაფქვავით ვფქვავდით. ვცდილობდით ხორბალი 2 დღით ადრე მაინც დაგვეფქვა დღესასწაულამდე. დაფქვის შემდგომ,  მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დაფქული ხორბლის გაცრაც.
ხორბლის მოხარშვა აუცილებლად იწყებოდა დღესასწაულის წინა დღით - პარასკევ საღამოს და მნიშვნელოვანი პირობა იყო მთელი ღამე გვეფხიზლა და გვერია ხორბლისთვის.
გათენებისას, დაახლოებით დილის 8 საათისკენ მოხარშულ ხორბალს ამოვუკიდებდით „ანაცერს“ (დაფქული ხორბლის გაცრის შედეგად ვიღებდით) რომელიც კერძს განსაკუთრებულ არომატსა და სურნელებას სძენდა.
ფაფობის დღესასწაული წარმოუდგენელია მოხარშული მამლის ხორცის გარეშე, მამალსაც აუცილებლად პარასკევ დღეს ვხარშავთ,  ღამის 12 საათამდე მამალი უკვე დაკლული და მომზადებული უნდა იყოს.
პარასკევს საღამოს ოჯახის წევრები ვანთებდით სანთელს და ოჯახის უხუცესი წევრი დაილოცებოდა სურბ - სარქისის დღესასწაულს, თუმცაღა სადღესასწაულო სუფრა იშლებოდა შაბათ დილას, საერთოდაც,  ფაფობის დღესასწაული შეიძლება მივიჩნიოთ „დილის დღესასწაულად“.
სურბ სარქისის ტრადიციული სადღესასწაულო სუფრა გამოიყურება შემდეგნაირად: მოხარშული მამლის ხორცი, ფაფა რომელსაც აუცილებლად მოვასხავთ ზემოდან ერბოს, მნიშვნელოვანი წესია სანთლის დანთება და დალოცვა, მითუმეტეს ჩვენი ოჯახისთვის რადგან ჩვენს კარ-მიდამოში საგვარეულო ზედაშე გვაქვს.
ადრეც და ახლაც, სადღესასწაულო სადილს პირველ რიგში ვიზიარებთ ოჯახის წევრები, ნათესავები და უკვე ამის შემდგომ ვუგზავნით მეზობლებს.
მახსენდება ჩემი ახალგაზრდობისდოინდელი თქმულება, როცა მეზობელმა მეზობელს გაუგზავნა სადღესასწაულო სადილი, გამომდინარე იქიდან რომ მაშინ გაჭირვება იყო  ერბოს ნაცვლად ფაფისთვის მოესხა ქონი,  ის ქალი გახდა ცუდად. მას შემდეგ, ყველა ვიყავით ყურადღებით და ვიცოდით რომ ფაფაში ზეთისა და ერბოს გარდა არაფერი უნდა გამოგვეყენებინა.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ქილას სადაც დღესასწაულისთვის ერბოს ვინახავდით განსაკუთრებულად ვუვლიდით და ვუფრთხილდებოდით, მაგალითად  ქილის „ნარეცხი წყალი“ ისეთ ადგილას უნდა დაგვეღვარა, სადაც ადამიანის ან ცხოველის ფეხი არ მოხვდებოდა, სადღესასწაულო ჭურჭელს კი მომავალ წლამდე ზედაშეზე ვინახავდით.
ფაფისა და მოხარშული მამლის პარალელურად,  პარასკევ დღით გვქონდა ტრადიცია „ქუმლაობაც“, ქუმელი ეს იყო ერთგვარი დესერტი, რომელსაც ვამზადებდით ხორბლის ანაცერისგან , გემოვნებით ვუმატებდით ქიშმიშსა და თაფლს.
გამომდინარე იქიდან, რომ სურბ სარქისის დღესასწაული და კონკრეტულად,  წმინდა სარქისი შეყვარებულთა მფარველადაც ითვლება, საინტერესო წესი იყო წუმის შენახვა რა დროსაც დასაოჯახებელი ახალგაზრდები იღებდნენ გამომცხვარ კვერს საბედოს დასიზმრების მიზნით.
ფაფობის დღესასწაული ჩემი ოჯახისთვის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული ტრადიციაა და ვცდილობთ ძველი წესების დაცვით შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ".

საავტორო ბლოგი - სურბ სარქისობის დღესასწაული (ფაფობა სიღნაღში) მხარდამჭერია სასტუმრო და რესტორანი - მოგზაური

Image