2007 წელს, როგორცკი სიღნაღის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, პირველად მაშინ მივიღე სტუმრები. თვეების განმავლობაში სიღნაღის განახლებისა და რეკონსტრუქციის პროცესში ჩართული ხელოსნები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ჩემს სახლში რჩებოდნენ, დღისით კერძებს ვუმზადებდი, ღამით განთავსებით ვუზრუნველყოფდი.
მალევე, ქალაქში პირველი მოგზაურებიც გამოჩნდნენ. მახსოვს თავიდან მხოლოდ ოთხი სასტუმრო ვიყავით, ფიზიკურად არც იყო მეტი, შესაბამისად, ეს ოთხი სასტუმრო ვხვდებოდით და ვმასპინძლობდით შემოსულ ტურისტებს.
17 წელია ტურიზმის სფეროში ვარ, თავიდანვე უდიდესი სურვილი გამიჩნდა საკუთარი შემოსავალი მქონოდა, ჩემი გადაწყვეტილება ყველას უკვირდა და დიდათ არც მოსწონდათ, თუმცაღა მიუხედავად წინააღმდეგობებისა, აქტიურად ჩავერთე ტურისტულ ბიზნესში.
ახლა რომ შეგიძლია უცებ სასტუმრო ააშენო, მაშინ ასე მარტივად არ ყოფილა საქმე. ეტაპობრივად მივამატე ოთახები - სველი წერტილებით, ორანჟერეა, ფანჩატაური, ცოტა მოგვიანებით საცურაო აუზიც… შეიძლება ითქვას, რომ მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ნაბიჯ - ნაბიჯ მოვედი აქამდე.
დღეს, დაინტერესებულ სტუმრებს ვთავაზობ განთავსების მომსახურებას, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ქართულ ტრადიციული სუფრის გაწყობა, ღვინის დეგუსტაცია, სხვადასხვა ტრადიციული კერძებისა და ტკბილეულის მასტერკლასებიც.
ჩემს საქმეზე უზომოდ ვარ შეყვარებული, განსაკუთრებული პატივისცემით ვარ განწყობილი თითოეული სტუმრის მიმართ. რამდენიმე დღის უკან 10 წლის წინ ჩემთან ნამყოფი ქალბატონი მესტუმრა, რომელმაც მითხრა “შენ ხარ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად შემიყვარდა საქართველოში”, განა რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ბედნიერება ჩემს საქმიანობაში?!
17 წლის წინანდელ ტურისტებთანაც კი არ გამწყდარა კავშირი, ისევ ისე ვმეგობრობთ როგორც მაშინ ბევრი წლის წინ…სიმართლე გითხრათ ჩემი ოჯახის პირად ტრაგედიამდე უზომოდ მიყვარდა ქეიფი, სტუმრისთვის ღვინის, ტრადიციული კერძების შეთავაზება, სიმღერა, ცეკვა, მათთვის მხიარული და საინტერესო ისტორიების მოყოლა.. ალბათ გრძნობენ ადამიანებიც ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებასა და საქმისადმი უპირობო სიყვარულს.
ჩვენთან სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან მოდიან, მუდმივი სტუმრები არიან ძალიან ცნობილი და ღვაწლმოსილი ქართველი საზოგადო პირებიც, გვიმასპინძლია ამერიკის ელჩისთვისაც.