ქალები ტურიზმის სფეროSHE - მაია ბიძინაშვილი

მაია ბიძინაშვილი

2007 წლიდან იწყება “ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნოების” ჩამოყალიბება, ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ კიდევ ნუკრიანის საჯარო სკოლის მესამე სართულზე ვიყავით განთავსებული, იმ სივრცეში სადაც “კავკასიურ სახლს” რეგიონალური პროექტის ფარგლებში, გაკეთებული ჰქონდა ოფისი და აქტიურად დავიწყეთ შემოსავლის მომტანი საქმიანობების დანერგვაზე ფიქრი.
შემოსავლის მომტანი საქმიანობები, ცხადია ბევრი მიმართულება შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ჩვენ დავეყრდენით სოფლის გამოცდილებასა და ტრადიციებს. გამოვიკვლიეთ და მოვიძიეთ სოფელში, პროფესიული ხელობის, ხელსაქმის რა სახეობები იყო დამკვიდრებული. ცხადია იმის არ ცოდნაც არ გვეპატიებოდა, არ გაგვეთვალისწინებინა სიღნაღის სამკერვალო და ხალიჩების საწარმოში, დასაქმებული ნუკრიანელი ქალების ისტორია.
ჩვენი სოფლის გამოცდილება, რომ ოდესღაც ქალები, რომელიმე პროფესიულ გაერთიანებაში იყვნენ დასაქმებულები, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახდა პროგრამის განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპზე. სწორად, არსებული ისტორია გვაძლევდა ბიძგს, გაგვეკეთებინა რაღაც მსგავსი - “ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნოების” სახით.
სახელოსნოებში, აქტიურად ჩავრთეთ სოფლად მცხოვრები ქალები, გვქონდა სხვადასხვა წრეები, მაგალითად თექის შემსწავლელი ჯგუფი, ქვილთის შემსწავლელი ჯგუფი, ქსოვა, ქარგვა, ფუჩეჩით ქსოვა და სხვ.
თავდაპირველად, ბევრი მიმართულება ავიღეთ, შესაბამისად ბევრი სახეობის პროდუქტი მზადდებოდა. 

შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა დარგს და მიმართულებას ვტესტავდით, რათა გაგვეგო რა იმუშავებდა და რა არა. ხომ არსებობს უამრავი საწარმო, რომელიც ერთ კონკრეტული სახეობის პროდუქტს აწარმოებს, ჩვენ ბევრ მიმართულებაზე ვიყავით ფოკუსირებული, რათა მუშაობის, პრაქტიკის პროცესში გაგვეგო საითკენ უნდა წავსულიყავით და რა იყო მეტად ეფექტური.
ახლა, ტურიზმი რომ ასე ახლოა ჩვენთან, იმ პერიოდში ნელ-ნელა იწყებოდა ტურიზმის ინდუსტრიის გაქტიურება. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც სიღნაღში გამოფენა-გაყიდვებს აწყობდა, ათვისებული გვქონდა პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული აივნები. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლებისგან თანხმობის წერილიც მივიღეთ რომ შაბათ - კვირა ჩავსულიყავით და გამოფენა-გაყიდვა გაგვეკეთებინა. ძალიან კარგად მახსენდება ეს ისტორია, ეს იყო თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები და საერთოდ, ჩვენი ტურიზმის სექტორში აქტიურად ჩაბმის ეტაპი. ჩვენთან პროფესიული ხელობები ბევრმა ქალმა ისწავლა, დღეს მათ უკვე თავიანთი შემოსავალი აქვთ და ბაზარზე კონკურენტუნარიან გარემოს ქმნიან.
ჩვენი სახელოსნო, თავის შინაარსით, არსით, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა, სწორად მაშინ, როცა დიდ შეკვეთებზე დავიწყეთ მუშაობა, ნელ-ნელა გავცდით სიღნაღს და უკვე თბილისში, სხვადასხვა გამოფენებში დავიწყეთ მონაწილეობა. დროთა განმავლობაში, დავიხვეწეთ სტრუქტურულადაც, ფუნქციონირება გავაგრძელეთ ნუკრიანის კულტურის სახლში, ამ დროს უკვე შემდგარი სახელოსნო ვიყავით, რომელთან ერთადაც უკვე დამოუკიდებლად, სათემო ორგანიზაცი “ ნუკრიანი” არსებობდა.
უამრავი შეკვეთები გვქონდა… ჯერ მარტო ქართული ხალხური ცეკვის ფორმები იკერებოდა უსაზღვრო რაოდენობით, ან როგორ ვერეოდით მიკვირს, 24 საათი მუშაობა გვიწევდა. ამ დროს, ჩვენ გვერდში გვედგა სათემო განვითარების ცენტრი - ანა მარგველაშვილის სახით, ანას ჩამოყავდა მარკეტოლოგები, რომლებიც გვასწავლიდნენ, როგორ შეგვეფუთა ჩვენი ნაწარმი, ისე რომ უფრო მისაღები ყოფილიყო ბაზარზე გასატანად, როგორ მოგვეწყო გამოფენა, როგორ ჩაგვედო მასში საინტერესო შინაარსი, მთლიანობაში, მივიღეთ უდიდესი გამოცდილება და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ ვისწავლეთ.
რაც შეეხება სახელოსნოების მუშაობის სპეციფიკას, მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოება, ჩვენი ორგანიზაციის წარმატების საიდუმლოა. ყველა ნივთში არის ეთნოგრაფიული ელემენტი, მაგალითად თექა, კიბატონო, უძველესი დარგია, მაგრამ თექას სხვაგანაც შეხვდებით, მაშ რამ უნდა განგვასხვაოს?! ჩვენ, თავიდანვე აქცენტი ავიღეთ ხარისხზე, ფერზე და ორნამენტზე. პროდუქციის შექმნისას, აუცილებელია გამოვიყენოთ კახური, ქიზიყური ფერები, ჩვენთან მოსულ ტურისტს, ზოგჯერ მოთხოვნა აქვს განსხვავებულ ფერებზე, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, სხვა გზა არ გაქვს, უნდა აეწყო ტურისტის ინტერესებზეც, თუმცაღა, ძირითად ფერებს, ნიშას და პრინციპებს არ ვკარგავთ და მკაცრად ვიცავთ.
2018 წელს დავამატეთ ერთ - ერთი პროგრამა - ტურისტული მომსახურების სახით, სტუმრებს ვთავაზობთ პურის ცხობის, ჩვენებური ნაზუქის, ჩურჩხლის მასტერკლასებს. ახლახანს, დავამატეთ მოხატვა - თან წაიღეს პრინციპით, ეს არის პატარა ნატეხებზე ანბანის/ორნამენტის გამოყვანა, ეს გამოგვარჩევს სხვა სახელოსნო/ეთნო ეზოებისგან. ძალიან სახალისო პროცესია, თან სწავლობენ და თან მიაქვთ თავისი შექმნილი პროდუქტი.
კოვიდპანდემიის დროს, რა თქმა უნდა წყვეტა დიდი იყო, ფაქტობრივად ახლიდან დაგვჭირდა ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება, (ჯერაც ვერ მივედით იმ ნიშამდე სადაც პანდემიამდე ვიყავით) მაგრამ არ გავჩერებულვართ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
წლებია, მთავარ გამოწვევად რჩება არასტაბილური შენობა და საკუთარი ფართის არ ქონა. მას შემდეგ, რაც ნუკრიანის კულტურის სახლი დაიწვა, უკვე მესამე შენობა გამოვიცვალეთ და არც არის მუშაობისთვის შესაფერისი. ჩვენი საქმიანობაც მაგიტომ ვერ გაფართოვდა, რომ წლებთან ერთად უფრო და უფრო გვიპატარავდება სამუშაო სივრცე. დღევანდელი შენობის ეზო საკმარისია, მაგრამ სულ ეზოში ხომ ვერ მივიღებთ სტუმრებს, ზამთარში შეუძლებელია მათი დახურულ სივრცეში მიღება, მხოლოდ ორი პატარა ოთახის იმედათ ვართ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, სიახლეებზე ორიენტირება, აუცილებელია აჰყვე თანამედროვე მოთხოვნებსა და ტენდენციებს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ავაწყოთ ონლაინ გაყიდვების გვერდი, თუმცა ამისთვის სათანადო ფინანსების მობილიზება დაგვჭირდება.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სახელოსნოები თავის არსით არ ატარებს კომერციული ორგანიზაციის შინაარს, იგი არ არის კერძო ბიზნესი. ეს არის სოციალური საწარმო, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტია, სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივად ღირებული საკითხების გადაწყვეტის პროცესში აქტიური თანამონაწილეობა. (მაგალითად, დასუფთავების აქციის ორგანიზება და საჭირო ინვენტარის შეძენა, სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტისთვის სასწავლო კურსის დაფინანსება და სხვ.) ჩვენ შემოსავლის ნაწილს ვაბრუნებთ უკან, საწარმოს განვითარებისთვის, აგრეთვე გავცემთ დასაქმებულების ხელფასებს.
დღეს, სახელოსნოში ვამზადებთ თუშური ორნამენტებითა და პიქტოგრამებით დატვირთულ პანოებს, რომელიც ჩვენი ექსკლუზივია და ძალიან მოთხოვნადია (პიქტოგრამები, ჩვენს მიერ არის აღებული და ჩვენს გარდა ამ ტექნოლოგიით არავინ მუშაობს). სპეციალურად ‘’ნუკრიანის სახელოსნოებისთვის’’ შეიქმნა განსაკუთრებული დიზაინის ანბანის ფორმებიც, მაშინ როცა ანბანის თემა გავააქტიურეთ, იუნესკოს ჯერ არ ჰქონდა აღიარებული, ქართული ანბანი, კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. საწარმოში ვქმნით ეროვნულ სამოსს, (ქოქლო,ყაბალახი და სხვ.) ქვილთის ჩანთებს, ქვილთის ტექნიკით ვქმნით აგრეთვე საბნებს, ბალიშებს, მუთაქებს, და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. ახლახანს წარმოებაში ჩავუშვით ანბანის თემატიკაზე დამზადებული ჩანთებიც, რომლებსაც ბუნებრივი ტყავის სახელურები ექნება. სახელურების დამზადების მიზნით, თანამშრომლობა დავიწყეთ სახელოსნო “თანისთან”, ვფიქრობ, დააინტერესებთ ახალი მოდელი სტუმრებს. ვამზადებთ, თუშურ წინდებსაც, ეროვნული თემატიკით დატვირთულ თოჯინებს, ლურჯ სუფრას, რომელსაც განსაკუთრებულ შტრიხს სძენს თეთრ ქსოვილზე ლურჯი ქსოვილით მუშაობის ტექნიკა.
წარმატების საიდუმლო უპირობოდ არის ის საქმე, რასაც ვემსახურებით. სახელოსნოს თითოეულ თანამშრომელს, მორალურ ვალდებულებად მიგვაჩნია, ეს საქმე გაგრძელდეს. რაც სიღნაღში ტურიზმი გააქტიურდა, სამუშაო ადგილებიც გაჩნდა, სახელოსნოს ქალებს შეუძლიათ სადმე სხვაგან დასაქმდნენ, მაგრამ გააზრებული და ბოლომდე გვაქვს გაცნობიერებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქ მოსვლა. თემის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სოფელში ერთმა სახელოსნომ მაინც გამართულად იმუშავოს.