ქვეყანა - საქართველო
რეგიონი - კახეთი
მუნიციპალიტეტი - სიღნაღი
თემი - ქვემო მაჩხაანი
კოორდინატები - 41°31′57″ ჩ. გ. 46°05′33″ ა. გ.
მოსახლეობა - 359 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა: ქართველები 71,3 %, სომხები 10,0 %, რუსები 9,2 %, სხვები 9,5 %
სასაათო სარტყელი - UTC+4
მანძილი სიღნაღიდან - 25 კმ.
მანძილი - თბილისიადან - 130 კმ.
სოფელი ხირსა მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ხალხური ეტიმოლოგია ხირსის სახელწოდებას უკავშირებს მეფე ერეკლეს და მეფე თამარის ამ მიდამოებში სტუმრობას, ასევე ეპისკოპოს კირიონის ჩანაწერებს.
ისტორია
ძვ. წ. ათასწლეულის I მესამედში წარმოიქმნა დაბის ტიპის მსხვილი სამოსახლო. სადაც განვითარებული იყო კერამიკის წარმოება. ამას ადასტურებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნივთები და 1962 წელს ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხი. ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში ქალაქური ხელოსნური წარმოების ჩასახვისა და განვითარების პერიოდში ხირსა თანდათან დაქვეითდა.
VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა სტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) აქ მონასტერი დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული. წმინდა სტეფანეს მონასტერი დიდ როლს ასრულებდა კახეთის, კერძოდ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიგიურ ცხოვრებაში. დღეისათვის შემონახულია გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზე. ძეგლი მრავალჯერ არის გადაკეთებული (VIII-IX სს., XI ს., XVI ს.).
ცარიზმის პერიოდში ხირსის კოლონიაში ასახლებდნენ ქვეყნისათვის საშიშ პირებს. ესე მოხვდნენ აქ დეკაბრისტები.
გადმოცემის თანახმად, დაბას სტუმრობდნენ ალექსანდრე პუშკინი, ალექსანდრე გრიბოედოვი, მიხეილ ლერმონტოვი.
1932 წელს აქ დაარსდა ხირსის საბჭოთა მეურნეობა.
სამამულო ომის დროს კოლონიაში ჩასახლებული გერმანელი ტყვეების მიერ გაშენდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც დღემდე იქცევს დამთვალიერებლების ყურადღებას თავისი არქიტექტურით.
ლავრენტი ბერიას ინიციატივით ხირსაში გაშენდა საჩვენებელი დენდროლოგიური პარკი, სადაც იქნა დარგული უნიკალური და იშვიათი ნარგავები, რომლის ნაწილი დღესაც შემორჩენილია.