რთველი შემოდგომით იწყებოდა. როგორც საბა-სულხანი განმარტავს, „რთველი შემოდგომა არის“. ქიზიყში შეგროვილი ეთნოგრაფიული მასალებიდან ირკვევა, რომ რთველი თვეობით გრძელდებოდა, მითუმეტეს, ქიზიყში. წინა მხარში სექტემბრის დასაწყისში შეიძლებოდა დაწყებულიყო და მთავრდებოდა უკანა მხარში, ოქტომბრის თვეში. ალბათ, იმიტომაც ერქვა წელიწადის მეათე თვეს „ღვინობისთვე“.
საერთოდ, მოსავლის აღება გლეხისთვის დიდი სიხარულია, მაგრამ რთველი მაინც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ძველი ქიზიყელი იტყოდა, „აღდგომის მერე ყველაზე დიდი ზეიმი რთველიაო“.
რთველში მხოლოდ ვენახის მეპატრონე და მისი ოჯახი არ მონაწილეობდა. ძველად ქიზიყში ჩვეულებად იყო რთველში ნათესავების მოწვევა და მათი დახმარება. მევენახის მიერ მოწვეულ სტუმრებს სათანადო გამასპინძლება სჭირდებოდა, მათ საპატივცემულოდ ჩხის ან აკიდოს დამზადება-აჭრა იცოდნენ, ზოგ შემთხვევაში, კი მორჩეული ყურძნის სახლში გატანებაც.
ყველაზე დიდი სამუშაოები რთვლის წინა პერიოდს მოიცავდა. თუ წინასწარ ყველაფერი არ იქნებოდა მომზადებული, ის სამუშაოები ,,გათოთხარდებოდა’’ (გაჭიანურდებოდა) და უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა მეურნე. ზოგიერთი ჭურჭელი, რომელიც წინა წელს იყო ნახმარი, შეიძლება, აღარ ვარგებულიყო, ამიტომ საჭირო იყო მათი ხელახლა დამზადება. კიდევ უფრო დიდ სიძნელეს წარმოადგენდა საწნახელისა და ქვევრების რეცხვა. გოდორი, გოდროლა, გოგროხა და მისთანანი მალე ფუჭდებოდა. ამ უკანასკნელთა მასალა შორიდან მოჰქონდათ, მათი დაწვნა იყო საჭირო და ამასაც დრო სჭირდებოდა.
სულ მცირე, ერთი კვირით ადრე მევენახე დასთქვამდა, რა დღით უნდა დაეწყო ყურძნის კრეფა. ამასაც დიდი ცოდნა უნდოდა. არც მკვახე იყო კარგი და არც გადამწიფებული, თან ყუნწიც „შემოსული’’ უნდა ყოფილიყო, - ამას კახური ღვინის დასაყენებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. წინასწარ შეატყობინებდნენ ნათესავებსა და მოკეთეებს. კარგი მევენახე დილით ყველაზე ადრე ადგებოდა, საკიდრით ჩაიტანდა გოდრებს ვენახში, მერე საგულდაგულოდ კიდევ ერთხელ შეამოწმებდა მარანსა და ქვევრებს, ქვევრებში გოგირდს ჩაჰკიდებდა ანუ ჩააბოლებდა. ვენახში წასულები თან გაიყოლებდნენ არაყს, ყველს, პურს, კაკალს დაამტვრევდნენ და რამოდენიმე ღაჟღაჟა მტევანსაც გვერდზე უდებდნენ რთვლის სუფრას.
დაილოცებოდნენ: ღმერთს მადლობას შესწირავდნენ, ვენახის ბარაქას იტყოდნენ, მერე სტუმარ-მასპინძლისას და კრეფას იწყებდნენ.
სანამ ყურძნის კრეფას დაიწყებდნენ, ჯერ ყურძენს ჩხის ან აკიდოს სახით აჭრიდნენ იმ ვაზს, რომელიც ამა თუ იმ წმინდანის სახელზე ჰქონდათ განკუთვნილი: „შეუთქვამდნენ, ოღონდ ნუ დამისეტყვამ და ჭირში ნუ მომახმარებ, ეს შენა და ეს მენაო“. წმინდანისთვის განკუთვნილი იქნებოდა ერთი ან ორი ვაზი და ოჯახის ყველა წევრმა იცოდა ეს, რათა ხელი არ ეხლოთ. ამ ვაზიდან მოკრეფილი ყურძენი პურ-ღვინით ეკლესიაში მიჰქონდათ, მას მღვდელი დაამწყალობებდა, ადღეგრძელებდა და სამადლობელ პარაკლისსაც გადაიხდიდა, რის შემდეგაც მლოცველებს ჩამოურიგებდნენ.
ვენახში შესვლისას წინ ყველაზე ზორბა ბავშვს გააგორებდნენ და თან შესძახებდნენ, - ბარაქა, ბარაქაო.
როცა მკრეფავები ვენახს შეესეოდნენ, მასპინძელი შეუძახებდა, - აბა თქვენ იცით, ცოტა მხიარულადაო, და წავიდოდა სიმღერა, გადაძახილ-გადმოძახილი, ხუმრობა და ანეგდოტები. ყურძნის კრეფა ვენახში ცალმხრიდან მიყოლებით ყოფილა საჭირო. მკრეფავები ერთი მხრიდან დადგებოდნენ და ასე „ღობურად“ მიჰყვებოდნენ მოსაკრეფ ვაზს.
ძველების გადმოცემით, ყურძენი წმინდად იყო მიჩნეული, - „წამალი და დანა არ მიეკარებაო“. ამის გამო მას არც დანას აკარებდნენ და არც ვაზის მაკრატელს, „ვაზს ჭრილობას მივაყენებთ და ცოდვად ჩაგვეთვლებაო“. ყურძენს ყუნწზე აქვს მუხლი, მუხლი ისეთი ადგილია, რომლითაც ზოგიერთი ვაზის ჯიშის მტევანი სრულიად იოლად შორდება ლერწს.
დაკრეფილ ყურძენს კალათებიდან გოდრებში აწყობდნენ და ურმით მარნისკენ წაიღებდნენ, მარნიდან ვენახამდე დიდი მანძილი არ უნდა ყოფილიყო. იტყოდნენ - „ყურძენს კარგად არ მოუვაო“ ან „ჩახურდებაო“.
ვენახიდან ვინც ბოლო გამოვიდოდა, „ნაპირა ვაზი“ უნდა გაესხლა და თან მიეძახნა, „ნუ გეშინია, პატრონი გყაავსო“.
„ნაზო, ქალწულო, დალალდაწნულო,
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი...
შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!’’
აღსანიშნავია, რომ ქიზიყურ რთველში ძალიან გავრცელებული იყო თხის დაკვლა. როდესაც ვინმეს თხა ეყოლებოდა დასაკლავი, მეორეს ეტყოდა, „რთვლისთვის ვინახავო“. როცა ყურძენი საწნახელში ჩაიყრებოდა და წურვა დაიწყებოდა, კიდევ ატყდებოდა ხოლმე დიდი ჟივილ-ხივილი, ზოგი სიმღერას იტყოდა, ზოგი ლექსსა და კაფიას, ბავშვებიც ჩადგებოდნენ საწნახელში, მასპინძელი სანთელს ანთებდა და ილოცებოდა, მწვადი იწვებოდა და თონეში პური ცხვებოდა, ქვევრი იხსნებოდა და ძველი ღვინით ილოცებოდნენ.
გიორგი ჩერქეზიშვილი
ბლოგის ავტორი