
ნიკო ფიროსმანიშვილი (ნიკალა) დაიბადა 1856 წელს საქართველოში, ქიზიყის სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში. მშობლიური ბუნების სიყვარულმა და სოფლის ტრადიციებმა ისე მძლავრად გაიდგა ფესვები ნიკოს მახსოვრობაში, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებები სიკვდილამდე თან გაჰყვა.
მეგობრები მას ნიკალას უძახდნენ, მხატვრისადმი მიძღვნილ ლექსებში და პიესებში ის მოხსენიებულია , როგორც ნიკალა, ან ფიროსმანი.
უკვე დიდი ხანია რაც ფიროსმანი გენიალური შემოქმედების, ტანჯული სიმარტოვის და რომანტიული სიყვარულის ლეგენდად იქცა.
ნიკო ფიროსმანი დაიბადა 1862 წლის 5 აპრილს სიღნაღის მაზრის სოფელ მირზაანში. ძალიან ადრე 8 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, ავადმყოფმა დედამ იგი არღსაზრდელად თბილისში სომეხი ემიგრანტის კალანტარ კალანტაროვის ოჯახში გაგზავნა, აქ იგი მსახური ბიჭის სტატუსით იზრდებოდა. ამ ოჯახში შექმნა ნიკომ თავისი პირველი ბავშვური ნახატები. ხატავდა ყველაფერზე, კედლებზეც კი, ამის გამო უბრაზდებოდნენ, თუმცა ის მაინც აჭრელებდა კედლებს ნახატებით. ამ საქციელით შეიძლება განიჭვრიტოს მისი თავშეუკავებელი მიდრეკილება ხატვისადმი. ნიკო მოწიფული ჭაბუკობის ასაკში წავიდა კალანტაროვების ოჯახიდან და ამის მიზეზიც ჰქონდა. ის წერილების მეშვეობით სიყვარულში გამოუტყდა ოჯახის უფროსის დას ელისაბედს, რამაც ოჯახის აღშფოტება გამოიწვია, ნიკომ იწყინა და სამუდამოდ დატოვა მათი ოჯახი. ასე დაიწყო ნიკოს მარტოსული და მოხეტიალე ცხოვრება.
1883 წელს ნიკო თბილისის რკინიგზის სადგურში დარაჯად მუშაობდა, ჰქონდა სამორიგეო ფარდული ხის ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და ჯამაგირი. ხანდახან ხატავდა. ერთხელ უფროსს შეუსწრია ხატვისას, ნახატებისტვის ხელი დაუვლია და გარეთ მოუსვრია. ფიროსმანს ჩხუბი მოსვლია იმ უფროსთან. ნიკო იმედოვნებდა რომ კვლავ რკინიგზის სისტემაში გააგრძელებდა მუშაობას, მაგრამ ასე არ მოხდა, როცა განთავისუფლდა ამის შემდეგ უკან აღარ მიიღეს.
რკინიგზაზე მუშაობის პერიოდში ნიკოს ჯანმრთელობა შეერყა. რევმატიზმი, ციებ-ცხელება, გულის ტკივილები მოსვენებას არ აძლევდა. არც ექიმების მკურნალობა შველოდა.
რკინიგზიდან წამოსვლის შემდეგ იგი გაეცნო და დაუახლოვდა მედუქნეებს , რომელთა პატარა ფარდულებზე მალე ნიკოს დახატული აბრები გამოჩნდა. ერთერთ მედუქნეს, რომელიც რძის ნაწარმით ვაჭრობდა დაუხატა ძროხა რძიანი ქილით, მედუქნეებს მოეწონათ ნიკოს ნახელავი, თუმცა მათ ინტუიტურად მოსწონდათ ნახატები. მათ არ შეეძლოთ ჩაწვდომოდნენ ნიკოს ტილოებს სერიოზულ მხატვრულ დონეს. ნიკოს ფერწერის დამნახველები ჯერ არსად ჩანდნენ. უბრალო ხალხი ვინც მის ნახატებს ნახულობდა ნაკლებათ ესმოდათ მხატვრობის საიდუმლოებები.
ნიკო თბილისში დაბრუნდა, არც სახლი ჰქონდა, არც სახსარი. თვითონაც არ იცოდა, თავი რითი ერჩინა. დადარდიანებული ერთ სამიკიტნოში შევიდა, მიკიტანმა თავის დამხმარედ მუშაობა შესთავაზა. მადლიერმა ნიკომ მას აბრა დაუხატა. ეს აბრა ისე მოეწონათ სხვა მედახლეებს, რომ ძალიან ბევრმა მისცა შეკვეთა და მალე ნიკოს დახატული აბრები მთელ ბაზარს მოეფინა. ერთ თვეზე მეტი იმუშავა ნიკომ მიკიტანთან და ბოლოს საკუთარი დახლიც ჩადგა ბაზარში. რძით, მაწვნითა და ყველით ვაჭრობდა. საქმე ძალიან კარგად წაუვიდა, ისე რომ მარტო ვერც კი აუდიოდა მუშაობას და თავისი თანასოფლელი აიყვანა დამხმარედ. ცოტა წელი რომ მოიდგა, სოფელში ჩავიდა და თავის დას სახლი აუშენა და წუხდა, ფული შეინახე, ცოლს მოიყვან და დაგჭირდებაო. მაგრამ ნიკომ მიუგო, ქართველებს არ გვჩვევია, გაჭირვებაში მყოფი ახლობელი გვყავდეს და არ დავეხმაროთ, ფულის შენახვა რას მიქვიან, როცა შენ გიჭირსო. მე ასეთი ვარ და ვერ გამოვიცვლებიო. ახლადაშენებული სახლი ნიკომ ნაირნაირი ნახატებით მორთო. მეზობლები გაოცებულნი უყურებდნენ ასე წითელ-ყვითლად აჭრელებულ კედლებს. ამ პერიოდს ემთხვევა მისი ურთიერთობა სიღნაღთან. ნიკალა ხშირად დადიოდა სიღნაღნაღში საღებავების შესაძენად, იგი საღებავებს ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ სამღებროებში იძენდა.
მეგობართაგან ბევრი ურჩევდა მარტოსულ ნიკოს დაოჯახებას, თუმცა მას ამის გაგონებც არ უნდოდა. მისი დისა და შინაურების დაჟინებული ძალისხმევით საქმე ქორწინებამდეც მივიდა , მაგრამ ნიკალა თავისი ქორწილიდან გამოიქცა. შეიძლება უბრალოდ არ მოეწონა, შეიძლება წარმოიდგინა რომ სამუდამოდ სოფელში უნდა ჩარჩენილიყო ან თავისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო. ცხადია, რომ შეყვარებული ნამდვილად არ იყო თავისი დის მიერ შერჩეულ საცოლეზე.
სოფელში ნიკო ერთი წელი დარჩა და მერე ისევ თბილისში დაბრუნდა.
ერთხელ ნიკო მუშტაიდის ბაღში იჯდა და სადილს შეექცეოდა. ესრადაზე მომხიბვლელი ფრანგი ქალი მღეროდა. ერთხანს გულგრილად შესცქეროდა მხატვარი მომღერალს, მერე მზერა დაძაბა, დააკვირდა. ქალი ისეთი მომხიბვლელი და ჰაეროვანი ჩანდა, თვალი ვერ მოსწყვიტა. ნიკოს ერთი ნახვით ისე შეუყვარდა ქალი, რომ იგი მისი სიცოცხლის განუწყვეტელ ნაწილად იქცა. თითქოს არც მარგარიტა იყო გულგრილი, მხატვარს ხვდებოდა, ნიკოს გარდა სხვასთან არავისთან ვახშმობდა.
ერთ დილას ნიკო დაზგას მიუჯდა, ფუნჯი და მუყაო მოიმარჯვა და მარგარიტას ხატვას შეუდგა. იმ დღეს შინ დაბრუნებულ მარგარიტას მოხდენილად ჩაცმული ნიკო კართან დაუხვა. ხელში წითელი ვარდები და შეხვეული რაღაც საგანი ეჭირა. მარგარიტამ საგანს ქაღალდი მოხსნა და გაოცებულმა წამოიძახა:
– ნუთუ მე დამხატე? – მერე დაამატა, – ამ სურათს გვერდიდან არასოდეეს მოვიშორებ.
სიყვარულმა ნიკოს ყველაფერი დაავიწყებინა. მან თავისი სავაჭრო დახლი გაყიდა და მთელი ფული საყვარელ ქალს დაახარჯა. ერთ დილას, მარგარიტას ორსართულიანი სახლის ახლომახლო რამოდენიმე ურემი დადგა, ყვავილებით დატვირთული. მეურმეებმა მინდვრის ნამიანი ყვავილები ბღუჯა-ბღუჯა ჩამოიღეს ურმებიდან და ქუჩაში ხალიჩად მიმოფინეს. მერე ბოლო ურმიდან სისხლისფერი ვარდები გადმოიღეს და ყვავილების ხალიჩის მთელ სიგრძეზე წითლად მოხასხასე ბილიკი გააკეთეს. გამვლელები გაოცებულნი უყურებდნენ, ასეთი რამ თბილისში არასოდეს მომხდარიყო. მალე კიბეზე ოქროსფერთმიანი ქალი გამოჩნდა, გაოგნებული იცქირებოდა. ბოლოს მიხვდა, რომ მხოლოდ ნიკოს შეეძლო ასეთი რამის ჩადენა. მხატვარიც იქვე იდგა და ქალს ელოდა.
დიდხანს თვალთმაქცობდა მარგარიტა ნიკოს წინაშე, იშვიათად თუ მიიწვევდა სახლში, მეტ დროს მდიდართაყვანისმცემლებთან ერთად ატარებდა.
ერთ დღეს მარგარიტასთან მისულ ნიკოს მეკარემ წერილი შეაჩეჩა ხელში. მარგარიტა წასულიყო, ნიკოს დახატული სურათი დაეტოვებინა და სამუდამოდ ემშვიდობებოდა. გაოგნებული და დარეტიანებული ნიკო დუქანში შევიდა მეგობრებთან. ღამე იქ გაათია, მერე სურათი აიღო და წავიდა. ერთი სახლის კიბეზე ჩამოჯდა გულდათუთქული. ფიქრებში გართულს თავზე მეეზოვე წამოადგა. კეთილმა, ყურადღებიანმა მეეზოვემ ნიკოს ამბავი დაწვრილებით მოაყოლა, შეეცოდა უსახლკარო, უსასხრო, იმედგაცრუებული ადამიანი და თავშესაფარი კიბის ქვეშ, ხელსაწყოების ფარდულში შესთავაზა. საჭმელიც თვითონ მიჰქონდა. შვილივით უვლიდა. რამოდენიმე ხანი ნიკო ამ ქვეყანას არ იყო, მაგრამ მერე ცოტა მოიხედა. ერთ დღეს, როცა მეეზოვემ საჭმელი მიუკითხა, ნიკომ მისი სურათი დაახვედრა. მეეზოვის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, გულში იხუტებდა სურათს და გაიძახოდა: არა, ნამდვილად მე ვარ, ნახე, როგორ მგავსო.
ამის შემდეგ ნიკო თავს მხატვრობითღა ირჩენდა, სამიკიტნოებს ხატავდა. იმ ხანად თბილისში ვინმე ბექო იაქიევს დუქანი გაეხსნა და სარფიანადაც ვაჭრობდა. მისი დუქანი ნიკომ ნაირ-ნაირი სურათებით დაამშვენა. მედუქნე ძალიან კმაყოფილი იყო და დიდად აფასებდა მხატვარს.
ძველი თბილისი ნელ-ნელა ნიკოს ნახატებით ივსებოდა ასე იქცა ნიკოს მხატვრობა კოლორიტულ მოვლენად.
1911 წელს მიკიტანმა ტიტიჩევმა მიიწვია ნიკო თვისი სამიკიტნოს მოსახატად სწორედ აქ დახატა ისეთი ბრწყინვალე ნამუშევრები როგორიც არის ”ორთაჭალის ტურფები”, “ჟირაფი” და “შავი ლომი”.
ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პოპულარიზაციაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს – მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს: მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან – გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის.
ერთხელ ნიკოს მოხატულ სამიკიტნო „ვარიაგში“ სადილად შეიარა სამმა ახალგაზრდამ, ორნი ძმები იყვნენ, ზდანევიჩები, ერთი კი მათი სტუმარი ფრანგი მხატვარი. ისინი აღაფრთოვანა კედლებზე გაკრულმა უცნობი მხატვრის სურათებმა და დაწვრილებით გამოიკითხეს მისი ვინაობა. მიშელი (ასე ერქვა ფრანგს) კარდაკარ დადიოდა და ნიკოს სურათებს იძენდა, ბოლოს თვითონ ნიკოსაც მიაგნო და გაიცნო. მალე მიშელმა ნიკოს სურათების პირველი გამოფენა მოაწყო, დიდხანს ელოდნენ თავად მხატვარს გამოფენაზე, მაგრამ არ გამოჩნდა. ამის შემდეგ მიშელმა ნიკოს ნახვა ვეღარ მოახერხა.
„ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ“ ფულადი დახმარებაც აღმოუჩინა გაჭირვებაში მცხოვრებ მხატვარს. ნიკოს ცხოვრებაში თითქოს გამოიდარა, იგი აღიარეს, მასზე წერდნენ გაზეთები, იწვევდნენ კრებებზე. ნიკოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ყველას უზიარებდა თავის ბედნიერებას. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიღაც ლიტერატორმა და მხატვარმა ღვარძლიანი წერილი გამოაქვეყნა ნიკოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევამ მხატვარს ყველაფერზე გული გაუტეხა, მოეშვა, იშვიათად ხატავდა, ნაცნობ-მეგობრებსაც აღარ ხვდებოდა, ბახუსს დაუმეგობრდა. ხანდახან თუ შეივლიდა სამიკიტნოში და ლუკმა პურის საშოვნელად დახატავდა რამეს.
1918 წლის გაზაფხული იდგა. ნიკომ ერთი დაუმთავრებელი სურათის ხატვა დაამთავრა ერთ დუქანში, საღამოხანს ცუდად შეიქნა… სიკვდილთან მებრძოლი მხატვარი სასწრაფოდ გააქანეს საავადმყოფოსაკენ, მაგრამ გვიან იყო, გარდაიცვალა. დიდხანს ესვენა მისი გვამი და რომ არავინ მოაკითხა, როგორც უპატრონო მიცვალებული სადღაც წაიღეს და არავინ იცის, სად დაასაფლავეს.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა, წარწერით - "შეიწყალე, უფალო, ნიკალა!". დღემდე არსებულ ვერსიებს შორის, რომ თითქოს საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა ან თუნდაც - კუკიაზე, ოღონდ ეკლესიის მარჯვენა მხარეს, ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია.