სოფელი ჯუგაანი

ქვეყანა -  საქართველო
რეგიონი - კახეთი
მუნიციპალიტეტი - სიღნაღი
თემი - ჯუგაანი
კოორდინატები - 41°35′45″ ჩ. გ. 45°59′16″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე - 400 მ
ოფიციალური ენა - ქართული ენა
მოსახლეობა - 2107 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა - ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი - UTC+4
მანძილი სიღნაღიდან -  12 კმ.
მანძილი - თბილისიადან - 117 კმ.

სოფელი ჯუგაანი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას.  იგი მდებარეობს წნორი-დედოფლისწყაროს გზატკეცილზე. აღმოსავლეთით სოფელი ტიბაანი, დასავლეთით სოფელი ბოდბისხევი, ჩრდილოეთით ალაზნის ველი, ხოლო სამხრეთით ცივგომბორის მთები ესაზღვრება.

ისტორია
სოფლის ტერიტორიაზე დასახლების კვალი ჩვენს ერამდე იწყება. ამას მოწმობს 2019 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცის მიერ სოფლის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთების გამოვლენა. ეს არის დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო. ამავე პერიოდს, ძვ. წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ნაგებობიდან ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები სიღნაღის მუზეუმშია დაცული.

რუსეთის იმპერიის პერიოდში ჯუგაანის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები ჯუგაანი, პრასიანი და ტიბაანი.

გადმოცემის თანახმად, ჯუგაანი სოფელს ძირითადი გვარის ჯუგაშვილების მიხედვით ეწოდა. სოფლის ისტორიაზე ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჯუგაანელების ამ განთქმულ გვარს გმირი თევდორე ჰყოლია, რომელსაც პოეტმა და დრამატურგმა სანდრო შანშიაშვილმა ვრცელი ლექსი მიუძღვნა.

ფასდაუდებელია ჯუგაანელთა მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში. შინმოუსვლელთა სახელი სამუდამოდ დაერქვა 286 ჩვენ თანასოფლელს. მათ შორის ორ ქალს. ხოლო სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი დაბრუნდა 165 ვაჟკაცი. არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში შეურცხვენიათ თავი ჯუგაანელებს, თავგანწირულად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. მათგან არ დაბრუნებულა 22 წლის მოსე ბალიაშვილი, რომელმაც სახლში ორსული მეუღლე დატოვა. ამჟამად მისი ვაჟიშვილი უკვე 27 წლისაა, ხოლო დედამისი, უკვე ღრმად მოხუცი, დღესაც ელოდება ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილს. მისი ლოდინი კი უსასრულოდ გრძელდება.

ამჟამად სოფელში 970 ოჯახია (2480 მოსახლე) ისინი ძირითადად მისდევენ მევენახეობას და მემინდვრეობას, აგრეთვე, მეცხოველეობას, მებოსტნეობას, ზოგიერთი მებაღეობას, მეფუტკრეობას.

სოფელს ამშვენებს შინმოუსვლელთა ობელისკი, ძელიცხოვლის ეკლესია. ყველა ოჯახისათვის ყოველი წლის 20 მაისი ძელიცხოვლობის საზეიმო რელიგიური დღესასწაულია. სოფელს აქვს მწერალ სანდრო შანშიაშვლის სახლ-მუზეუმი.