ნუკრიანის წმინდა გიორგის ეკლესია

Image

ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, აღმოსავლეთ ნაწილში, სასაფლაოზე. ტაძარი აგებულია რიყის ქვითა და ქართული აგურით, მოთუთიებული თუნუქით გადახურულია. კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი გარედან შეთეთრებულია, შიგნიდან ნაწილობრივ გალესილია გაჯით. სამხრეთ კედელზე ბაზალტის ქვა წარწერებითაა. ტაძრის სიმაღლე დაახლოებით 8-10 მეტრია. ამჟამად ეკლესია მოქმედია.
ტაძარი 1900 წელს აღადგინა ანდრონიკაანიანთ უბნის მოსახლეობამ. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ნოდარ ნადირაშვილი. ეკლესიის აგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლუკა მოსულიშვილმა და არტემ მოსაშვილმა. აქ მსახურობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, დეკანოზი ვასილ ანთაძე.
ტაძარი დღეს არსებული სახით ძველი დარბაზული ეკლესიის გადაკეთების შედეგად ჩამოყალიბდა. დაემატა ახალი ნაწილები, რის შედეგადაც მიიღო თავისუფალი ჯვრის ტიპის გეგმა. შესასვლელები აქვს სამ მხარეს – ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. საბჭოთა პერიოდში შენობა საწყობად გამოიყენებოდა. რესტავრაცია ჩატარდა 1983–84 და 2015 წლებში – აღდგა დაზიანებული კედლები, აიგო კანკელი და ეკლესია გადაიხურა თუნუქით.
ეკლესია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კახეთის მხარეში.