დავით კრაწაშვილი

Image

მას „პატარა გენიოსი“ შეარქვეს. წერდა, ხატავდა, მღეროდა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე ძალიან ადრე, 17 წლის ასაკში დასრულდა. დათო თითქოს საკუთარ წასვლასაც გრძნობდა:

„გასვენების დღეს იქნება წვიმა,
წვიმის წვეთებიც დამიტირებენ,
დამასვენებენ თბილისის მიღმა და,
ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ“…

დათო კრაწაშვილი 1963 წლის 9 ივლისს თბილისში დაიბადა. მისი მამა, მუსიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კრაწაშვილი, სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი იყო.

დათო 31-ე სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. დაამთავრა თბილისის მეორე ექსპერიმენტალური სკოლა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედი ფორტეპიანოს განხრით. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყოფილებაზე, თუმცა მხოლოდ ორი კურსის დასრულება მოასწრო.

1979 წელს თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში მოწყობილ არასაკურსო ნამუშევართა გამოფენაზე დათო სიგელითა და პრიზით — „ვენერათი“ დაჯილდოვდა საუკეთესო კომპოზიციისთვის „წვიმიანი დღე“. ეს მისი პირველი და სიცოცხლეში ერთადერთი აღიარება იყო.

დათოს შემოქმედებას ნათელი და სულისშემძვრელი სევდა გასდევს. მის ნამუშევრებს შორისაა „ცხოვრების წრე“, „ავდარი დასავლეთში“, „გალაკტიონი“, „ბარათაშვილი“, „ბეთჰოვენი“, „მათხოვარი“, „ადამიანი და სამყარო“, „დაბადება“ და სხვ.

Image

გალაქტიონი

დათო კრაწაშვილმა დატოვა დაახლოებით 1000 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, სამწუხაროდ, არ შემორჩენილა, რადგან მათ არასოდეს გადაჰქონდა სანოტო სისტემაზე.

შემორჩა დათო კრაწაშვილის თავისუფალი თემები ქართულ ლიტერატურაში — „ჩემი მეგობარი“ და „ვინ ვარ მე“. ერთ-ერთ მათგანში იგი საკუთარ თავზე წერს: „და მაინც, ვინ ვარ ახლა მე? ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ თავისთვის შედგენილი კანონები“. ტექსტში ჩანს მისი დამოკიდებულება ადამიანებთან, სწავლასთან, მეგობრობასა და საკუთარ სურვილებთან. იგი ასევე აღნიშნავს, რომ დაბადებიდანვე „ხატვისა და მწერლობის ნიჭი“ დაჰყვა და სწორედ ამიტომ ხშირად ავალებდნენ კლასში კედლის გაზეთისა და ალბომების გაფორმებას.

1980 წლის 13 ივლისს დათო კრაწაშვილი ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა — თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციიდან მეთხუთმეტე დღეს.

მისი პირველი პერსონალური გამოფენა გარდაცვალების შემდეგ, 1981 წელს, შავნაბადაზე, ახალგაზრდული ქალაქის საგამოფენო დარბაზ „ფიროსმანში“ მოეწყო. ამას მოჰყვა პერსონალური და ჯგუფური გამოფენები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში — თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ბულგარეთში.

1982 წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა მოსკოვის კინოთეატრ „თბილისის“ საგამოფენო დარბაზში და თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეაში. 1983 წელს მისი ნამუშევრების ექსპოზიცია მოეწყო სანქტ-პეტერბურგში, ხოლო 1985 წელს, მოსკოვში, სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-12 მსოფლიო ფესტივალზე, 20 ნამუშევარი გამოიფინა. 1988 წელს საერთაშორისო ფესტივალზე „მშვიდობის დროშა“ დათოს ნამუშევრებს ბულგარეთში გაეცნენ.

2007 წელს თი-ბი-სი ბანკის საგამოფენო დარბაზში დათო კრაწაშვილის 72 ტილო გამოიფინა, 2009 წელს კი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისი 65 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. 2022 წელს საქართველოს ეროვნულ გალერეაში დათო კრაწაშვილის გამოფენა „დრო“ გაიმართა.

დათო კრაწაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა არაერთი ტელე-რადიო გადაცემა და საგაზეთო სტატია.

1988 წელს აშშ-ის სმითსონის საერთაშორისო ასტრონომიულმა ცენტრმა 3146 ნომრით ცნობილ პლანეტას მისი სახელის მიხედვით „დათო“ უწოდა. დათოს შემოქმედებითი ნიჭის შესახებ ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე მაქს გეიტორი წერდა: „ეს ბიჭი გენიოსი იყო და მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ დათომ ჩვენს აღტაცებაში მოსაყვანად თავისი გენიალური ნაწილი დაგვიტოვა“.

1985 წლის 11 მარტს გაიმართა უდროოდ წასული ხუთი ნიჭიერი შემოქმედის ხსოვნის საღამო, სადაც გაიხსენეს ჯილდა დათუაშვილი, დათო კრაწაშვილი, ვლადიმერ მაჩაიძე, ჯემალ თოფურია და ნუგზარ მაჭავარიანი.

დათო კრაწაშვილმა ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა — ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ლექსები და დღიურები, რომლებიც მისი განსაკუთრებული ნიჭისა და სამყაროსადმი საკუთარი ხედვის კვალს დღემდე ინახავს.