სიღნაღის წმ გიორგის ტაძარი

სიღნაღის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ციხე-გალავნის აღმოსავლეთ კედელთან მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. იგი ერთდროულად არ არის აგებული და შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ორ ფენას, რომელთა შორის ქრონოლოგიური შუალედი საკმაოდ დიდია. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის დღვანდელი სახე რეკონსტრუქციის შედაგად აქვს მიღებული და იგი მე-19 საუკუნის შუა წლებს უკავშირდება. ამას ეკლესიის ისტორიაც ადასტურებს. - როცა, ერეკლე II-მ  სიღნაღში  სომხები და სხვა ეროვნების ხალხი ჩამოასახლა, სხვა პრივილეგიებთან ერთად მათ სალოცავად გადასცათ წმ. გიორგის სახელობის მართმადიდებლური ეკლესია( შემდეგში სუფ გიორგი). სიღნაღელი სუმბათა ეფრემოვის გადმოცემით, რომელმაც ეს ამბავი პაპისგან იცოდა, ტაძარი 1782 წელს გადაუკეთებიათ, მშენებლობას ხელმძღვანელობდა ვინმე  სერიოჟა აკოფოვი. 1958 წელს ძლიერი ქარის შედეგად ჯვარი გადმოვარდნილა. ჯვარი მუზეუმში წაუღიათ, რომელზეც ეწერა 1712 წელი.

ეკლესიის შემაღლებული სახურავის შუაში დადგმულია, აგურით ნაგები, ექვსწახნაგა ამრეკლო, რომელიც ექვსივე მხარეს  ვიწრო თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, ოთხიოდე მეტრის მანძილზე დგას კოშკი-სამრეკლო. ნაგებობა აქაც ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ საამშენებლო ფენას შეიცავს. რომლებიც  განსხვავებული საშენი მასალით არის შესრულებული. თავდაპირველად, აქ იდგა ციხის გალავანში ჩართული, მთლიანად რიყის ქვით ნაგები, მრგვალი კოშკი, რომლის შიდა სივრცეში მოგვიანებით, ეკლესიის რეკონსტრუქციისას, აგურის ორსართულიანი სადგომი ჩააშენეს.

ტაძარს პირველად სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა 1988 წელს(არქიტექტორი დ. მჭედლიძე), სახურავი გაიწმინდა და გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. შეიცვალა კარ-ფანჯარა, მოიხსნა ქვიშა-ცემენტის ნალესობა, კეთილმოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო მეორედ მცირე მაშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 2007 წელს ქალაქის რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებისას.

#ეწვიესიღნაღი

#არტქალაქი

#სიყვარულისქალაქი