დაარსების თარიღი - V საუკუნე.
მანძილი თბილისიდან - 113 კმ.
მანძილი სიღნაღიდან - 3 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 750 მ.
ბოდბის მონასტერი ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს განსასვენებლის ადგილზეა აგებული. სწორედ ამის გამო მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბოდბის საეპისკოპოსო, რომელიც ში უნდა იყოს დაარსებული, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამეფოს ისტორიაში.
1811 წელს რუსეთის მმართველობის მიერ ჩატარებული რეფორმის შედეგად საეპისკოპოსო გაუქმდა. ბოდბის მონასტერს, როგორც ერთ -ერთ სიწმინდეს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები, იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII სს. ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. 1837 წელს მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით დედათა მონასტერი გაიხსნა, სადაც, ამავდროულად, სამასწავლებლო სკოლაც ფუნქციონირებდა.
მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი დღესდღეობითაც მოქმედია.
კომპლექსში შემავალი ობიქტები:
- წმ. გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა,
- წმ. ნინოს სახელობის ტაძარი, მონაზონთა სენაკები.
- სამრეკლო
- გალავანი
- წმ. ნინოს წყარო და სამლოცველო
წმ. გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა - VIII-IX სს.
წმინდა ნინოს საფლავზე აგებული ტაძარი პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია. V საუკუნეში ტაძარი ვახტანგ გორგასალს გაუფართოვებია, სამნავიანი ბაზილიკის სახე კი მან VIII-IX სს.-ში მიიღო. შუა საუკუნეებში აქ ხდებოდა კახთა მეფეების კურთხევა. XIX ს. დასაწყისისთვის საეპისკოპოსო ასზე მეტ ეკლესიას აერთიანებდა.
ეკლესიაში არსებული წარწერის მიხედვით XIX საუკუნის 20-იან წლებში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ. მოხატულობა ზეთის საღებავებითაა შესრულებული. მისი გამაგრება და გაწმენდა მოხდა 1997 წელს. ეკლესიის კედლებზე წარმოდგენილია სცენები ძველი და ახალი აღთქმებიდან, წმიდა გიორგის და წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, იოანე ბოდბელის ორი პორტრეტი. ბოდბის ტაძრის კანკელი, ისევე როგორც კედლის მხატვრობა, 1823 წელსაა შესრულებული ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილის მიერ. ბოდბის ტაძარში არსებული საფლავები ძირითადად განლაგებულია ნავთა გამყოფ ბურჯებს უკან და ნართექსში. სამხრეთი ბურჯის წინ განისვენებს იოანე ბოდბელი.
წმ. ნინოს წყარო
მონასტრის ტერიტორიაზე ეკლესიიდან დაახლოებით კილომეტრის დაშორებით არის წყარო, რომელიც სასწაულმოქმედია და ბევრი სნეული ადამიანი განიკურნა მასში განბანვით. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების – წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.