სიღნაღური ბლოგი

ეს საინტერესოა

აბესალომის უკვდავების წყარო

 აბესალომის უკვდავების წყარო

უყვარდა ვანო სარაჯიშვილს თავისი მშობლიური ქალაქი. სიღნაღით ამაყობდა, სიღნაღს ეტრფოდა და სიღნაღს უმღეროდა.  სიღნაღი ხომ უყვარდა და უყვარდა და გადამეტებულად  თავგატეხილას წყარო. სიღნაღელებმაც  იცოდნენ ეს და ამაყობდნენ თავის ორფეოსით.

იდგა 1923 წელი. 1 მაისს, მშრომელთა სოლიდარობის დღეს ზეიმობდა საბჭოთა კავშირი. ყველა რაიონსა და ქალაქში აღნიშნავდნენ აღლუმითა და კონცერტით. ასეთ დღეებში თბილისის თეატრები გასვლით წარმოდგენებს აწყობდნენ პერიფერიებში. სიღნაღში მოხატული აფიშა იუწყებოდა: ,,მხოლოდ ერთი დღე, სიღნაღის თეატრში გაიმართება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალთა ჯგუფის დიდი კონცერტი ვანო სარაჯიშვილის მონაწილეობით, დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 9 საათზე.’’

მსახიობები მატარებლით მივიდნენ სოფელ მელაანში. სიღნაღელებმა ორი ეტლი აფრინეს სტუმრების დასახვედრად. ღამის თორმეტ საათზე ეტლები გაჩერდნენ სიღნაღის ქვემო მოედანზე. ხალხი ჟივილ-ხივილით შეეგება არტისტებს. ვანო ხელში აიყვანეს და შეძახილებით თეატრის შენობისკენ წაიყვანეს. ვანოს უთქვამს: ყველაზე მეტად, კონცერტის წინ სიღნარსა და თბილისში ვღელავო. კონცერტმა ულევი ემოციების ფონზე ჩაიარა.

Image

მეორე დღეს, ვანოს და მის თანმხლებ პირებს მოუწყეს ნადიმი,,თავგატეხილას წყაროზე’’. ეს იყო მისი მეგობრების: სანდრო შანშიაშვილის, ილო მოსაშვილის, სიკო ფაშალიშვილის, ვასო სიფრაშვილის, ვანოს ძმების (გიორგი და ილიას) ძმური და მეგობრული სუფრა და პერფორმანსი. სიმრერები და ლექსები ებრძოდნენ ერთმანეთს იმ დღით თავგატეხილას წყაროს ჩხრიალის ფონზე. თანამეინახენი სიცოცხლეს შეჰხაროდნენ და ატკბობდნენ წყაროზე შეფენილ ახალგაზრდებს.

გამოხდა ხანი... უკურნებელმა სენმა ხელი დარია ვანოს.  უკვე ლოგინზე მიჯაჭულმა, უფროსი ძმის, ანდროს მეუღლეს სთხოვა: სიღნაღში რომ თავგატეხილას  წყაროა,  ის მასვით უეჭველად მომიხდებაო...

დოქით მიუტანეს, სასთუმალთან ედგა და სულს იბრუნებდა ქართველი ორფევსი. ალბათ ეს იყო აბესალომის უკვდავების წყაროც  და გიჟმაჟი სიცოცხლის გემოც.

სიღნაღში, მომღერლის  მუზეუმში, ეხლაც დგას ლაზურიტით მოჭიქული ვეებერთელა დოქი. მის მაცქერალ თვალს უმალ მოედება გიორგობისსთვეს ჯანღსა და ყვითელფოთლებში გახვეული თავგატეხილას წყარო და აბესალომის ნაღველნარევი თვალები.  

გიორგი ჩერქეზიშვილი

გიორგი ჩერქეზიშვილი

ბლოგის ავტორი