იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგო, რომელმაც ორ დიდ მეგაპოლისში იცხოვრა… ისწავლა, იმუშავა, შეიქმნა წარმატებული პორტფოლიო და მიაღწია აღიარებას თავის პროფესიულ საქმიანობაში, კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის მიმართულებით.
მან, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, გადაწყვიტა ყველაფრისთვის თავი დაენებებინა, დაუბრუნდა მშობლიურ მიწა-წყალს (წარმოშობით იყო გურული, თბილისში დაბადებული) და შექმნა ლამაზი, ქართული, ტრადიციული ოჯახი.
გოგონას ძალიან გაუმართლა მეუღლეში, შეხვდა პატიოსან, კეთილ, განათლებულ და მიზანდასახულ კახელ გულისსწორს, (ქიზიყელს, როგორც თავად იტყოდა). ასე დაიწყო ზღაპრის ახალი, ფერადი ამბავი...
სამწუხაროდ, ამ მშვენიერ ოჯახში, რომელიც სიყვარულითა და დიდი პატივისცემით იყო შექმნილი, ტრაგედია დატრიალდა, ექიმების დაუდევრობის შედეგად 2016 წელს წყვილმა დაბადებული და კლინიკაში მონათლული ტყუპები - ეკატერინე და ნიკოლოზ დემეტრაშვილები დაკარგა. ამხელა უბედურების შემდეგ, გოგონას აღარ ჰქონდა სურვილი თბილისში მუშაობის, ამიტომ წავიდა ქმრის მამულეთში - სოფელ ვაქირში.
ტკივილის გადასატანად, წყვილმა ალაზნის ველზე ბლის ბიო ბაღი გააშენა, რომელსაც ბავშვების უკვდავსაყოფად და სამახსოვროდ „ნიკო და კატოს ბაღი“ დაარქვა. დროთა განმავლობაში სიცოცხლემ სძლია სიკვდილს და 2016 წელს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ბაღთან ერთად, საოჯახო აგროტურისტული პროექტიც წამოიწყო. მთლიანობაში, მეუღლის საგვარეულო სახლი, წინაპრების დიდი ისტორიითა და უძველესი ქვევრებით შემორჩენილი, გარდაიქმნა ვაქირის შთამბეჭდავ ენოგასტრონომიულ ადგილად, რომელსაც ათასობით სტუმარი ეწვია 52 ქვეყნიდან.
ოჯახის თითოეული წევრის ძალისხმევით, დროისა და არსებული ფინანსების გონივრული გადანაწილებით „კახური სახლი ვაქირელები“: დემეტრაშვილების საოჯახო/ავთენტური სამზარეულო და ორგანული ღვინო „დამერეს“ მარანი, გახდა სამაგალითო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სულ ახლახანს შედგა ფეხი აგროტურისტულ სფეროში.
დიახ, ამ საოჯახო პროექტის ავტორი, დამაარსებელი და დამფინანსებელი გახლავართ მე - თამარა ნინიძე. ალბათ მიხვდებოდით, რომ ზემოთხსენებული ამბავიც ჩემი ცხოვრების განვლილ ეტაპებს ეხება.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი უგემრიელესი და ულამაზესი საქმე, რომელიც ბუნებასავით მრავალფეროვანია და ოთხი სეზონივით უამრავ გამოწვევასა თუ საკითხს მოიცავს.
თუმცაღა, პრობლემებს მარტივად გაუმკლავდები თუკი შენ: მეგობრობ ულამაზეს დედამთილთან, ოქროსხელება - ეკა ხმალაძესთან, რომელიც ამშვენებს სახლს, ეზოს, ბოსტანს. ამზადებს უდიდეს სუფრებს, აკეთებს ზამთრის მარაგების კონსერვაციას, ატარებს ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციას, გიტარაზე უმღერის სტუმრებს, უვლის უბნის ძაღლებსა და კატებს.
დაბრკოლებებს ადვილად გადალახავ თუკი შენ: გყავს უკარგესი მამამთილი - ზაქარია დემეტრაშვილი, რომელიც დიდი გამოცდილებით და სიფრთხილით უვლის ორგანულ ვენახს, ხეხილის ბაღს, ქვევრში მამა-პაპური ტრადიციის დაცვით, აყენებს საფერავს, რქაწითელსა და ვაქირულას, დიასახლისს ამარაგებს ჯანსაღი პროდუქციით, რათა მაქსიმალურად შევძლოთ კონცეფციის „ფერმიდან სუფრამდე„ შენარჩუნება და განვითარება.
პრობლემების გადალახვა ადვილია თუკი გყავს: უსაყვარლესი მეუღლე - ალექსანდრე დემეტრაშვილი, რომელიც შაბათ-კვირა ( 5 დღე მუშაობს თბილისში) თავისი ხელით აკეთებს ყველაფერს, რასაც ოჯახის წევრების კომფორტი და ეთნოსახლის ვიზუალი მოითხოვს. ამავდროულად, ნელ- ნელა ენაცვლება მამას ვენახის, ხეხილის ბაღის მოვლასა თუ ორგანული ღვინის „დამერეს“ დაყენებაში.
პრობლემებს მარტივად გაუმკლავდები თუკი შენ გყავს: საოცარი შვილები ქეთევან (5 წლის), და თინათინ (4 წლის), რომლებიც ყოველ წამს გავსებენ დადებითი ემოციებითა და ენერგიით.
პრობლემებთან გამკლავება ადვილია თუკი გყავს: ფრანგული ბულდოგი ბუბუ ბუბუევიჩი, ასევე ქუჩიდან აყვანილი ჰასკი სახელად - ოსკარი, რომლებიც გულს გითბობენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ყველაფრისგან იღლები და მათთან ნახულობ ფსიქოლოგიურ თავშესაფარს.
„კახური სახლი ვაქირელები“ ნამდვილი საოჯახო პროექტია, რომელიც განსაკუთრებით გვეამაყება, რადგან საკუთარი ძალებით, შრომითა და რესურსებით არის შექმნილი. არასდროს არ მიგვიმართავს არცერთი საგრანტო პროგრამისთვის, რომელიც ფინანსებთან ერთად კარგ მარკეტინგულ კამპანიასაც მოიცავს და მეტნაკლებად ამსუბუქებს საქმის აწყობა/ განვითარების პროცესებს.
მიმაჩნია, რომ სწორად ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ტურისტული თვალსაზრისით სოფელ ვაქირის დატვირთვა და პოპულარიზაცია.
წლებია როგორც შიდა აგრეთვე საერთაშორისო ვიზიტორებს ვაცნობთ და ვუზიარებთ კახურ ადათ - წესებს, ფოლკლორს, ტრადიციულ სამზარეულოს, რთველისა და მეღვინეობის კულტურას. მოვახერხეთ და შევძელით სოფელ ვაქირის ტურისტულ რუკაზეც დასმა.
ჩვენს აგროტურისტულ საქმიანობაში ვცდილობთ ძვირფასი მეზობლებიც დავასაქმოთ, ამით სხვასაც ვაძლევთ მაგალითს უფრო მეტად დააფასონ და განავითარონ ყველა ის სიკეთე, რაც წინაპრებისგან შემოგვრჩა.
დიახ, ამ საქმეს უდავოდ სჭირდება საკმარისი ფინანსები, ღამეები, თვეები, წლები - სანამ ფეხზე დადგები, მაგრამ მთავარი მაინც მონდომებაა, დაუღალავი შრომა, სიბეჯითე, ბუნების პატივისცემა და ჩვენი ოჯახის შემთხვევაში - დიდი სიყვარული.