ქალები ტურიზმის სფეროSHE  - მარინა გოგინაშვილი

ქალები ტურიზმის სფეროSHE - მარინა გოგინაშვილი

 მარინა გოგინაშვილი

16 წელია ტურიზმის სფეროში ვარ, მახსოვს ყველაფერი 2008 წლის 8 ოქტომბერს დავიწყე …
ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო, ისტორიული და კულტურული ღირებულების მატარებელ ქალაქში, უკვე თავისთავად გაჩნდა მოთხოვნილება კვების ობიექტის საჭიროების და საერთოდ, ტურიზმის განვითარების. იმ პერიოდში, უდიდესი სურვილი გამიჩნდა სტუმრებისთვის ქართული რესტორანი შემეთავაზებინა, სადაც მოგზაურებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნებოდა გასცნობოდა ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს.
მართალია იყო პატარ-პატარა სირთულეები, თუმცაღა შევძელით, სივრცე აღგვედგინა, მოგვემზადებინა და კვების ობიექტს გამართული ფუნქციონირება დაეწყო. რესტორნის გახსნის პირველივე დღიდან მივიქციეთ ყურადღება, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კლიენტის ერთჯერადად დაკმაყოფილება, მნიშვნელოვანი იყო სტუმარს რაც შეიძლება დიდხანს გაჰყოლოდა დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები სივრცეზე. მართლაც, გვაქვს შემთხვევები როდესაც წლების მანძილზე გვიბრუნდებიან უკან კმაყოფილი სტუმრები. უფრო მეტიც, ტურისტების ნაწილი სპეციალურად ჩვენი რესტორნის მოსანახულებლადაც ჩამოსულა საქართველოში.
ჩემი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებული სირთულე არ მქონია, მათ შორის არც კადრების მობილიზების თვალსაზრისით. თითოეულ თანამშრომელს ჩემი მხრიდან მუდამ ხელშეწყობა აქვს, ისინიც ხედავენ ჯანსაღ ურთიერთობას და ყოველთვის მიდგანან გვერდში.. ასე თანამშრომლობით და ურთიერთპატივისცემით მოვედით აქამდე.
ამ ეტაპზე, დაინტერესებულ სტუმრებს ვთავაზობთ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და შეძლებისდაგვარად ღვინის დეგუსტაციასაც. ჩემი წარმატების საიდუმლო ვფიქრობ ჩემს თანამშრომლებშია, აგრეთვე კადრების მოძიების პროცესში - სწორი არჩევანის გაკეთებაში. განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო ჩვენს შეფ - მზარეულს თემურ შეითნიშვილს, რომელიც თავის საქმის მცოდნე და პროფესიონალია, სწორად ამ ადამიანის დამსახურებაა რესტორნის წარმატებული, გამართული და მწყობრი მუშაობა. თემურის მიერ მომზადებული კერძები იმხელა მოწონებას იმსახურებს, რომ ხშირად სტუმრები ითხოვენ შეფ -მზარეულის კვების სივრცეში გამოყვანას. იყო შემთხვევები, როდესაც გვესტუმრნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მზარეულები და კერძების დაგემოვნების შემდეგ, გვთხოვეს ჩვენი მზარეულის თავიანთ ქვეყანაში წაყვანა, თუმცა რა თქმა უნდა უარი განვაცხადეთ.