მრავალი წლის წინ, სიღნაღი ჩემი ქალაქი გახდა, მის ქუჩებში დღეს ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ.
სიღნაღში, ტურიზმის სფეროს გააქტიურებამ, ქალაქს ახალი სიცოცხლე და ენერგია შესძინა, მიხარია ყოველი ახალი სასტუმროს, რესტორნის, თუ სხვა ტურისტული ობიექტის გახსნა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდები აღარ დატოვებენ ქალაქს და ადგილზევე მოხდება მათი დასაქმება.
ტურიზმის სფეროში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა, შეიძლება შენთან მოსული ყველა ტურისტი ვერ დაიმახსოვრო, მაგრამ ისინი აუცილებლად დაგიმახსოვრებენ როგორც შენი ქალაქის, შენი ქვეყნის სახეს.
საოჯახო სასტუმრო „ ცენტრალი“ 10 წლის წინ გავხსენით, შენობის ისტორია 200 წელს ითვლის. ჩვენთან ინახება წიგნი „ბალადა სიღნაღზე“, რომელიც მისმა ავტორმა, სახლის ყოფილი მფლობელის შთამომავალმა გვაჩუქა. ნაშრომში საინტერესოდ არის მოთხრობილი ოჯახის ისტორია, რომელმაც ააშენა და იცხოვრა ულამაზესი თაღებით აგებულ ამ შენობაში. ბევრ სტუმარს უთქვამს კიდეც, რომ საოცრად კარგი და განსხვავებული აურაა ჩვენთან.
სახლის აღდგენა/რესტავრაციას უდიდესი შრომა და რესურსი დასჭირდა, მთლიანობაში, ჩემი მეუღლის კახი ელიზბარაშვილის ძალისხმევით შეიქმნა ეს ულამაზესი გარემო.
სტუმრებს, განსაკუთრებით უყვართ, როდესაც მარანში, ბუხართან, მათთვის გასაგებ ენაზე ვუყვები ქალაქის, ციხე-გალავნის, ბოდბის მონასტრის, ქართული ტრადიციული ღვინის დაყენების და სხვა მათთვის საინტერესო ამბებსა და ისტორიებს.
როდესაც ჩვენთან ნამყოფი მოგზაურები სიღნაღში კიდევ ერთხელ ჩამოდიან, შესაძლოა ღამით არ სურდეთ დარჩენა, თუმცა აუცილებლად გვესტუმრებიან, მოგვიკითხავენ და სამახსოვრო საჩუქრებს გვიტოვებენ, ჩვენც არასდროს ვუშვებთ ხელცარიელს, მათთვის ყოველთვის გვაქვს შემონახული ოჯახის ღვინო და კახური ჭაჭა.