2015 წლიდან ვარ მცირე მეწარმე, სოფელ მაღაროში მაქვს აგროტურისტული ობიექტი -„აბრეშუმხვევიას ფერმა“.
დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, შემდეგ ჩამოვედი სოფელში და დავიწყე კულტურის სახლში დირექტორად მუშაობა.
ვარ ხალხური რეწვის ოსტატი, მივიწყებული დარგის მეაბრეშუმეობის აღმდგენი და სამწუხაროდ, ერთადერთი პრაქტიკოსი საქართველოში.
ყველაფერი დაიწყო 21 ცალი ჭიით, რომელიც მეაბრეშუმე და დოქტორმა მეაბრეშუმეობის დარგში - ირინე ჩარგეიშვილმა მაჩუქა. ჩემთვის ეს იყო ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალ და განსხვავებულ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი.
აგროტურისტული ობიექტი მუშაობს ძალიან ნაყოფიერად, უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ გაგვიცნო: „ბიბისიმ“ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც დღესაც გადის მსოფლიო მედიის ეკრანებზე; ჩემი საქმიანობის შესახებ გამოიცა რამდენიმე წიგნი, მათ შორის ამერიკაში, კარლა კაფალდოს ავტორობით, „საქართველო - ამერიკის გზამკვლევი“, სადაც წარმოვადგენ კახეთის რეგიონს; ფრანგმა ჟურნალისტმა მოამზადა რეპორტაჟი „ქართველი ქალები კავკასიის მარგალიტები“, სადაც შეგვარჩიეს 35 ქალი, პროექტის ფარგლებში მოეწყო სამუშაო შეხვედრები, ფოტოსესია და გამოფენა; გერმანიის ოთხმა წამყვანმა ტელევიზიამ გაგვაშუქა; საფრანგეთის აბრეშუმის ქარხნის დირექტორმა მიგვიწვია საერთაშორისო გამოფენაზე.
საინტერესოა ისიც, რომ რამდენიმე დღე, იაპონელი მწერალი და ჟურნალისტი ცხოვრობდა ჩემს სახლში, იმუშავა წიგნზე, რომელიც მთლიანად ეხებოდა საქართველოს, მის კულტურულ ღირებულებებსა და ტრადიციებს, კახეთს ამ წიგნშიც წარმოვადგენ მე. მეაბრეშუმეობა, უნიკალურია თავის შინაარსითა და თვისებებით. ეს არის მივიწყებული ხალხური რეწვის დარგი, რომლის შენარჩუნება და ტრადიციის გაგრძელება ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ჩემი აგროტურისტული ობიექტი ავთენტურია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს აბრეშუმხვევიას მოვლა -პატრონობის აბსოლუტურად ყველა ეტაპს, დაათვარიელოს ჩემს სივრცეში არსებული ფლორა - ფაუნა. დაინტერესებულ სტუმარს შემიძლია მივაწოდო ინფორმაცია 300-ზე მეტი დასახელების მცენარეზე. მინდა აღვნიშნო, რომ მცენარეების სამკურნალო თვისებებზე ცოდნა გადმომეცა დიდი ბებიისგან, ასევე წლების განმავლობაში ჩემითაც ვცდილობდი გავცნობოდი შესაბამის ლიტერატურას.
კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მეაბრეშუმეობა დასაფასებელი და საყურადღებო სფეროა, დარგის ხელშეწყობა დადებით ცვლილებებს მოუტანს როგორც სახელმწიფოს ეკონომიკას, ასევე თითოეული პიროვნებას - გაჯანსაღებისა და ჯანმრთელობის კუთხით.
აბრეშუმხვევიას პროდუქტები კურნავს სისხლიდან მომდინარე 38 სახის დაავადებას, ჭიის კვერცხი დადებითად მოქმედებს უშვილობის პრობლემის მოგვარებაზე, მეხუთე ასაკში ჭია შესანიშნავად მოქმედებს დიაბეტის პრობლემაზე, ასევე სიმსივნურ წარმონაქმნებზე. კეტკუტის ძაფსაც სწორად აბრეშუმხვევიასგან ამზადებენ. მთლიანობაში, აბრეშუმხვევია თავის უნიკალური თვისებებით, არის ანტისეპტიკური, ანტიალერგიული და ანტირადიაციული. მახსენდება ერთი შემთხვევაც, როდესაც ზემოთხსენებულმა იაპონელმა მწერალმა გვთხოვა მისთვის ტელეფონის აქსესუარი დაგვემზადებინა, რათა რადიაციისგან დაეცვა თავი.
ცოტახნის წინ შევხვდი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის წარმომადგენელს, რომელმაც გამაცნო ახალი კვლევები აბრეშუმხვევიას შესახებ. ნაშრომში მკაფიოდ და ცხადად არის ფორმულირებული აბრეშუმხვევიას მნიშვნელოვანი როლი ადამიანის გამოჯანმრთელებასთან მიმართებით. ალბათ, უკვე გვექმნება წარმოდგენა, თუ რამდენად დიდია დაინტერესება მივიწყებული დარგის მიმართ და რამდენად მნიშვნელოვან პროდუქტზეა საუბარი. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ეს არის მსოფლიოში ერთადერთი, უნიკალური პროდუქტი, ყველაზე ძვირადღირებული და ძვირფასი, ვინაიდან მხოლოდ საქართველოშია თუთის ხეები, საიდანაც გადმოდის რძე და არა წყალი.
თანამედროვე გამოწვევებიდან მინდა გამოვხატო წუხილი, ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით. აღარ გვაქვს საერთო სივრცე, სადაც ცხრა ქალბატონი მყავდა დასაქმებული, შესაბამისად დღეს ჩვენი ფინანსური რესურსები ძალიან მცირეა, სამომავლოდ გამიჭირდება აბრეშუმხვევიას დიდი მოცულობის მოვლა-პატრონობაზეც ფიქრი.
მინდა ერთ სასიამოვნო ამბავსაც შევეხო, ჩემთან მოდიან არამხოლოდ ტურისტები არამედ ბავშვები, სკოლის მოსწავლეები. შარშან მაგალითად 500-მდე ახალგაზრდას ვუმასპინძლე. თავიდან ჩემი საქმიანობის მიმართ, ზოგიერთი ბავშვი სკეპტიკურად არის ხოლმე განწყობილი, მაგრამ როდესაც ვაცნობ და ვუზიარებ ცოდნას აბრეშუმხვევიას შესახებ, მათი ინტერესი იზრდება, უფრო მეტიც, წასვლისას მთხოვენ სახლში გავატანო ჭია რათა მოუარონ და გაზარდონ.
ჩემი ოცნებაა სრულიად საქართველოში აღდგეს, შენარჩუნდეს და მეტად შეეწყოს ხელი მეაბრეშუმეობის დარგს, დიდი იმედი მაქვს რომ მოსწავლეებთან ჩემი ურთიერთობა უკვალოდ არ ჩაივლის და მომავალში აუცილებლად იტყვიან თავის სათქმელს - მეაბრეშუმეობის სასარგებლოდ.
დღესდღეობით, უკვე იმდენად დიდია მოგზაურების ინტერესი რომ ზოგჯერ თვეები გველოდებიან რომ სივრცეში მივიღოთ.. ჩემი მიზანიც ეს არის, ყველას გავაცნო და შევაყვარო უძველესი და უნიკალური დარგი.