ქალები ტურიზმის სფეროSHE - ნონა ნაცვლიშვილი

ნონა ნაცვლიშვილი

დავიბადე და გავიზარდე სიღნაღში... დღესაც ამ კოპწია და ჯადოსნურ ქალაქში ვცხოვრობ, ჩემს ოჯახთან ერთად.
ტურისტულ საქმიანობაში ჩაბმა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, სტუმარ - მასპინძლობის ტრადიციის გაცნობა, 1997 წლიდან დავიწყე. ცხადია, 90 - იან წლებში, არაერთ ყოფით პრობლემას გადავაწყდი, თუმცა მაინც მოვახერხე ღირსეულად და მთელი გულით დავხვედროდი ჩემთან მოსულ სტუმრებს.
პირველი საერთაშორისო ვიზიტორები ამერიკიდან მყავდნენ. მახსოვს აღფრთოვანებულები ათვალიერებდნენ სიღნაღის ულამაზეს ქუჩებსა და შთამბეჭდავ ხედებს, მათთვის დასამახსოვრებელი იყო ქართული სამზარეულოს დაგემოვნებაც. საბოლოოდ, ქალაქში იმაზე მეტხანს დარჩნენ ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ.
კმაყოფილი სტუმრების შემხედვარეს, ჩემი საქმისადმი შემართება და მოტივაციაც გაიზარდა. ჩემი ინიციატივით, ორგანიზება გავუწიე ქართული პროდუქციის/ნაწარმის გამოფენა - გაყიდვას, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივი მოსახლეობაც. მოქალაქეებს გამოფენისთვის, მოჰქონდათ საკუთარი ხელით შექმნილი აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ნახატები და სხვ. თავის მხრივ, სტუმრებიც აღფრთოვანდნენ საგამოფენო პროცესით და სიამოვნებით ყიდულობდნენ სამახსოვრო ნივთებს.
მე და ჩემი სტუმრები არასდროს ვკარგავთ ერთმანეთს, ერთხელ მოსული მოგზაური ყოველთვის ბრუნდება ჩემთან, რაც უდიდეს სტიმულს მაძლევს კიდევ უფრო მეტი რესურსი და ძალისხმევა ჩავდო ჩემს საქმეში.
იმედი მაქვს დარგის განვითარების და სათანადო ხელშემწყობი მექანიზმების უფრო აქტიურად ამუშავების. ვფიქრობ, კარგი იქნება, სიღნაღის, როგორც მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო მეტად, პოპულარიზაციაც.