2010 წელს, 24 წლის ასაკში, სიღნაღში, კვების ობიექტი გავხსენი. თავდაპირველად, უფროსი თაობა სკეპტიკურად უყურებდა ჩემს გადაწყვეტილებას, თუმცა ჩემს მეუღლეს ყოველთვის სჯეროდა ჩემი მიზანდასახულობისა და სამომავლო გეგმების.
მახსოვს, ჩვენი რესტორანი ტურისტულ ობიექტებს შორის იყო ერთ-ერთი მოწინავე, რომელმაც პირველმა უმასპინძლა სიღნაღში ჩამოსულ სტუმრებსა და საერთაშორისო მოგზაურებს. მინდა გავიხსენო, ჩვენთვის ძვირფასი და განუმეორებელი ადამიანი, შეფ - მზარეული ნიკო ნადირაშვილი, სწორად მის სახელს უკავშირდება სარესტორნო სივრცის სწორად მართვა და მაღალი დონის მომსახურების დამკვიდრება.
წარმატებულ საქმიანობას, თან სდევდა რთული პერიოდებიც. 2019 წლის 1 ოქტომბერს სიღნაღში გაჩნდა ხანძარი, დაიწვა რამდენიმე შენობა, მათ შორის ჩემი რესტორანიც… ზუსტად ერთ წუთში განადგურდა და ფერფლად იქცა ადგილი, რომელსაც 9 წელი საკუთარი შვილივით ვზრდიდი და ვუფრთხილდებოდი. ამ მძიმე ამბის შემდეგ, სტუმრების მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობდით, ყოველდღიურად გვიკავშირდებოდნენ და გვთხოვდნენ ისევ გაგვეხსნა მათთვის ძვირფასი სივრცე, გაგვეცოცხლებინა ნიკო ძიასგან მემკვიდრეობით გადმოცემული ტრადიციული გემოები და კერძები.
ერთი წელი ვებრძოლე თავს, ძალა მომეკრიბა და ისევ გამეგრძელებინა საყვარელი საქმიანობა. გამოვნახე შესაბამისი ფინანსური რესურსები და იგივე ადგილას დავიწყე მშენებლობა. პარალელურად, მოვიძიე ალტერნატიული სივრცე, სადაც დროებით ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას.
მინდა გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლეც, სულ მალე ქალაქს, ძველ ადგილას, ახლადაშენებული რესტორანი „ნიკალა“ დაუბრუნდება, თავის საფირმო კერძებითა და ტრადიციული გემოებით.