წარმოშობით ქიზიყიდან ვარ, სოფელ ვაქირში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის შემდეგ, კოლმეურნეობაში ვმუშაობდი, რადგან სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი და იმ პერიოდში აუცილებელი იყო სამუშაო გამოცდილება მქონოდა. (ტრაქტორზე და კომბაინზეც კი ვიმუშავე, პირველი ტრაქტორისტი ქალის პრიზი მაქვს მიღებული).
მოხდა ისე, რომ ექიმის ნაცვლად გავხდი ჟურნალისტი, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ბეჭდურ მედიაში, თითქმის ყველა დიდ გამოცემაში ვიმუშავე ჟურნალისტად.
2019 წელს, მომიწია მშობლიურ მხარეში ქიზიყში დაბრუნება, ამჟამად ვარ გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი - რეგიონის მასშტაბით.
ნ&ნ ტური, იგივე „ნელიკო ტური“ 2 წლის წინ დაიბადა. აი, ნიუტონს, რომ თავში ვაშლი დაეცა და გრავიტაცია აღმოაჩინა, მეც დაახლოებით ასე დამემართა. ერთ მშვენიერ დღეს ვიფიქრე, საერთაშორისო მოგზაურებს ძალიან მოსწონთ სიღნაღი თავის შთამბეჭდავი ხედებით, ძველი ქუჩებით და ღირსშესანიშნაობებით, იქნებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ მოგზაურობისა და სანახაობების დათვარიელების სურვილი?! მაშინვე დავიწყე იდეის პრაქტიკაში გადმოტანა.
თავდაპირველად, ჩემს წამოწყებას ჩემმა მეგობრებმა დაუჭირეს მხარი, მათი აქტიური თანამონაწილეობით პირველი ტურიც შედგა - ყაზბეგში. მახსოვს, მიმავალ გზაზე, ვყვებოდი ამ კუთხის საინტერესო ამბებს, ისტორიებს, ტურის მონაწილეებთან ერთად, ვიღებდი სამახსოვრო ფოტოებს, ვმღეროდით და ვცეკვავდით.
დასამახსოვრებელი იყო ჟინვალის წყალსაცავის ამბავიც, გავისეირნეთ მუსიკალური ნავით და ტრადიციული მუსიკის გაგონებაზე ჩემი მოგზაური გოგონები ერთიანად აცეკვდნენ და გამხიარულდნენ. საბოლოოდ, ჩემი მეგობრები იმდენად აღფრთოვანებულები და დადებითი შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ უკან, რომ უკვე თავიანთ ნაცნობებს გაუზიარეს ტურის შესახებ ინფორმაცია.
დროთა განმავლობაში, გაიზარდა ინტერესი და მსურველთა რაოდენობა ნ&ნ - ტურის მიმართ. მახსოვს, ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ერთ თვეში, სამი, ოთხი სხვადასხვა მიმართულების ტურის დაგეგმვაც მომიწია. სტუმრებსაც, დღითიდღე უფრო მოსწონდათ ნელიკო გიდის მხიარულება, საინტერესო ისტორიების მოსმენა და საერთოდ, დადებითი ემოციებით სავსე, დასამახსოვრებელი თავგადასავალი.
ყველა აღნიშნავს, რომ „ნელიკო ტური“ ატარებს განსაკუთრებულ მუხტსა და აურას, ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანებიც კი ტრანსპორტში ამოსვლისთანავე ერთმანეთის მეგობრები ხდებიან, მთელი მოგზაურობის თანმდევია დადბითი ემოციების გაცვლა, ცეკვა, სიმღერა და ლექსების წაკითხვა.
უდიდესი სურვილი მაქვს, ჩემს ხალხს შეძლებისდაგვარად ცხოვრება გავუფერადო, შევუქმნა დადებითი განწყობა, გავაცნო და გავუზიარო საქართველოს ყოველი კუთხე-კუნჭული, თავის შთამბეჭდავი სანახაობებითა და საინტერესო ადგილებით.
ვერ ვიტყვი, რომ ნ&ნ-ის წარმატება მხოლოდ ჩემი მონაპოვარია, ყოველთვის ვგრძნობ თითოეული სტუმრის მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას. ტურის დასრულების შემდეგაც კი არ ვკარგავთ ერთმანეთს და ყოველი მათგანი ნელიკოს მეგობარი ხდება. სტატუსი „ნელიკოელიც“ ტურის მონაწილეთა ინიციატივით დამკვიდრდა. მათი თქმით, “ყოველი ტური დღესასწაულია, ამიტომ ტურის თითოეულ მონაწილეს ნელიკოელები უნდა გვერქვას”. ზოგი ამაყობს, რომ 5-6 ჯერ იყო ტურის თანამონაწილე, შესაბამისად ხუმრობით “ხუთგზის ნელიკოელს” ეძახის თავის თავს. ტურის მონაწილეების კმაყოფილების შემხედვარეს, მეც მემატება ძალა და თამამად ვამბობ, რომ ნ & ნ ტური = სიყვარულს + სიხარულს+აღმაფრენას+ხალისს + უსაფრთხო მოგზაურობას.
მოკლედ მინდა მიმოვიხილო ჩემი გუნდის მუშაობის სპეციფიკაც. ჩვენი ტრანსპორტი გამართული და უსაფრთხოა, რომელსაც უზრუნველყოფს გამოცდილი, კვალიფიციური და ტურიზმის სფეროში ნაწრთობი მძღოლი - დავით ბაბაკიშვილი. რომ არა ამ ადამიანის გვერდში დგომა, ვფიქრობ ტექნიკური თვალსაზრისით, არაერთი დაბრკოლება შემექმნებოდა.
შეუძლებელია არ ვისაუბრო ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრ თენგიზ კაკაშვილზეც, ის დაჯილდოვებულია მუსიკალური ნიჭითა და კარგად უკრავს ფანდურზე. თენგიზი ტურის ხშირი სტუმარია და უდიდესი მუხტი შემოაქვს ჩვენს მეგობრულ გარემოში. ცხადია, მნიშვნელოვანია შემეცნებითი მხარეც, რომელსაც ახლა უკვე ჩემს პარტნიორ ნათია შარაშენიძესთან ერთად ვუწევ ორგანიზებას.
მინდა გითხრათ, რომ უკვე გავცდით საქართველოს საზღვრებს და გასულ წელს ვიმყოფებოდით წნორი-კაპადოკიის ტურში. წელს ვაწყობთ წნორი - სტამბულის ტურს, იგეგმება წნორი - სუმელა - უზუნგოლი - ტრაპიზონის და ერევნის ტურიც. საბოლოოდ, შემიძლია გითხრათ, რომ ნ&ნ ტური სიღნაღელებსა და საერთოდ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას.
მახსენდება, ერთი სასიამოვნო ფაქტიც, გასული წლის 28 აგვისტოს „ნელიკო ტურს“ ერთი წელი შეუსრულდა, დაბადების დღე წნორიდან სვანეთში გამგზავრებით, 4 დღიანი ტურით აღვნიშნეთ. გადავწყვიტეთ, ტურის ყოველი დაბადების დღე წნორი - სვანეთის ტურით, 28 აგვისტოს ლამარიის დღესასწაულზე აღვნიშნოთ ხოლმე.
ჩემს საქმიანობაში ძალასა და მოტივაციას მმატებს, თითოეული სტუმრის სიხარული და კმაყოფილება, ასევე მადლიერების გრძნობა, რომელსაც სტუმრები სოციალურ ქსელში თუ პირად საუბრებში, ჩემს მიმართ გამოხატავენ.
ტურის მოწყობა ერთი შეხედვით იოლია, მაგრამ რეალურად არც ისე მარტივად არის საქმე. ტურის ორგანიზებას სჭირდება სწორი დაგეგმვა, გონივრული გადაწყვეტილების მიღება, შემეცნებითი თვალსაზრისით ტურის მომზადება, პასუხისმგებლობის აღება, რათა მოგზაურობა გამოვიდეს როგორც საინტერესო, აგრეთვე უსაფრთხო.
ყოველდღიურად ბევრი ენერგიის გაღება მიწევს, შეუჩერებლად ვმუშაობ ჩემს თავზე, რათა რაც შეიძლება ამომწურავი და დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდო ტურის მონაწილეებს. ვსწავლობ სიმღერასაც, გაგეცინებათ და, გიტარის მასწავლებელთანაც კი დავიწყე სიარული. ფაქტობრივად, ყველა ჩემს რესურსს ვიყენებ, რომ მოგზაურობა უმაღლეს დონეზე იყოს ორგანიზებული.
ჩემი უდიდესი სურვილია, ნ&ნ ტური ბაზარზე ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ტურისტული კომპანია გახდეს, ამას კი სჭირდება დრო და თავდაუზოგავი მუშაობა. მჯერა, ჩემი საქმიანობა იმდენად ჯანსაღი, რეალისტური და საინტერესოა, რომ აუცილებლად მივაღწევ ყველა დასახულ მიზანს.