მე წარმოვადგენ სასტუმრო და რესტორან „მოგზაურს“, რომელიც ქალაქ სიღნაღში სრული კომპლექსია საკუთარი აუზითა და მარნით.
წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი დევნილი.. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრ ადგილას მომიწია ცხოვრება, ძალიან მიყვარს სიღნაღი, პატარა, კოპწია ქალაქი, რომელიც ყოველთვის სახლში ყოფნის განცდას მიტოვებს.
ბავშვობიდან მინდოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა, შესაბამისად მეტი თავისუფალი დრო და შესაძლებლობა. ველოდი ნიშანს, სწორ დროს, სწორ ადგილს, ხელსაყრელმა სიტუაციამაც არ დააყოვნა - ყველაფერი დაიწყო პროექტ „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით, როდესაც სრულიად მოულოდნელად შეტყობინება მომივიდა ჩემი განცხადების მიღებასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ვიყავი ორსულად, თუმცა მაინც მოვახერხე ბიზნესგეგმის დაწერა და სასურველი შედეგის მიღება.
დაფინანსების მოპოვების შემდეგ, გავაკეთეთ პატარა კაფე, შემდეგ წელს კი მოვაწყეთ ღია სივრცე. ტურისტების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გაფართოვება და სესხის დახმარებით ავაშენეთ სასტუმროც, რომელსაც უკვე მოჰყვა აუზისა და მარნის მშენებლობა.
ასე ნაბიჯ - ნაბიჯ შევქმენით სრული კომპლექსი, სადაც ჩამოსულ სტუმარს ერთ სივრცეში ვთავაზობთ რამდენიმე მომსახურებას. (დამატებით, ტურისტს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასებში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს რთველში).
მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ რაღაც პერიოდის მერე, ძალიან ბევრი სტუმარი ისევ ჩვენთან ბრუნდება, ამით ვრწმუნდები, რომ ნამდვილად სწორ გზას ვადგავართ და ხარისხიან მომსახურებას ვეწევით.
განსხვავებულობას გვძენს ისიც, რომ ორიენტირებული არ ვართ მხოლოდ მოგებაზე, სასტუმროში დასაქმებულები ვართ ოჯახის წევრები - ოთხი თაობა, თითოეულს გადანაწილებული გვაქვს მოვალეობები. მთლიანობაში, ერთიანი ძალებით ვქმნით იმ სერვისს, რასაც საბოლოოდ უკვე შემომსვლელი სტუმარი იღებს.
მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ყველაფერი ჩვენი გემოვნებით გვაქვს მოწყობილი, ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომაა ჩადებული თითოეულ დეტალში, ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროცესებში, პირადად მე, ხან ორსულს, ხან თვეების ბავშვით ხელში ხშირად მივლია საბუთების მოსაგვარებლად თუ მასალების შესარჩევად. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი სივრცე, რომ სასტუმრო ჩემ საკუთარ თავთან ასოცირდება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი მეუღლის თანადგომაც, რომელიც მუდამ მაძლევდა ძალას გავმკლავებოდი სირთულეებს.
რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით, წინ დიდი გეგმები გვაქვს. მალე სტუმრებს სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ, რაც ვფიქრობ მთლიანობაში მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
ჩემი წარმატების საიდუმლო ღრმა ბავშვობიდან მოდის, ყოველთვის მორიდებული და მორცხვი ვიყავი, მეშინოდა სიახლეებისაც, თუმცა დროთა განმავლობაში დავინახე ჩემი მშობლების ძალისხმევა როგორ დაიწყეს ყველაფერი - არაფრიდან, როგორ შეგვიქმნეს ცხოვრება. შესაბამისად, ვირწმუნე საკუთარი თავის და შესაძლებლობების.
მამა ყოველთვის მიმეორებდა: „ შეუძლებელი არაფერია, თუ მოინდომებ ყველაფერი გამოგივა ცხოვრებაში“.
საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, რასაც მიზნად დავისახავ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მას მივაღწიო. შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობაც გაორმაგებულად მაქვს, რაც ვფიქრობ მთავარი თვისებაა თუ გვინდა რომ წარმატებას მივაღწიოთ.
არასდროს დანებდეთ! ირწმუნეთ საკუთარი თავის!
როგორ ენერგიასაც გავცემთ, ისეთივე გვიბრუნდება უკან.