მეც ერთ - ერთი პირველი ქალი ვარ, ვინც წლების წინ სიღნაღში ტურისტული ბიზნესი წამოიწყო.
2007 წელს, როგორცკი ქალაქის განახლებისა და რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა, დიდი ინტერესი გაჩნდა მოგზაურების მხრიდან, შესაბამისად, მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება საოჯახო ტიპის სასტუმრო გაგვეხსნა.
იმ პერიოდში დასაქმების სერიოზული პრობლემაც იყო, საკმარისი სამუშაო ადგილები პრაქტიკულად არც არსებობდა, შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობისთვის მართლაც დროული აღმოჩნდა ტურისტულ საქმიანობაში ჩაბმა.
თავდაპირველად, სტუმრებს მინიმალისტური რესურსებით დავხვდით, მაშინ შესაძლებლობა არ იყო ყველაფერი სწრაფად გაგვეკეთებინა, მხოლოდ საბაზისო პირობებს თუ აკმაყოფილებდა ჩემი სივრცე. თუმცაღა, ტურისტი განსაკუთრებულ კომფორტს არც მთხოვდა, კმაყოფილი იყო იმ გარემოთი და მომსახურებით, რასაც მე და ჩემი ოჯახი დიდი სიყვარულით ვახვედრებდით.
დღეს სტუმრებს რომლებიც გვირჩევენ ჩვენ, ვთავაზობთ განთავსების მომსახურებას, სხვადასხვა ტიპის ტურებს როგორც რეგიონის აგრეთვე მთლიანად, საქართველოს მასშტაბით. შეგვიძლია აეროპორტში დახვედრისა და წამოყვანის ორგანიზებაც.
უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მოგზაურებთან ურთიერთობით, ყველა პიროვნება განსხვავებულია, შესაბამისად ვცდილობ თითოეულ ადამიანს და მის საჭიროებებს, მივუდგე ინდივიდუალურად და დიდი სიყვარულით, ეს არის ჩემი წარმატების საიდუმლოც.