ქურთები/იეზიდები (ქურთი მომთაბარე ტომები ყარსი-ერევნის ტერიტორიიდან) მესხეთში მეთექვსმეტე საუკუნეში ოსმალეთის იმპერიიდან გადმოსახლდნენ. დღევანდელი ქურთი/იეზიდი მოსახლეობის წინაპრების უმეტესობა საქართველოში მიგრაციის რამდენიმე ტალღის სახით ჩამოვიდნენ. პირველი ტალღა 1770 წელს გამოჩნდა, მეორე ტალღას მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა ადგილი, როდესაც იეზიდები ძირითადად აჭარის და მესხეთის რეგიონში დასახლდნენ. გადმოსახლების უკანასკნელ დიდ ტალღა კი მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში იყო, როდესაც ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შემდგომ რუსეთმა დაიბრუნა ზოგიერთი თურქული ტერიტორია და მოცემული ეთნიკური ჯგუფი ისლამის მიღების იძულების მიზნით ზეწოლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ისინი საქართველოში დასახლდნენ
თანამედროვე ქურთების ძირითადი ნაწილი, კონფესიით ეზიდები დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს მიიღო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთის მთავრობისა და მუსლიმი ქურთების ერთი ნაწილის მხრივ, მათი რელიგიურ - პოლიტიკურ ნიადაგზე დევნის გამო
იეზიდიზმი, უძველესი მონოთეისტური რელიგიაა. იეზიდებს (ეზიდებს) სწამთ სამყაროს შემოქმედის, ერთი ღმერთის და 7 ანგელოზის, რომელთა შორის, ღმერთის მთავარი ანგელოზი მალაქ - ტაუსია (malake taus), მთავარანგელოზის მთავარი გამომხატველი სიმბოლო ფარშევანგია
ხშირად, ვხვდებით მცდარ მოსაზრებას იეზიდების შესახებ, თითქოს იეზიდები ცეცხლთაყვანისმცემლები ან მზისთაყვანისმცემლები არიან. სინამდვილეში, იეზიდური რელიგიის წარმოდგენაში, ღმერთი არის სინათლე და სიყვარული, ხოლო მზის სხივებში ღვთის სინათლე გამოიხატება
იეზიდი მორწმუნეები, ერაყის ქურთისტანში ქალაქ სინჯარში ლალეშის (ლალიში) სალოცავში იკრიბებიან, რომელიც მთავარი რელიგიური ცენტრია. მთელ მსოფლიოში, იეზიდები დღეში ორჯერ ლოცულობენ, გამთენიისას და მზის ჩასვლისას, კაცობრიობისა და მშვიდობისთვის
იეზიდი ვერ გახდება, სხვა რწმენის ადამიანი, ამ აღმსარებლობის მიმდევრად, იეზიდი მშობლების შვილები იბადებიან. იეზიდი ვერ გახდები, იეზიდად უნდა დაიბადო
საკუთარი რწმენისთვის ბრძოლა იეზიდებს საუკუნეების განმავლობაში უწევდათ, არაბების, თურქების, სპარსების მიერ თავსმოხვეულ გამუსულმანებას, ისინი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ. ქურთ იეზიდთა დიდმა ნაწილმა მაჰმადიანობა მიიღო, დანარჩენებმა კი წინაპართა ტრადიცია შეინარჩუნეს, რის გამოც მუდამ დევნიდნენ და ავიწროვებდნენ
ქართველებსა და ქურთ იეზიდებს შორის, ყოველთვის კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობა იყო, შესაბამისად, ქურთები წლების განმავლობაში საქართველოსკენ მოიწევდნენ... რელიგიური მრწამსის გამო, საქართველოში პრობლემები არასდროს შექმნიათ
ქურთ იეზიდებში არსებობს კასტობრივი სისტემა, იეზიდები იყოფიან შეიხებად, ფირებად, მრიდებად. თითოეულ კასტას თავის მოვალეობა აქვს, მათ შორის აუცილებელია თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირი. შეიხები არიან პირველი რანგის სასულიერო პირები, ისინი ფირებთან (მეორე რანგის სასულიერო პირები) ერთად იცავენ რელიგიურ ტრადიციებსა და მრწამსს. მრიდები არ არიან სასულიერო პირები, სწორად აქედან იღებს საფუძველს ტერმინი მრიდიც (mridi), რაც ძველ იეზიდთა დიალექტზე მოწაფეს ნიშნავს. ყოველ მრიდს ჰყავს თავისი შეიხი და ფირი, ამ სამი კასტის აღრევა და ქორწინება ყოვლად დაუშვებელია, შეიხმა შეიხთაენ უნდა შექმნას ოჯახი, ფირმა ფირთან, ხოლო მრიდმა მრიდთან
საქართველოში მცხოვრებ ქურთ იეზიდებს, სულ უფრო და უფრო უჭირთ წინაპართა მიერ დადგენილი წესის დაცვა, რომლის თანახმადაც, იეზიდს სხვა აღმსარებლობისა და შესაბამისად სხვა ეროვნების წარმომადგენელზე ქორწინება ეკრძალება, სამაგიეროდ, კასტებს შორის ქორწინების აკრძალვას დღემდე მკაცრად იცავენ
ქურთულში ორი ძირითადი დიალექტი არსებობს: კურმანჯი (ჩრდილოეთი) და სორანი (სამხრეთი). საქართველოში მცხოვრები ქურთები საუბრობენ ქურთული ენის ჩრდილო -დასავლურ დიალექტზე კურმანჯიზე, რომელიც ირანულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება
დღემდე არ არის საერთო აზრი იმის შესახებ, როგორ უნდა მოიხსენიონ საქართველოში მცხოვრები იეზიდური რელიგიის მიმდევარი ქურთები. საქართველოში მოღვაწე ქურთულ ორგანიზაციებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს შორის მიღწეულ იქნა გარკვეული კონსესუსი და არჩეულია შუალედური ტერმინი ქურთი - ეზიდი. (საკითხზე ერთიანი აზრის არარსებობას ადასტურებს საქართველოში მოღვაწე ქურთული ორგანიზაციების დასახელებებიც, რომლებიც შინაარსობრივად არაერთგვაროვანია საქართველოში მცხოვრები ქურთების სახელების მიმართ)
სხვადასხვა სახელმწიფოს, აგრეთვე მუსლიმი ქურთების რეპრესიულმა პოლიტიკამ, დევნილი იეზიდი ქურთების ეთნიკურად ქურთი ჯგუფისგან გაუცხოება გამოიწვია და მათ განსხვავებული ეთნიკური თვითშეგნება ჩამოუყალიბა, რაშიც გადამწყვეტი როლი იეზიდურმა რელიგიამ შეასრულა. შედეგად, იეზიდური აღმსარებლობის მიმდევარი ადამიანთა ჯგუფი, საკუთარ ეთნიკურობას, რელიგიური ფაქტორით განსაზღვრავდა. დროთა განმავლობაში, იეზიდი რელიგიური კუთვნილების გარდა, ეთნიკური ჯგუფისადმი კუთვნილების აღმნიშვნელი ტერმინიც გახდა
საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, თუ ის ქურთია, ის უნდა იყოს მეეზოვე ან მძიმე საქმის შემსრულებელი მუშაკი. რეალურად, როდესაც იეზიდები საქართველოში გადმოსახლდნენ, არ ფლობდნენ სახელმწიფო ენას და წილად ხვდათ მძიმე საქმე (ძირითადად კურტნის მუშები, მეეზოვეები იყვნენ). მოგვიანებით, ქურთი იეზიდები უფრო აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის მმართველობით პროცესებში, უამრავი იეზიდი გახდა წარმატებული ექიმი, იურისტი, მხატვარი, მომღერალი და სხვ. დღეს, საქართველოში მცხოვრებ ქართულის არმცოდნე ქურთ იეზიდს იშვიათად თუ შეხვდებით
იეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად, აიდა სარსალე ახალი წლის დღესასწაულია, რომელსაც ახალი წლის წმინდა ოთხშაბათის დღესასწაულსაც უწოდებენ. აიდა სარსალე აყვავებისა და ცხოვრების განახლების უძველესი ზეიმია. ახალი წლის დადგომასთან ერთად, ყოველი იეზიდური ოჯახი შვიდი ანგელოზიდან ერთ-ერთს თავის მფარველად აღიარებს, ოჯახის მფარველ ანგელოზს რიტუალურ ნამცხვარში - კლოჭში (კლოჩი) დამალული მძივი ან მონეტა განსაზღვრავს. მიუხედავად ტექნოლოგიური საშუალებების განვითარებისა, ოჯახები ტრადიციულ ქადას ისევ იმ მეთოდით ამზადებენ, როგორც მათი წინაპრები - თანამედროვე ტექნიკის გამოყენების გარეშე. სარიტუალო ნამცხვრის დაჭრის პროცესი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია, ქადაში მალავენ მძივს ან მონეტას და თითოეულ ნაჭერს ანგელოზებისა და ოჯახის წევრების სახელებს არქმევენ. თუ მძივი/მონეტა, რომელიმე ანგელოზის სახელის მქონე ნაჭერში აღმოჩნდა, ის მთელი წლის მანძილზე ამ ოჯახის მფარველი იქნება, თუ რომელიმე ოჯახის წევრის „ლუკმა“ გახდა, მთელი წელი განსაკუთრებული მზრუნველობით მოექცევიან და ყველა სურვილს შეუსრულებენ. დაუშვებელია მისთვის მძიმე სამუშაოს გაკეთებაც, ეს მისი წელიწადია
ქურთი იეზიდები, განსაკუთრებულ პატივს სცემენ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას, თემის წარმომადგენლები ძალებს არ იშურებენ სტუმარს ყველაფერი საუკეთესო დაახვედრონ. ხოდანი იგივე საწოლია, სადაც სტუმრისთვის რამდენიმე ლეიბი და საბანია მოთავსებული, ის ერთგვარად წმინდა ადგილიცაა, სადაც იეზიდები ლოცვას კითხულობენ
საინტერესო და შთამბეჭდავი სანახაობაა ქურთების ქორწილი, რომელიც სულ მცირე 3 დღიანია და ერთი კვირაც შესაძლოა გაგრძელდეს. ქორწილის მნიშვნელოვანი ნაწილია სტუმრების ქუჩაში გამოსვლა და ცეკვა. ტკბილეულით, ხილით და ფულით რთავენ ხის ტოტსაც (dara mraza), როგორც ბარაქის, კეთილდღეობისა და ბედნიერების სიმბოლოს. საზეიმო მსვლელობის პროცესში, ნეფე - პატარძალს დედამთილი ეგებება ტკბილეულით სავსე ლანგრით, რომელსაც წყვილს თავზე აყრის. ამის შემდეგ, სასიძო ადის სახლის მეორე სართულზე და იქიდან პატარძალს თავში სამ ვაშლს ესვრის. პირველი ვაშლი ნიშნავს უბიწოებას, მეორე ბედნიერებას, ხოლო მესამე გამრავლებას. სიძემ უნდა დაბერტყოს საზეიმოდ მორთული ხის ტოტიც
რელიგიის გარდა, იეზიდთა ეროვნული იდენტობის ნაწილია იეზიდური ნაციონალური ტანსაცმელი, რომლისთვისაც განსაკუთრებული ფერადოვნება და სიჭრელეა დამახასიათებელი. ისტორიულ პერიოდში, იეზიდი ქალების ჩაცმულობა შედგებოდა მრავალი კაბისგან, რომლის შიგნით განიერ შარვალს იცვამდნენ, გამორჩეული ატრიბუტია მონეტებითა და მძივებით გაწყობილი თავსაბურავიც იგივე ქოფი. (ქალი რაც უფრო შეძლებული ოჯახიდან იყო, მით უფრო მეტი მონეტა ჰქონდა თავსაბურავზე დამაგრებული). მამაკაცების ჩაცმულობა შედგებოდა შარვლისგან, რომელიც ძალიან განიერი უნდა ყოფილიყო, ღია ფერის პერანგისგან, ასევე მნიშვნელოვანი დეტალი იყო ჟილეტი - შექმნილი ირმის ან ძროხის ტყავისგან. მთლიანობაში, იეზიდთა ტრადიციული სამოსი ცისარტყელის შვიდ ფერს იმეორებს, რომელიც ქვეყნის მრავალფეროვნებასა და სხვადასხვა ეთნოსებს შორის მეგობრულ ურთიერთდამოკიდებულებას გამოხატავს.
1989 წლის 10 აპრილს საბჭოთა არმიამ, ქურთ მეეზოვეებს მოედნის დასუფთავება დაავალა, თუმცა არცერთმა ქურთმა დავალება არ შეასრულა.