დანკა დანკა..
დანკა და დანკა..
დღემდე ჩამესმის ჩვენი სახლის მარანში მოწყობილი კასრების სახელოსნოდან დიდი ჩაქუჩის ხმა, რომელიც სინამდვილეში ორმოცდახუთი წლის წინ შეწყდა. მაშინ, როცა გიორგი პაპა - იგივე ბონდერი გოგია გარდაიცვალა.
ბონდერი გოგია ღვინისთვის მუხის კასრებს ამზადებდა. პატარა, კოპწია რქაწითელის ვენახიც ჰქონდა და მზისფერი, ქარვისფერი, კამკამა ღვინით ავსებდა კასრებს.
ოთხი წლის ვიქნებოდი მაშინ. მეშინოდა იმ სახელოსნოში შესვლის. წინასწარ ვემზადებოდი მარანში შესასვლელად და გულიც ისეთივე ხმაზე მიცემდა, როგორსაც პაპაჩემის ჩაქუჩი გამოსცემდა. დანკა და დანკა. ათასნაირი სათლელი და საჭრეთელი ეკიდა კედლებზე. ჯადოსნურები, ხისები და თოკისები. ყველა თავ-თავის ადგილზე... ხის ანათალი ბურბუშელის სურნელით იყო გაჟღენთილი მარანი.
ერთხელაც ჩაქუჩის ხმა შეწყდა. მუხის კასრის, კამკამა რქაწითელის და აყვავებული ვენახის სურნელი გაუჩნდა ჩემს მოგონებებს - ბავშვობაზე და გიორგი პაპაზე.
მოგვიანებით, ბევრი წლის შემდეგ, ჩემს დებთან ერთად სიღნაღში სახლი ავაშენე. მამა ჯავრობდა მშენებლობა რომ წამოვიწყეთ. კაცები ხომ არ ხართ, ასეთ რთულ საქმეს რომ შეეჭიდეთო. მალევე სახლი სასტუმრო სახლად გადაიქცა, იქვე გაჩნდა პატარა კაფეც, რესტორანიც. სახელიც მოვუფიქრეთ „კანუდოსი“.
ნელ-ნელა ახმაურდა და აჟრიამულდა ჩვენი სასტუმრო სახლი და რესტორანი. შრომა ბევრი გვქონდა, მაგრამ სიხარული - უფრო მეტი. ჩვენივე მოგონილ ზღაპარში ამოვყავი თავი. მივხვდი, სხვაგან აღარსად აღარაფერი მესაქმებოდა. აქ იყო ჩემი საქმე და ჩემი ადგილი.რაღაც მაინც აკლდა ამ ჩვენს სახლს სიღნაღში. აკლდა მთავარი ამბავი. ხანდახან მექანიკური და უღიმღამო მეჩვენებოდა ჩემივე საუბრები სტუმრებთან.
ნელ-ნელა მივხვდი რა აკლდა. რა და ჩემი ბავშვობის სურნელი - კასრების სახელოსნო. იქვე მარანი ავაშენეთ, ქვევრები ჩავყარეთ და პაპაჩემის მუხის კასრები გადმოვიტანეთ. იარაღებიც იგივე თანმიმდევრობით დავკიდე კედლებზე, როგორც იქ იყო, პაპას მარანში.
ისევ აციმციმდა მზის სხივები რქაწითელში, რომელსაც ეხლა უკვე დიდი ხალისით და სიხარულით ვუზიარებ ჩვენთან მოსულ სტუმრებს.
მარანში ამბები სხვანაირად მოითხრობა, თითქოს ჩემს მოყოლილ ისტორიებს სხეული გაუჩნდა.
ფიშტი შენ მამა, - დასაწყისში კარგად რომ ვერ შეაფასე ჩვენი ძალა, იმიტომ. თუმცა ვიცი რომ შემდეგ ჩუმად, დინჯათ ამაყობდი ჩვენით.
ფიშტი შენ გიორგი პაპა, - ბავშვობაში შენი ჩაქუჩის ხმა რომ მაშინებდა, იმიტომ. ცოტაც და შენს სახელოსნოს დავუბრუნებ იმ ჯადოსნურ გულისცემას. დანკა დანკა. დანკა და დანკა.