მჯერა, ყველა ადამიანმა უნდა ისაუბროს თავის წილ შექმნილ ამბავზე, კომპანია „ხოხბის ცრემლები“ ერთი ადამიანის ნაფიქრი და ნაღვაწი არ არის, იგი ჩამოყალიბდა ბევრი ადამიანის ერთიანი ძალისხმევით, დიდი შრომის შედეგად. საერთოდაც, ვფიქრობ სხვას უფრო მეტად შეუძლია ობიექტურად და უკეთესად შეაფასოს თითოეული ჩვენთაგანის ნაშრომი.
თუკი დღეს საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს ვაკეთებ, ეს პირველ რიგში ჩვენი საოცარი წინაპრების დამსახურებაა, ვფიქრობ მათი შემართება ინერციით დღემდე მოგვყვება და გვიადვილებს სავალ გზას.
ჩემს თავს პირველრიგში სახალხო მომღერლად მოვიაზრებ - ვიძიებ, ახალ სიცოცხლესა და ენერგიას ვმატებ მივიწყებულ ხალხურ სიმღერებს. უდიდესი სურვილი მაქვს გამოვამზეურო და საზოგადოებას გავუზიარო ხალხური სიმღერები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერის ტრადიციებისა და ეროვნული მეხსიერების შენარჩუნების გზაზე.
„ხოხბის ცრემლების“ წარმატებისთვის თითოეულმა ჩვენთაგანმა რაღაც ძვირფასი და მნიშვნელოვანი გავიღეთ, ზოგმა ღვინის დაყენების ცოდნა, ზოგმა ენერგია და ძალისხმევა პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით. ზედაშემ, ასე ჰქვია ანსამბლს რომელსაც უკვე 25 წელია ვხელმძღვანელობ, ფაქტობრივად „ხოხბის ცრემლებს“ კულტურული კერის, კულტურული სივრცის სახე მისცა.
დაინტერესებული ვარ ტრადიციული კერძების მოძიებითაც, უდიდეს სიამოვნებას მგვრის უძველესი კერძების აღდგენა და პოპულარიზაცია.
უკვე 7 წელია ვხელმძღვანელობ „გიჟ ბროწეულს“, რომელიც მდებარეობს ხოხბის ცრემლების მარანში - ტიბაანში და დღემდე უამრავ სტუმარს აოცებს ქართული სუფრის ტრადიციითა და სამზარეულოს მარგალიტებით.
სირთულე ყოველთვის იყო, არის და იქნება ... ჩვენს ცხოვრებაში სირთულეები ხომ ერთგვარად განგრძობითია, რომელსაც ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენს ქვეყანაში ზოგჯერ იძულებული ხარ ველოსიპედი თავიდან გამოიგონო, მთავარი პრობლემა კი მაინც ბიუროკრატიული დაბრკოლებები და კადრების სიმწირეა.
რაც შეეხება წარმატებას ის ცალსახად დამოკიდებულია საქმისადმი უპირობო სიყვარულსა და თავდადებაზე.