ერთხელ პაპაჩემმა მითხრა: „ ვენახი არ მიატოვო, ის არასდროს გიმტყუნებს“, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი მეღვინეობა ჩემი ცხოვრების მთავარ საქმედ თუ იქცეოდა. როდესაც სიღნაღი ტურისტულად მიმზიდველი და საინტერესო ქალაქი გახდა, გადავწყვიტე ღვინო, რომელსაც წლების განმავლობაში მთელი რუდუნებითა და სიფრთხილით ვამზადებდი, აგრეთვე ტრადიციული კერძები და ნუგბარი სტუმრებისთვისაც შემეთავაზებინა.
შედეგმაც არ დააყოვნა, ტურისტების მხრიდან უამრავი დადებითი ემოცია და შეფასება მივიღეთ, მას მერე, წლებია წარმატებულად ვმასპინძლობთ მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. განსაკუთრებით მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ჩვენს სივრცეში ერთხელ მოსული ადამიანი ისევ უკან გვიბრუნდება.
ქართულ - ტრადიციულ რესტორანს შესაძლოა ყველგან შევხვდეთ, მაგრამ ქართულ-ტრადიციულ ოჯახურ, მყუდრო გარემოს მხოლოდ საქართველოში, ჩემს ქიზიყში, ერთ უბრალო ოჯახში. ჩემი მთავარი მიზანიც სწორად ეს არის - ყველაფერი ეროვნულის შენარჩუნება და სტუმრებისთვის გაზიარება.
ბუნებრივია, წლების განმავლობაში უამრავი გამოწვევის წინაშე დავდექი, როდესაც დიდ ჯგუფს ველოდებით მე და დედა ღამეებს ვათენებთ, დამხმარეც არ გვყავს, მხოლოდ ოჯახის წევრები ვინაწილებთ მთელ პასუხისმგებლობას. მთავარ პრობლემად რჩება ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგებაც, რომლისთვისაც ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ თანხების მობილიზება.
ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემი ოჯახის ერთიანობაა, დიდი შრომისმოყვარეობა და უბრალოება, რაც მთავარია პაპას სიტყვების ჯადოსნურობა და ყველაფერი ქართულის სიყვარული.