ქალები ტურიზმის სფეროSHE  - ანა კოკოლიშვილი

ქალები ტურიზმის სფეროSHE - ანა კოკოლიშვილი

Ana kokolishvili

28 წლის ვიყავი როცა მივხვდი, რაღაც სიახლე მჭირდებოდა - ჩემი ძალების სხვა სფეროში, სხვა საქმიანობაში მოსინჯვა და გამოცდა...
იმ პერიოდში ვხედავდი სიღნაღი დღითიდღე მოგზაურებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადგილი ხდებოდა, უამრავი ტურისტი ინტერესდებოდა ქართული ტრადიციული პროდუქციითა და სასმლით.
თავდაპირველად, ჩვენებურ ხილს, სასმელსა თუ ჩირეულს გავაჩუქებდი ხოლმე, დროთა განმავლობაში კი მივხვდი ეს საქმიანობა შესაძლებელი იყო საინტერესო ბიზნესად მექცია.
უფრო მოგვიანებით, საქმიანობა გავაგრძელე ყოფილი უნივერმაღის შენობაში. სპეციალურად მივდიოდი ბოდბისხევის ბაზარში ვყიდულობდი ლეღვის ჩირს, სახლში მომზადებულ ტყლაპებს.. საერთოდაც, ვცდილობდი აქტიურად მევლო სოფლის ბაზარში რათა რაც შეიძლება მაღალხარისხიანი და ნატურალური პროდუქცია შემეძინა.
ტურისტულ საქმიანობაში მიმავალი გზა არ ყოფილა მარტივი და ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი. უნივერმაღის შენობა, სადაც მე წლები ვიდექი და ვემსახურებოდი ტურისტებს, ფაქტობრივად ღია სივრცეს წარმოადგენდა - მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურითა და პირობებით. ზამთარში ყინვა და სიცივე მაწუხებდა, ზაფხულში გაუსაძლისი სიცხე.

სირთულეს წარმოადგენდა ისიც, რომ სწორად და რაციონალურად უნდა გადამენაწილებინა ყურადღება ოჯახის წევრებსა და საყვარელ საქმეზე. იმ დროისთვის სარისკო და პრობლემატური იყო ბანკთან ურთიერთობაც, გავრისკე და ბანკის დახმარებით სიღნაღში ვიყიდე სახლი, რადგან დავინახე რომ ჩემს გარშემო ტურისტებს უკვე სიღნაღში ღამე დარჩენის საჭიროებაც გაუჩნდათ.
წლების განმავლობაში, თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ დღესდღეობით სიღნაღის მახლობლად, სოფელ ნუკრიანში მაქვს საკუთარი მარანი, სადაც ტურისტებს ვთავაზობთ ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასებს, სადეგუსტაციო სივრცეს და სხვა ტურისტულ პროდუქტებს.
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, ტურისტს ვეღარ გააკვირვებ მდიდრული და ძვირფასი მომსახურებით, ჩემი გამოცდილებით, სტუმრისთვის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია ოჯახურ გარემოში, ნატურალური პროდუქციით მომზადებული კერძები. აღფრთოვანებას იწვევს არყის გამოხდის პროცესიც, რომელსაც პირადად ვხელმძღვანელობ ხოლმე. სტუმრები ყოველთვის მეკითხებიან როგორ ვახერხებ ვიყო ქალი, დედა და ამავდროულად საკმაოდ წარმატებულად ვხელმძღვანელობდე ტურისტულ ბიზნესს.
ვფიქრობ, ნებისმიერ სფეროში უნდა იყო მაქსიმალისტი და ღირსეული, მეც საქმეში ბოლომდე ვდებ ყველანაირ რესურსსა და ენერგიას, ფაქტობრივად, თითოეულ სტუმარს „სახლის კარამდე“ ვაცილებ ხოლმე.
ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემი ოჯახია, სწორად ჩემი შვილების კეთილდღეობაზე ფიქრმა გადამაწყვეტინა წავსულიყავი გარკვეულ რისკებზე და ძალები მომესინჯა ტურისტულ ბიზნესში. ალბათ ისიც უნდა ვთქვა, რომ ვერასდროს ვერავინ ხვდება როცა რაიმე პრობლემა მაქვს ან ცუდ განწყობაზე ვარ, ყოველთვის სარკეში ვიყურები და ხმამაღლა ვუმეორებ ჩემს თავს - მე ამას აუცილებლად შევძლებ, მე ეს საქმე აუცილებლად გამომივა. ჩემს მეგობრებს, შვილებს ყოველთვის ვეუბნები რომ არასდროს თქვან უარი საკუთარ მიზნებზე, არ გადადონ საქმე მეორე დღისთვის და იყვნენ თავდაჯერებულები, ოღონდაც თავდაჯერებულობასთან ერთად რეალისტებიც. 

Image