19 რამ, რაც უნდა ნახო სიღნაღში

19 რამ, რაც უნდა ნახო სიღნაღში

სიღნაღი ისტორიული ღირებულების მატარებელი ქალაქია, მისი უნიკალური გეოგრაფიული განლაგება, კონტრასტული ლანდშაფტი, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და ეთნოგრაფია ვიზიტორისათვის მეტად მნიშვნელოვანი  და მიმზიდველია.

1. ისტორიული ქალაქი

სიღნაღი საინტერესოა ქიზიყური აივნიანი სახლებითა და ძველი ისტორიული ქუჩებით, აქ შეხვდებით  მე-19, მე -20 საუკუნის საცხოვრებელ სახლებს რომელთა ნაწილს (უშუალოდ ქალაქ სიღნაღში 100 - მდე შენობა) მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ხედების თვალსაზრისით და ფოტო/ვიდეოგადაღებისთვის შთამბეჭდავია შემდეგი ადგილები: ბარათაშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა , გორგასლის ქუჩა,  ქეთევან წამებულის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა და სხვ.

2. სიყვარულის ქალაქი

სიღნაღი ასოცირდება სიყვარულთან, შესაბამისად მისი სავიზიტო ბარათია ქალაქის ცენტრში არსებული ქორწინების სახლი, დაინტერესებულ პირებს, მათ შორის საერთაშორისო ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ქორწინების სარიტუალო მომსახურება, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული იურიდიული დოკუმენტით დასტურდება.

 

3. ბოდბის მონასტერი

შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, სადაც განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმინდა ნინო. საკულტო ნაგებობებთან ერთად, სტუმრების ყურადღებას იქცევს მონასტრის ვარდების ბაღი და ეზოს ტერასული განაშენიანება, საიდანაც იშლება ალაზნის ველისა და კავკასიონის მთათა სისტემის არაჩვეულებრივი ხედი.

4. ისტორიული გალავანი

სიყვარულის ქალაქის სანახაობებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სიღნაღის  გალავანი რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. მას თითქმის 40 ჰექტარი ფართობი უჭირავს, კედლის სიგრძე კი 4 კმ-მდეა. სიღნაღის ციხესიმაგრის ისტორია დაკავშირებულია მეფე ერეკლე II - ის სახელთან, მეფემ მას მთავარი როლი დააკისრა ლეკების, ოსმალ- ყიზილბაშებისა და სხვა მტრებისაგან ქიზიყის დასაცავად. ისტორიულ გალავანზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც დაინტერესებულ სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს ციხესიმაგრეზე გადაადგილდნენ ფეხით, დატკბნენ ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ხედით.

5. ალაზნის ველი და 360° პანორამა

360 გრადუსიანი ქალაქის ხედით ტკბობა წმინდა სტეფანეს ეკლესიიდან შეგიძლიათ, შთამბეჭდავ პანორამასთან ერთად ტაძარიც ისტორიული შინაარსის მატარებელია, აღნიშნული საკულტო ნაგებობა ერეკლე II - ის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილი იყო.

 

6. ფიროსმანის ნახატები

აუცილებელ სანახაობათა ნუსხაში საპატიო ადგილს იკავებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც მსოფლიო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. დღესდღეობით სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში არის როგორც არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მუდმივმოქმედი დარბაზები, ასევე სახვითი ხელოვნების გალერეა. სახვითი ხელოვნების გალერეაში შედის ნიკო ფიროსმანის მუდმივმოქმედი დარბაზი, სადაც ავტორის 13 ორიგინალი ნამუშევარია წარმოდგენილი. მუზეუმში მოქმედებს საექსკურსიო სერვისიც, (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე, შესაძლოა ონლაინ ჯავშნის გაკეთებაც) ასევე შენობაში ფუნქციონირებს სუვენირების მაღაზია - წარმოდგენილი თემატური პროდუქციის საკმაოდ ფართო არჩევანით.

7. საქართველოს ბულბული

ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს სიღნაღის ცენტრში დაგხვდებათ ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მე-20 საუკუნის დასაწყისის ყველაზე უფრო სახალხო და ჭეშმარიტად სახელგანთქმული არტისტის ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი, სადაც დაცულია მომღერლის პირადი ნივთები მათ შორის: ნოტები, საგაზეთო მასალები, მუსიკალური ინსტრუმენტები, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, აფიშები და სხვ.

8. 21 საუკუნის მეაბრეშუმე 

დღეს საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგით სულ რამდენიმე ადამიანია დაკავებული, ერთ-ერთი ქიზიყელი ლამარა ბეჟაშვილია,  რომელსაც აბრეშუმის ფერმა სოფელ მაღაროში აქვს. ლამარამ მივიწყებული დარგის აღდგენა 21 საუკუნის დასაწყისში სიმბოლური, 21 ცალი აბრეშუმის ჭიით დაიწყო, დღეს კი მილიონობით აბრეშუმხვევიაზე ზრუნავს. „აბრეშუმხვევიას სახელოსნოში“ ქმნიან აბრეშუმის ნაწარმს მზა ტექსტილის სახით, კერძოდ: ბალიშებს, თავშლებს, მაისურებს, წინდებს და სხვ. ფერმაში მოყვანილი აბრეშუმი და საერთოდ, აბრეშუმის ჭიის სხვადასხვა კომპონენტი არის ანტიალერგიული, ანტირადიაციული ანტისეპტიკური და ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება. მეაბრეშუმეობასთან ერთად ფერმას, სამედიცინო ტურისტული ობიექტის დანიშნულებაც აქვს, ლამარა სტუმრებს 300 ზე მეტ მცენარეზე აწვდის ინფორმაციას მათი სამკურნალო თვისებებისა და უკუჩვენებების შესახებ. განსაკუთრებით უნდა აღინისშნოს ის ფაქტიც, რომ ადგილზე დაგხვდებათ უძველესი ქართული მონასტრული წესით აბრეშუმით დავარგებული ღვინო.

9. ნუკრიანის სახელოსნოები

 2007 წელს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ ინიციატივით, სოფელ ნუკრიანში შეიქმნა ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნოები, სადაც დაინტერესებულმა პირებმა შეისწავლეს ხალხური რეწვა, ქსოვა, თექის დამუშავება და სხვა ტრადიციული ხელობები. თავდაპირველად ეს იყო სოფლად მაცხოვრებელი ქალებისთვის შემოსავლის მომტანი საქმიანობების (ხელობის) სწავლება, წლების განმავლობაში 200 - ზე მეტმა ქალბატონმა შეისწავლა ხელობა და პრაქტიკულად, უმეტესი მათგანისთვის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა. დღეს სოციალური საწარმო "ნუკრიანის სახელოსნოები" აქტიურად არის ჩართული კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, სხვადასხვა თემატიკის ბაზრობებსა და გამოფენებში;  სახელოსნოებში მზადდება შემდეგი სახის პროდუქცია: თექის წინდები, ქამარი, ქუდები, ფეხსაცმელები, თეთრეული, ფარდაგები, ჩანთები, თოჯინები, და სხვ. 

10. კვადროციკლეტები

ტურისტულად საინტერესო ატრაქციას წარმოადგენს კვადროციკლეტების ტური, რა დროსაც სტუმარი ეცნობა როგორც ისტორიულ ქალაქს ასევე ნახევრადექსტრემალური ტურის გავლით - სიღნაღის მიმდებარე სანახაობებსა და საინტერესო ადგილებს.

Image

11. ექსტრემი სიღნაღში

ექსტრემალური გართობის მოყვარულებს სიღნაღში ზიპლაინი დაგხვდებათ, რომელიც სიღნაღის  შემოსასვლელიდან პირდაპირ ქალაქის ცენტრში წაგიყვანთ და  დადებითი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

 

12. პარაპლანი

ექსტრემალური გართობის მოყვარულებს, ქალაქ სიღნაღში კერძოდ სიღნაღის ისტორიული გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წნორის გზატკეცილიდან პარაპლანით ფრენას შესაძლებლობა გეძლევათ ..

Image

13.  ლოსთ რიჯ ინნ 

ქალაქში ერთ - ერთი დასამახსოვრებელი და მყუდრო ადგილია,  რომელიც სიღნაღის შესასვლელში ქედლის დასახლებაში მდებარეობს, ტურისტული კომპლექსი სტუმრებს სთავაზობს როგორც კვებისა და განთავსების მომსახურებას, აგრეთვე საცხენოსნო ტურს საქართველოს რეგიონების მასშტაბით. რანჩო განსხვავებული და საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ადგილზე აწარმოებენ 30 სახეობის ლუდს.

14. მექსიკური გემოები

თუ თქვენი ინტერესის სფერო განსაკუთრებული და უცხო კერძის დაგემოვნებაა თამარ მეფის ქუჩას უნდა გაუყვეთ,  სადაც რესტორან პანჩოვილას მექსიკური კერძების გემოებს ეზიარებით.

15. ცოცხალი მუსიკა

ცოცხალი მუსიკის საღამოები - თუ ღამის ცხოვრების მოყვარული ხართ სიღნაღში ჩამოსვლისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ კაფე - ჭიკჭიკს, რომელიც ძირძველ და ისტორიულ ადგილას ე.წ. „ბებრების ბაღში“ ფუნქციონირებს, გემრიელ სამზარეულოსთან ერთად ადგილზე ცოცხალი მუსიკაც დაგხვდებათ - მუსიკალური ბენდის და ელექტრონული მუსიკის თანხლებით.

16. ფერმიდან  სუფრამდე

დასამახსოვრებელი გასტრონომიული თავგადასავალისთვის,  სიღნაღიდან 7 კმ-ში სოფელ ვაქირში „კახურ სახლ ვაქირელებს“ უნდა ესტუმროთ, აქ განსაკუთრებით შეიგრძნობა ავთენტური მყუდრო გარემო, სახლური გემოები და სტუმართ-მანსპინძლობის უწყვეტი ტრადიცია. ოჯახის დიასახლისი ტრადიციულ სუფრას ამზადებს  ბიო ფერმიდან მოკრეფილი ჯანსაღი აგროპროდუქციით,  კულინარიულ გემოებს კი უფრო სასიამოვნოს და დახვეწილს ხდის საოჯახო მარანში დაწურული სამი სახეობის ორგანული ღვინო.   მარანში წარმოდგენილია  ქართული ნუგბარის სხვადასხვა ნაირსახეობებიც: ტყლაპი, ქართული საწებელი, კაკლის მურაბა, ლეღვის მურაბა, ჯონჯოლი და სხვ.
როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ ადგილზე გაეცნონ ქართულ ფოლკლორსა და შემოქმდებით პროგრამას, მონაწილეობა მიიღონ ყურძნის რთველში - ალაზნის ველის ვენახებში, მასპინძლებთან ერთად მოკრიფონ „ნიკო და კატოს ბაღიდან“  იშვიათი ჯიშის ბალი „ხარისგულა“ .
ტურისტულ ობიექტს ტრადიციული სუფრების გასამართად აქვს შემდეგი სივრცეები: თბილ დღეებში - აივანი, ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ხედით, ხოლო ზამთრის სეზონზე  ბიბლიოთეკისა და ბუხრის ოთახის სივრცეები .

17.   8000 წლიანი ტრადიცია

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობაა, რომელიც ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ვაზს ოდითგანვე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის, ის სიცოცხლის ნაყოფიერების სიმბოლოა. ჩვენს ქვეყანას ღვინის კულტურასთან  რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს. აღსანიშნავია ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამდენად, თუ გადაწყვეტთ ესტუმროთ ღვინის რეგიონს აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ კახური ღვინო სიღნაღის მარნებში,  სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქვევრში დავარგებული ღვინო,  განსაკუთრებით:  საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და სხვ.  

18. ძველი ქიზიყური სამზარეულო

ძველი ქიზიყური სამზარეულო - ქალაქიდან წამოსვლისას აუცილებლად უნდა შეიაროთ სოფელ ნუკრიანის ცენტრალურ გზაზე (თბილისისკენ მიმავალი გზა) მდებარე რესტორან „დერგში“, სადაც დაგხვდებათ ნამდვილი კახური, უმეტესად ქიზიყური კერძები ავთენტური სახით შემორჩენილი, აგრეთვე დადებით ემოციებით აგავსებთ რესტორნის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი არქიტექტურა, რომელსაც ანალოგი არ აქვს მთლიანად მუნიციპალიტეტში.



19.   გლემპინგი სიღნაღიში

დაუვიწყარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ სიღნაღი - წნორის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე Signagi Glamping. წარმოიდგინეთ,  ღამეს ატარებთ პირდაპირ სიღნაღის ფერდობზე შეკიდულ ორიგინალური დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სასტუმროში, საიდანაც ფაქტობრივად იშლება ყველაზე დიდი პანორამული ხედი - ალაზნის ველისა და კავკასიონის მთათა სისტემის. კომფორტული, (გლემფინგ კოტეჯები აღჭურვილია დასვენებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინვენტარით)  მყუდრო და მაღალი დონის სასტუმრო სერვისთან ერთად, ტურისტული ობიექტი გთავაზობთ სარესტორნო სივრცესაც, სადაც კვების მომსახურების მიღებასაც შეგიძლიათ.

მაიკო ჩერქეზიშვილიბლოგის ავტორი
© ყველა უფლება დაცულია