დედის დღე — დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავებულია მისი აღნიშვნის თარიღებიც. უმეტეს ქვეყნებში აღნიშვნა მარტში და მაისში ხდება.
„დედის დღეს“ ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად — ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.
საქართველოში დედებს დიდ პატივს სცემენ. დედის კულტი ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ამის ნათელი მაგალითია ქართული სიტყვები „დედამიწა“ „დედაბოძი“ და ა. შ.
საქართველოში „დედის დღე“ საოჯახო დღესასწაულია. მისი მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი.
დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე — 8 მარტი, რომელიც ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა. საქართველოს პარლამენტმა 1993 წელს მიიღო დადგენილება „დედის დღის“ დაწესების შესახებ.
თუმცა შემდეგში, საქართველოს პარლამენტმა, 8 მარტის დღესასწაული ისევ აღადგინა. ამრიგად, ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ — 3 და 8 მარტი. ამასთან, ოფიციალურად ორივე უქმე დღედ არის გამოცხადებული.
დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.