სიღნაღის ბულვარი

Sighnaghi__Boulevard_2.webp

XIX საუკუნის II ნახევრიდან სიღნაღში მოწყობილი ევროპული ტიპის ბულვარი ქალაქის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ გულად იქცა, სადაც რეგულარულად ეწყობოდა საღამოს სეირნობები, გაზაფხულისა და ყვავილების ზეიმები, საქველმოქმედო ლატარიები თუ ლიტერატურული შეხვედრები. ბულვარის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ევროპული რესტორანი (დღევანდელი „კაბადონის“ ადგილზე), პირველი წიგნის მაღაზია „ცოდნის წყარო“, ხოლო მოგვიანებით იქვე მოეწყო წნორთან დამაკავშირებელი საბაგიროც. ამავე სივრცეს ამშვენებდა ისტორიული სასულიერო ნაგებობებიც: ბულვარის დასაწყისში 1782 წელს ამქრებისა და ვაჭრების შემოწირულობით აგებული სურბ-კარაპეტის ეკლესია იდგა, ხოლო მის ბოლოში, ბრიტანულ ბაღში - მთავარანგელოზის სახელობის მაღალი, გუმბათიანი მართლმადიდებლური ტაძარი.

დღეს სიღნაღის ბულვარსა და მის მიმდებარე პარკში ერთმანეთს ერწყმის კულტურული მეხსიერება და თანამედროვე საქალაქო ცხოვრება. ამ მწვანე სივრცეში აღმართულია დიდი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, სოლომონ დოდაშვილის, გამოჩენილი კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის, ასევე შალვა მჭედლიშვილისა და გენიალური მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ბიუსტები. იქვე მოწყობილია საბავშვო სკვერიც, სადაც ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები ოჯახთან ერთად ისვენებენ.

ამავე სივრცეში გვერდიგვერდ მდებარეობს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული მემორიალური კომპლექსი:

  • მეორე მსოფლიო ომის მემორიალი: წარმოადგენს ვრცელ რელიეფურ კედელს, რომელზეც ამოკვეთილია ომში დაღუპულ სიღნაღის რაიონის სოფლების მცხოვრებთა გვარები და ინიციალები. კედელზე ასევე გამოსახულია მებრძოლთა და ქალაქის არქიტექტურის რელიეფური ფრაგმენტები.
  • 9 აპრილის მემორიალი: კედლის წინ განთავსებული დაუმუშავებელი ლოდი ეძღვნება 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას.
  • სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომების მემორიალი: რკინის თაღოვან კონსტრუქციაზე განთავსებულია მარმარილოს ფილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ადგილობრივი მებრძოლების სახელებითა და გვარებით. ფილების ბოლოში ასევე განთავსებულია სანთლების დასანთები რკინის სადგამი.
  • 2008 წლის 8 აგვისტოს ომის მემორიალი: კომპლექსს ასევე ემატება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სიღნაღელი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების პატივსაცემად აღმართული მემორიალური დაფა, რომელიც აღნიშნავს სამშობლოსათვის გაღებულ თანამედროვე მსხვერპლს. ამავე ომთან დაკავშირებით იქვე დგას გოგა აბრამიშვილის ბიუსტი.